აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/357
2025 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
გამოარკვია:
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 2023-2024 წლებში რეკორდულ რაოდენობას მიაღწია და შემდგომი წლების განმავლობაში პროგნოზირებულია არსებული მონაცემების არსებითად გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში იყოს მგზავრთნაკადის ცვლილებასთან. აეროპორტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2022 წელს, თუმცა, პერიოდულად შეინიშნება პრობლემები, მათ შორის, წყალანარინების სისტემასთან დაკავშირებითაც, რაც ხელს უშლის ფრენების შესრულებას. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის და აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის 4 სექტემბერს გამოიცა საქართველოს მთავრობის №1595 განკარგულება. ამასთან, მნიშვნელოვანია, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის მაქსიმალურად მალე დაწყებას.
გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველი მოცემულობისგან განსხვავებით სამუშაო პროცესში შეიცვალა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძი განისაზღვრა ძველი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძიდან სამხრეთით, რამაც გამოიწვია სამიმოსვლო ბილიკების დაგრძელება და ასევე, დამატებითი ახალი სამიმოსვლო ბილიკების დაპროექტების აუცილებლობა. ადგილმდებარეობის ცვლილება გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა, როგორიცაა ძველი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამიმოსვლო ბილიკად გადაკეთება, რაც უზრუნველყოფს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობის ზრდას. ასევე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ზრდა გამოიწვია სანავიგაციო საშუალებების მოწყობამ, კერძოდ, ინსტრუმენტალური დაფრენისთვის საჭირო აღჭურვილობებმა. პროექტის თანახმად, შეიცვალა ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ფიზიკური მახასიათებლები. კერძოდ, აეროდრომის D კოდით აღნიშვნის ნაცვლად, ახალი საექსპლუატაციო ნორმა ითვალისწინებს F კოდით აღნიშვნას. საჰაერო ხომალდების სადგომებთან მიმართებაში მანძილის ზრდამ გამოიწვია შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავების მოედნების მშენებლობის აუცილებლობა. საპროექტო დოკუმენტაცია აგრეთვე მოიცავს საჰაერო ხომალდებისა და ვერტფრენებისათვის განკუთვნილი ახალი სადგომების მოწყობას. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ზრდა და გაიზარდა ტერიტორია.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის №1331 განკარგულების თანახმად უნდა განხორციელდეს 2024-2027 წლებში.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, იდენტიფიცირდა საპროექტო არეალში მოქცეული კერძო საკუთრებები, რომელთა გამოსყიდვის მიზნით დაიწყო შესაბამისი პროცედურები. ამასთან, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საპროექტო არეალში მოქცეული შპს „ალმის“ (ს.კ. 201949106) საკუთრებაში არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე 300000 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის ნაკვეთის (ს/კ №29.11.35.214) ნაწილის 58 551 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე 300000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისს ნაკვეთის (ს.კ №29.11.35.214) მესაკუთრეა შპს „ალმი.“
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „ალმის“ საკუთრებაში არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე 300000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №29.11.35.214) ნაწილი – 58 551 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისთვის ან/და მისი გაფართოებისთვის.
ვინაიდან შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 26 სექტემბრის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შპს „ალმის“ საკუთრებაში არსებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე 300000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №29.11.35.214) ნაწილზე – 58 551 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი