ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულ ლტოლვილთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ

მიღების თარიღი 09.01.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000873 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1995
224 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულ ლტოლვილთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №5 1995 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულ ლტოლვილთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ აფხაზ სეპარატისტებს აყოლილ ჩეჩენ „ბოევიკთა“ ჯგუფების მოქმედება, რომელმაც შეიწირა საქართველოში უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, არ გამოხატავდა ჩვენი მეზობელი ჩეჩენი ხალხის ჭეშმარიტ აზრსა და მისწრაფებებს. დღეს, როდესაც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იღვრება სისხლი და მრავალი ადამიანი, მათ შორის მოხუცები, ბავშვები, ქალები და ინვალიდები ტოვებენ მშობლიურ კერას, რამდენიმე ასეული ლტოლვილი თანადგომის იმედით შემოსულია საქართველოს ტერიტორიაზე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტმა (ვ. ვაშაკიძე): - დაუყოვნებლივ დააზუსტოს ლტოლვილთა რაოდენობა, მათი ოჯახების დემოგრაფიული შემადგენლობა და განთავსების ადგილები; - განახორციელოს ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა მიღების, დროებით დაბინავების, კვებისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა ის ღონისძიებანი, რომლებიც მიღებულ იქნა აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ. 2. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში (ლ. თედიაშვილი) და ამ რეგიონის გამგებლებმა: - დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება ჩეჩნეთიდან გადმოსულ ლტოლვილებს რაიონის ტერიტორიაზე გადაადგილებასა და დროებით დაბინავებაში, უზრუნველყონ ისინი კვების პროდუქტებითა და აუცილებელი მოხმარების საგნებით; - დაუყოვნებლივ გამოავლინონ და დააყენონ დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების, საჭირო შემთხვევაში კი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე ყველა ის საკითხი, რომელთა გადაწყვეტა საჭიროა ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა მიღება-დაბინავების საქმეში. 3. კონტროლი ამ დადგენილების შესრულებისადმი განახორციელოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელმა ვ. ასათიანმა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                    ო. ფაცაცია