საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შესახებ
მიღების თარიღი 21.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000634 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.01.1994 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №44
1994 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თანდართული დებულება და ცენტრალური აპარატის სტრუქტურა.
2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის აპარატის რიცხოვნობა 65 საშტატო ერთეულით, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ქალაქ თბილისში რწმუნებულები 5-5 საშტატო ერთეულით, ხოლო სხვა ქალაქებსა და რაიონებში 2-2 საშტატო ერთეულით.
3. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს იყოლიოს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი.
კოლეგიის შემადგენლობა განისაზღვროს 11 კაცით.
4. საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ადგილობრივი ორგანოების შენახვა განხორციელდეს შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯზე.
5. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესანახი ხარჯების ზღვრული ოდენობა.
6. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული დეპარტამენტი მთავრობისა და საქალაქო ტელეფონებით.
7. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა გადაწყვიტოს საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შესაფერის შენობაში განთავსების საკითხი.
8. საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მუშაკების შრომის ანაზღაურების პირობებში განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის № 610 დადგენილების საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის მოადგილე ზ. კერვალიშვილი
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი შექმნილია „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 7 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად.
1.2. საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი (შემდგომში „დეპარტამენტი“) არის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანო, რომელიც ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ახალგაზრდობის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანდაცვისა და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სფეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით.
1.3. დეპარტამენტი სტრუქტურულად ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
1.4. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით და უზრუნველყოფს მის შესრულებას თავის კომპეტენციის ფარგლებში.
1.5. დეპარტამენტი არის იურიდიული პირი. აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მიმდინარე, სავალუტო და სხვა ანგარიშები, მრგვალი ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და დეპარტმენტის სახელწოდების აღნიშვნით.
1.6. დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად საქართველოს რეგიონებში იქმნება მისდამი დაქვემდებარებული წარმომადგენლობანი ყოველ რაიონში ორი კაცის ოდენობით.
1.7. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური რგოლების შენახვა ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯზე.
1.8. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურას და მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
1.9. დეპარტამენტს არ შეიძლება ჰქონდეს სამეურნეო ფუნქცია.
2. დეპარტამენტის ამოცანები და ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
2.1. საქართველოს ახალგაზრდულ პოლიტიკურ და პროფესიულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა. მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა სახელმწიფოს სტრუქტურებში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ქვეყნის კანონმდებლობას.
2.2. ეკოლოგიის, ეკონომიკის, ბიზნესისა და სხვა დარგების სახელმწიფო პროგრამების შექმნაში მონაწილეობა ახალგაზრდობის პრობლემატიკის ასახვისა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით.
2.3. საქართველოს ახალგაზრდობის სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, სოციალური დაცვა, ახალგაზრდა ინალიდების, ობოლ ბავშვთა და სხვა სოციალური პრობლემების შესწავლა და სახელმწიფოებრივი პროგრამების მომზადება, რომლებიც წარდგენილი იქნება ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში.
2.4. ნარკომანია - დამნაშავეობის საკითხთა გადაწყვეტისათვის პროგრამული ბაზის მომზადება მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით.
2.5. სახელმწიფო პროგრამების მომზადება ომის ახალგაზრდა ვეტერანთა, მებრძოლთა პრობლემების შესახებ შემდგომში მათი აღმასრულებელ ორგანოოებში წარსადგენად.
2.6. უცხო სახელმწიფოების ორგანოებთან, არასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო, პოლიტიკური თუ პროფესიულ-საზოგადოებრივ-ახალგაზრდულ ორგაოებთან, აგრეთვე ცალკეულ უცხოელ მოქალაქეებთან კავშირის დამყარება, ურთიერთობა და თანამშრომლობა.
2.7. ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერებთან, სამედიცინო დარგში მომუშავე ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერ-ტექნიკურ პერსონალთან, ინჟინრებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობა და პრობლემების შესწავლა როგორც პროფესიულ, ისე ყოფითი სოციალური კუთხით.
2.8. სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფოებრივი პროგრამების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სახელწმიფო სტრუქტურებში.
2.9. საზღვარგარეთის უმაღლეს სკოლებში საქართველოს ახალგაზრდობის განათლების მისაღებად წირგზავნის პროგრამების შემუშავება და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მათი განხორციელება.
2.10. კულტურის დარგის ახალგაზრდა მოღვაწეებიდან, ნიჭიერ შემოქმედებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა და სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა.
2.11. საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა.
2.12. ახალგაზრდა სპორტსმენებთან, სპორტულ კოლექტივებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების შესწავლა და მათი პროფესიული თუ ყოფითი სოციალური ინტერესების დაცვა სახელმწიფოებრივ დონეზე.
3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტს მის წინაშე დასმული ამოცანების გადასაწყვეტად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად უფლება აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
3.1. საქართველოს ახალგაზრდობისა და რიგ შემთხვევებში ბავშვების პრობლემების განხილვა და გადაწყვეტა დადგენილი წესით, მათი უფლებების დაცვა.
3.2. წარადგინოს განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული პროგრამები, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები.
3.3. აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, იკისროს მოსარჩელისა და მოპასუხის მოვალეობა სასამართლოში.
4. დეპარტამენტის მართვა
4.1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით.
4.1.1. დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხს აგებს დეპარტამენტის საქმიანობაზე, ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს, განყოფილებათა ხელმძღვანელებსა და პასუხისმგებელ პირებს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს, წყვეტს უშტატო ექსპერტების დროებით მ ოწვევის საკითხებს, წარმოადგენს დეპარტამენტს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ და არასახელწმიფოებრივ სტრუქტურებში, ისე ქვეყნის გარეთაც. ადგენს დეპარტამენტის შინაგანაწესს, წარუდგენს დასამტკიცებლად ზემდგომ ორგანოებს დეპარტამენტის საშტატო განტრიგს და შედის შესაბამის ორგანოებში დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ინიციატივით.
4.2. დეპარტამენტში იქმნება კოლეგია. მისი წევრები დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილეებთან ერთად შეიძლება იყვნენ როგორც დეპარტამენტის სხვა პასუხისმგებელი მუშაკები, ისე მოწვეული პირები, რომელთა მონაწილეობა დეპარტამენტის საქმიანობაში აუცილებელია. კოლეგიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
4.3. დეპარტამენტის თავმჯომარეს ჰყავს ორი მოადგილე (მათ შორის ერთი პირველი), რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან თანამდებობიდან „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
4.4. ფუნქციებს მოადგილეებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4.5. კოლეგია თავის სხდომაზე იხილავს დეპარტამენტის განყოფილებების საქმიანობის კარფინალურ პრობლემებს.
4.6. თავმჯდომარისა და კოლეგიის წევრთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თავმჯდომარე ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას. თავის მხრივ კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ საკუთარი აზრი აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
4.7. დეპარტამენტის თავმჯდომარის არუოფნის შემთხვევაში დეპარტამემტის საქმიანობას წარმართავს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დატოვებული მოადგილე.
5. ადგილობრივი რწუმენულების ინსტიტუტი
5.1. დეპარტამენტის საქმიანობის გაშლისა და სახელმწიფოს მასშტაბით ფუნქციონირების მიზნით დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიშნავს ორ-ორ რწმუნებულს ყოვ. რაიონში, მათ შორის ერთ მთავარ რწმუნებულს.
5.2. დეპარტამენტის რაიონული რწმუნებული არის და დეპარტამენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კონკრეტულ რაიონში, რომელიც უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვას ადგილზე და პასუხისმგებელია დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატთან და დეპარტამენტის თავმჯდოამრესთან.
5.3. დეპარტამენტის რაიონული რწმუნებული არის რაიონული მთავარი რწმუნებულის დაქვემდებარებული პირი და მის კანდიდატურას დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დასამტკიცებლად წარმოადგენს მთავარი რწმუნებული.
5.4. დეპარტამენტის რაიონული რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მისი თავმჯდომარის მითითებები და დავალებები, წარადგინოს და დაიცვას ისინი ადგილობრივ (რაიონულ) ხელმძღვანელობასთან, დროულად აცნობოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას რაიონში მიმდინარე პროცესებზე, რაც დეპარტამენტის საქმიანობისა და კომპეტენციის სფეროა.
6. ურთიერთობა სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან
6.1. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით მუდმივად თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა რგოლთან.
6.2. დეპარტამენტის განყოფილებები თანამშრომლობენ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, მათთან ერთად კოორდინაციაში განიხილავენ და ამუშავებენ პროგრამებს, რომლებიც ეხება ახალგაზრდობის პრობლემებს.
6.3. დეპარტამენტი როგორც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანო პასუხისმგებელია მასზე დაკისრებულ საქმიანობაზე.
7. რეორგანიზაცია და გაუქმება
7.1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სტრუქტურა
ხელმძღვანელობა;
რეგიონული მართვის განყოფილება;
ფუნქციონალური უზრუნველყოფის განყოფილება;
საგარეო ურთიერთობების განყოფილება;
საინფორმაციო განყოფილება;
სოციალური კვლევის განყოფილება;
საშინაო პრობლემების განყოფილება;
ეკონომიკისა და ბიზნესის განყოფილება;
სოციალურ საკითხთა განყოფილება;
მეცნიერებისა და განათლების განყოფილება;
კულტურისა და მასობრივ ღონისძიებათა განყოფილება;
სპორტის, ტურიზმისა და სახალხო დიპლომატიის განყოფილება.