მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გაშვების შესახებ

მიღების თარიღი 16.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №363
სარეგისტრაციო კოდი 220010040.08(0).020.000073 21
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8-11, 29/09/1995
604 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გაშვების შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება №363 1995 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გაშვების შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში საანგარიშსწორებო-საგადამხდელო საქმის მოწესრიგების და ამ სფეროში სახელმწიფო წესრიგის დამყარების მიზნით: 1. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიერი, საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდეს და მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს ახალი ეროვნული ვალუტა „ლარი“, რომელიც იყოფა ას თეთრად. 2. ლარის კუპონზე გადაცვლა განხორციელდეს მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე. აღნიშნულ პერიოდში საბანკო დაწესებულებებში შეწყდეს იურიდიული და ფიზიკურ პირთა ანგარიშებიდან არსებული ყველა სახის ფულადი ნიშნების გაცემა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები – გარდა ფულის ნიშნების გადაცვლასთან დაკავშირებული ოპერაციებისა. 3. 2 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკის კუპონი ლართან ერთად ინარჩუნებს კანონიერ საგადამხდელო საშუალების ფუნქციას. მ/წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ლარის, როგორც საგადამხდელო საშუალებად მიღების უფლება (დადგენილი კურსის გათვალისწინებით) აქვთ რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სავაჭრო, სატრანსპორტო და სხვა ორგანიზაციებს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საბანკო დაწესებულება ვალდებულია დადგენილი წესების შესაბამისად თავის მომსახურებაში მყოფი საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან გადაცვლის პერიოდში შეუფერხებლად მიიღოს ახალი ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნები და მონეტები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით მათ ანგარიშებზე ჩარიცხვის პირობით. 4. კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვროს შეფარდებით 1 000 000 (ერთი მილიონი) კუპონი: 1 (ერთ) ლართან. 5. მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ყველა ფიზიკურ (როგორც რეზიდენტს, ისე არარეზიდენტს) და იურიდიულ პირებს ეძლევათ გარანტია თანხის შეუზღუდავად მოახდინონ მათ ხელზე არსებული კუპონების ახალ ეროვნულ ვალუტაზე - ლარზე გადაცვლა. 6. მოსახლეობის ხელზე არსებული კუპონების ლარზე გადაცვლის ღონისძიება განხორციელდეს გაერთიანებული ქართული ბანაკის ფილიალების მეშვეობით, ხოლო იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ ფუნქციონირებს აღნიშნული ბანკის ფილიალები, გადაცვლა მოხდეს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული დროებით გადამცვლელი პუნქტებში. საავადმყოფოებში, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სამხედრო შენაერთებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მყოფი პირების ხელზე არსებული კუპონების ლარზე გადაცვლა მოხდეს აღნიშნული ობიექტების მიერ სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი კომისიების მეშვეობით. მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში გაერთიანებული ქართული ბანკი ვალდებულია მოსახლეობის კუთვნილი კუპონები მიიღოს ანაბრებზე მათზე 2 ოქტომბრიდან ახალი ფულადი ნიშნების პირველ მოთხოვნისთანავე გაცემის ან ვადიან ანაბარზე დატოვების პირობით. 7. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული პირების სალაროებში რიცხული კუპონების ნაშთების ლარზე შეცვლა განხორციელდეს მომსახურე ბანკის მეშვეობით. 8. გადაცვლისათვის დადგენილ პერიოდში რესპუბლიკაში არმყოფი პირებისათვის, რომელთაც ხელზე აქვთ კუპონების გარკვეული თანხა, სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში გადაცვლის ვადა გაგრძელდეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე. სხვა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გადაცვლის ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და წყვეტს ეროვნული ვალუტის შემოღების სახელმწიფო კომისია. 9. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა: ა) თავისი დადგენილებით განსაზღვროს მიმოქცევაში გასაშვები ეროვნული ვალუტის „ლარის“ კუპიურული შემადგენლობა, არსებული წესის თანახმად, მოსახლეობამდე დაიყვანოს მათი აღწერილობა და დამცავი მექანიზმის ნიშნები; ბ) საბანკო დაწესებულებებისა და სპეციალური გადამცვლელი პუნქტებისათვის შეიმუშაოს და ადგილამდე დაიყვანოს კუპონის ლარზე შეცვლის წესები; გ) ახალი ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით შეიმუშაოს და პარლამენტში განსახილველად წარადგინოს დადგენილების პროექტი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. 10. კუპონები ლარზე გადაცვლის პროცესს წარმართავს ეროვნული ბანკი, მისი მოთხოვნები აღნიშნული ღონისძიების განხორციელების საქმეში ექვემდებარება უპირობო შესრულებას. 11. 2 ოქტომბრიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია საქონელსა და მომსახურებაზე ფასების გადაანგარიშება, გამოცხადება და ანგარიშსწორება მოახდინოს მხოლოდ ახალ ეროვნულ ვალუტაში „ლარში“. 12. 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე აიკრძალოს საბანკო დაწესებულებებში ყოველგვარი შემოწმებების ჩატარება (გარდა უწყებრივისა). 25 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ანგარიშსწორების შეფერხების, ანგარიშგებათა დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში გათავისუფლდნენ ისინი გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებისაგან. 13. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ეროვნულ ბანკთან ერთად სამი დღის ვადაში შეიმუშაონ და ადგილებამდე დაიყვანონ რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული და ფიზიკური პირების კუპონებში რიცხული აქტივებისა და პასივების დამრგვალებისა და ლარის კურსთან შესაბამისობაში მოყვანის წესები. 14. მიმოქცევაში ლარის შემოღებასთან დაკავშირებით გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 სექტემბრის № 720 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში კუპონის კურსის განმტკიცებისათვის დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ და აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიები. 15. საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ლარის გაშვების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ღონისძიებებისა და პროცესების გაშუქებას. 16. ყველა წინანდელი ნორმატიული აქტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ ბრძანებულებასთან ჩაითვალოს ძალადაკარგულად. ე. შევარდნაძე