ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რომანჩენკო და ხარაზიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე
სექციის გადაწყვეტილება
მუხლი 8 • პირადი ცხოვრება • მიმოწერა • კომპანიის ადვოკატისა და მისი ქმრის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა სისხლის სამართლის საქმისწარმოების ფარგლებში • ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურა არ იძლეოდა ეფექტურ გარანტიას, რომ ფარული თვალყურის დევნება ნამდვილად საჭირო და პროპორციული იყო თითოეულ მომჩივანთან მიმართებით • სადავო ფარული მოქმედებების ნებართვასთან დაკავშირებულ სასამართლოს განჩინებაში შესაბამისი და საკმარისი მიზეზების, ასევე, პირველი მომჩივნის, როგორც პრაქტიკოსი ადვოკატის სტატუსის გაუთვალისწინებლობა • ეროვნული კანონმდებლობა, როგორც ეს იყო განმარტებული და მისადაგებული ეროვნული სასამართლოების მიერ, არ იყო სათანადოდ ცხადი საჯარო ხელისუფლების ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლებისა და ფორმის კუთხით
მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის არ არის სავალდებულო.
სტრასბურგი
2025 წლის 18 თებერვალი
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.
საქმეზე „რომანჩენკო და ხარაზიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
ჟულიენ შუკკინგ, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
ფარის ვეჰაბოვიჩ,
ტიმ ეიკ,
ლორენ შემბრი ორლანდ,
ანნე ლუიზ ბორმან,
ანდრე იაკაბ, მოსამართლეები,
და სიმეონ პეტროვსკი, განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა:
საჩივრები (№№ 33067/22 და 37832/22) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის 29 ივნისსა და 26 ივლისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შეიტანა საქართველოს ორმა მოქალაქემ, ქ.ნ-მა ანა რომანჩენკომ („პირველი მომჩივანი“) და ბ.ნ-მა ნიკა ხარაზიშვილმა („მეორე მომჩივანი“);
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში „მთავრობა“) შეტყობინების შესახებ კონვენციის მე-6 (პირველი მომჩივანი) და მე-8 (ორივე მომჩივანი) მუხლების ფარგლებში საჩივრების თაობაზე, რომლებიც ეხებოდა მათი სატელეფონო საუბრების სავარაუდო უკანონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას, და საჩივრების დანარჩენი ნაწილის მიუღებლად ცნობის თაობაზე;
მხარეთა მოსაზრებები;
2025 წლის 28 იანვრის დახურულ თათბირზე,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
1 . საჩივარი ეხება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში მომჩივნების სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. მომჩივნები დაობდნენ კონვენციის მე-6 (პირველი მომჩივანი) და მე-8 მუხლის (ორივე მომჩივანი) ფარგლებში.
ფაქტობრივი გარემოებები
2 . მომჩივნები 1989 და, შესაბამისად, 1990 წელს დაიბადნენ და თბილისში ცხოვრობენ. მათი წარმომადგენელი იყო ქ.-ნი თ. ავალიანი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ეწევა თბილისში.
3 . მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი ბ.-ნი ბ. ძამაშვილი, იუსტიციის სამინისტროდან.
4 . საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
I. სისხლის სამართლის პროცესი
5 . 2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია, დანაშაული ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ). საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება დაიწყო იმავე დღეს მიღებული „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომლის თანახმად 2020 წლის 4 ნოემბერს იგეგმებოდა 400 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის (ჯამში 880 000 ლარის – დაახლოებით 270 000 ევროს ღირებულების) სავარაუდო გაყიდვა. სიგარეტები საქართველოში ირანის მოქალაქემ, დ.ნ.-მ შემოიტანა, რომელმაც ამ მიზნით საქართველოში კომპანია შპს „ნადერი“ დაარეგისტრირა. ოპერატიულ ინფორმაციაში შემდგომ მითითებული იყო, რომ აღნიშნული საქონელი 2020 წლის 4 ნოემბერს შპს „ნადერის“ სახელით იქნა გადაცემული.
6 . პირველი მომჩივანი იყო შპს „ნადერის“ დამფუძნებლისა და დირექტორის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მეორე მომჩივანი იყო მისი ქმარი.
II. მომჩივნების სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა
7 . 2020 წლის 7 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობა შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნებართვის მისაღებად, რათა 2020 წლის 9 ნოემბრიდან 2020 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებულიყო 8 პირის, მათ შორის, მომჩივნების სატელეფონო საუბრების (პირველი მომჩივნის სარგებლობაში არსებულ ორ მობილურ ტელეფონის ნომერსა და მეორე მომჩივნის სარგებლობაში არსებულ ერთ მობილურ ტელეფონის ნომერზე) ფარული მიყურადება და ჩაწერა. შუამდგომლობის შესაბამის ნაწილში აღნიშნული იყო, რომ არსებობდა გონივრული ეჭვი პირველი მომჩივნის, შპს „ნადერის“ დამფუძნებლისა და დირექტორის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და მისი ქმრის, მეორე მომჩივნის სხვა (ფარული თვალყურის დევნების შესახებ შუამდგომლობაში მითითებულ) პირებთან დანაშაულებრივი კავშირის შესახებ, რომლებიც გეგმავდნენ აქციზური მარკის სავარაუდო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, და რომ ეს პირები ერთმანეთს ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდნენ მათი გეგმის განხორციელების სხვადასხვა ვერსიის განხილვის მიზნით. შუამდგომლობა შემდგომ იკითხებოდა შემდეგნაირად:
„საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარებისთვის... [და] ზემოაღნიშნულ პირებს შორის დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენის მიზნით არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვებისთვის... გათვალისწინებით იმისა, რომ დაკმაყოფილებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით განსაზღვრული კრიტერიუმები [შემდეგ] მობილური ტელეფონის ნომრებთან დაკავშირებით... მოვითხოვთ ფარული საგამოძიებო მოქმედების – „სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა“ – გამოყენებას.
[საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის] შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ზემოხსენებული პირები, როგორც „დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირები“ ახორციელებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და საჭიროა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელიც გამოწვეულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რაც გამოიხატება დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებასა [და] ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების დაცვაში.... [აღნიშნული] არის შესაფერისი და პროპორციული საშუალება... საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა ექნება გამოძიებისთვის [და] [ამ ინფორმაციის ნებისმიერი სხვა საშუალებებით] მოპოვება არათუ გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს, არამედ შეუძლებელიცაა.
8 . პროკურორის შუამდგომლობაში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ არცერთი მომჩივანი სარგებლობდა იმუნიტეტით, ან განეკუთვნებოდა იმ პროფესიას/ იმყოფებოდა ისეთ თანამდებობაზე, რომელთა მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები ვრცელდებოდა. შუამდგომლობას თან ერთოდა გამოძიების საქმის მასალების ასლი.
9 . 2020 წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა 8 პირთან, მათ შორის, მომჩივნებთან დაკავშირებით და გასცა ნებართვა 30 დღის განმავლობაში სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ შუამდგომლობა შესაბამისობაში იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან (შემდგომში, „სსსკ“ – იხ., 24-ე პარაგრაფი ქვემოთ), ვინაიდან დანაშაული, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება, ხვდებოდა დანაშაულთა იმ კატეგორიაში, რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში, შეიძლებოდა გამხდარიყო ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების საფუძველი. სასამართლოს განჩინებაში შემდგომ აღნიშნული იყო, რომ შუამდგომლობა, ასევე, აკმაყოფილებდა 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას –შუამდგომლობა უნდა ეფუძნებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს. კერძოდ, ამ განჩინების შესაბამისი ნაწილი იკითხება შემდეგნაირად:
„წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ... და [მომჩივნები], რომელთა მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები არიან ან არიან პირები, რომლებიც დანაშაულის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და სარგებლობენ მითითებული მობილური ტელეფონის ნომრებით. ამასთან, ზემოაღნიშნული პირები არ სარგებლობენ იმუნიტეტით და არ განეკუთვნებიან იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართაც შეზღუდულია ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენება.“
10 . სასამართლოს განჩინებაში შემდგომ, ასევე, აღნიშნული იყო, რომ სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (იხ., 24-ე პარაგრაფი ქვემოთ) თანახმად, პროკურორმა დაასაბუთა შუამდგომლობაში მითითებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა, კერძოდ, მძიმე დანაშაულის გამოძიების, მისი ჩადენის აღკვეთისა და სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროებაზე მითითებით. განჩინებაში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედება გამართლებული იყო, ვინაიდან სხვა საშუალებით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი იყო ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებდა.
11 . სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული იყო, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა გადასცემოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი გადასცემოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა, გარდა სსსკ-ის 1433 მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისა (იხ., 24-ე პარაგრაფი ქვემოთ).
12 . 2020 წლის 10 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ‑ტექნიკურმა სააგენტომ განახორციელა მომჩივნების სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება. პირველი მომჩივნის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებასა და ჩანაწერთან (№1148) დაკავშირებით მთავრობამ წარადგინა, რომ მისი არცერთი მიყურადებული სატელეფონო საუბარი არ ჩაითვალა, რომ წარმოადგენდა გამოძიებისთვის პოტენციური ინტერესის მქონე საგანს და რომ, თავდაპირველი დროებითი შენახვის შემდეგ, არ მომხდარა მისი ჩაწერა. რაც შეეხება მეორე მომჩივანს, მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბრის ჩაწერა მოხდა და ის შესაბამის სისხლის სამართლის საქმის მასალას დაერთო.
13 . 2021 წლის 10 ნოემბერს პირველ მომჩივანს, ხოლო 24 დეკემბერს მეორე მომჩივანს ეცნობათ მათ მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების შესახებ. მათ გადაეცათ სასამართლოს შესაბამისი განჩინებების ასლები და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები და ეცნობათ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით.
A. პირველი მომჩივნის სააპელაციო საჩივარი
14 . 2021 წლის 9 დეკემბერს პირველმა მომჩივანმა სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის კანონიერება გაასაჩივრა და მოითხოვა სასამართლოს შესაბამისი განჩინების ბათილად ცნობა. ის დავობდა, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება იყო უკანონო, ვინაიდან ის იყო ადვოკატი, რომელიც მოქმედებდა კომპანიის სამართლებრივი წარმომადგენლის სახით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და იმ ფარგლებში, როგორც ეს შესაბამისი უფლებამოსილების ფორმით იყო განსაზღვრული, და რომ მისი სატელეფონო საუბრისთვის ფარული თვალყურის დევნება, კონკრეტულად, მისი როგორც სამართლებრივი წარმომადგენლის საქმიანობის მიმართ იქნა გამოყენებული. მან გაამახვილა ყურადღება, რომ ის პრაქტიკოსი ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო; შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მისი სატელეფონო საუბრების შეუზღუდავი ფარული მიყურადება, მათ შორის, იმისა, რაც დაცული იყო იურიდიული პროფესიის პრივილეგიით, იყო უკანონო. ამასთან, პირველი მომჩივანი, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მითითებით დავობდა, რომ როდესაც საგამოძიებო ორგანოებმა მისი პროფესიული საქმიანობის შესახებ მოგვიანებით ეტაპზე შეიტყვეს მაშინ, როდესაც ფაქტობრივად მიმდინარეობდა მისი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება, მათ დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინათ ფარული თვალყურის დევნება.
15 . პირველი მომჩივანი ასევე, დავობდა რომ ფარული თვალყურის დევნების გამოყენება „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, სხვა რაიმე მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს (იხ., 24-ე პარაგრაფი ქვემოთ). მან გაიმეორა, რომ პროკურორის შუამდგომლობა, ასევე, სასამართლოს განჩინება სრულიად დაუსაბუთებელი იყო.
16 . 2021 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი. დასაბუთებულ ვარაუდთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალები, შპს „ნადერის“ რეგისტრაციის დოკუმენტები, ასევე, [სადავო] საქონლის შესახებ ინფორმაცია მიუთითებდა შპს „ნადერის“ დირექტორის შესაძლო კავშირზე სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებასთან ; [გარდა ამისა] იმ ფაქტმა, რომ კომპანია დაფუძნდა დროის იმ მონაკვეთში, რაზედაც მიმდინარეობდა გამოძიება და მისი რეგისტრაცია განახორციელა [პირველმა მომჩივანმა], შპს „ნადერის“ დირექტორის მინდობილმა პირმა, დასაბუთებული ვარაუდის მინიმალური სტანდარტით მიუთითებდა ამ უკანასკნელის შესაძლო კავშირზე შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან.“
17 . რაც შეეხება პირველი მომჩივნის სტატუსს, სააპელაციო სასამართლომ, აღიარა რა, რომ ის ადვოკატი იყო, დაადგინა, რომ პრაქტიკოსი ადვოკატები არ სარგებლობდნენ იმუნიტეტით და ექვემდებარებოდნენ მათ მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას მაშინ, როდესაც სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ქვეპუნქტით დადგენილი პირობები იქნებოდა დაკმაყოფილებული.
18 . სასამართლოს განჩინებაში მითითებული იყო, რომ ის არ საჩივრდებოდა.
B. მეორე მომჩივნის სააპელაციო საჩივარი
19 . 2022 წლის 21 იანვარს მეორე მომჩივანმა მისი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერება გაასაჩივრა და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. პირველი, ის დავობდა, რომ დასაბუთებულ ვარაუდთან დაკავშირებული სტანდარტი არ იყო დაკმაყოფილებული მის საქმეში, ვინაიდან, მისი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თაობაზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების ერთადერთი საფუძველი, როგორც ჩანს, იყო მხოლოდ მისი კავშირი პირველ მომჩივანთან, მის ცოლთან. მეორე, მან გაამახვილა ყურადღება, რომ არ იცნობდა დანარჩენ სამ პირს, ვისთანაც მას სავარაუდოდ „დანაშაულებრივი კავშირი“ ჰქონდა და, რომ პროკურატურის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ მას ჰქონდა რაიმე სახის კავშირი მათთან, რომ არაფერი ითქვას ისეთ ურთიერთობაზე, რაც კვალიფიცირდება „სისხლისსამართლებრივად“. ბოლოს, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ფარული თვალყურის დევნებაზე არც პროკურორის შუამდგომლობაში და არც შესაბამისი სასამართლოს განჩინებაში იყო მითითებული მიზეზები, თუ რატომ იყო შეუძლებელი ინფორმაციის მიღება სხვა (ნაკლებად რადიკალური) საშუალებით.
20 . 2022 წლის 27 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. შესაბამისი საქმის მასალების შემოწმების შედეგად სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს პირველი განჩინება, რითაც მეორე მომჩივნის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ნებართვა გაიცა, კანონიერი იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯგუფური დანაშაულის ბუნება, რომელშიც მოიაზრებოდა კომპლექსური გამოძიება სხვადასხვა მტკიცებულების შეგროვების მიზნით; მეორე მომჩივნის ცოლის როლი, როგორც უცხოური კომპანიის სამართლებრივი წარმომადგენლისა, რომლის დირექტორმაც შემოიტანა საქართველოში სადავო საქონელი; და ოპერატიული ინფორმაცია, რომ მეორე მომჩივანს ჰქონდა საეჭვო კავშირები პირთა ჯგუფთან, რომელიც გეგმავდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას, იყო საკმარისი, ერთობლიობაში, იმისათვის, რომ დადგენილიყო შესაბამისი ფარული თვალყურის დევნების აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ოპერატიულ ინფორმაციასა და საქმის მასალებში არსებულ სხვა ინფორმაციას შორის ლოგიკური კავშირის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ ოპერატიული ინფორმაცია სანდო იყო. რაც შეეხება, მსგავსი ქმედების გამოყენების საჭიროებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„[სასამართლო] ყურადღებას ამახვილებს სავარაუდო დანაშაულის სირთულეზე, ვინაიდან მასში ჩართულია არაერთი პირი, რომლებიც, შესაძლოა, არ იყვნენ ერთმანეთის ახლო ნაცნობები და მათ შესაძლოა არ ჰქონდეთ ერთმანეთზე ზუსტი ინფორმაცია. ... თუ ამ ვითარებას გავაანალიზებთ, სადავო უფლებრივი შეზღუდვა და ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენება იყო ერთადერთი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.“
21 . სასამართლოს განჩინებაში მითითებული იყო, რომ ეს არ საჩივრდებოდა.
III. გამოძიების შედეგები
22 . როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, სასამართლოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით (2023 წლის 24 მაისის მდგომარეობით), არცერთი მომჩივანი ყოფილა ბრალდებული და სისხლის სამართლის საქმისწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა
I. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა
A. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
23 . 2014 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატა ახალი თავი, რომელიც არეგულირებდა სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენებას. იმ დროს მოქმედი რედაქციის შესაბამის საკანონმდებლო ნორმებში მოცემული იყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეების სია იმ დანაშაულების სიასთან ერთად, რომლებიც ამ მოქმედებების გამოყენების გამომწვევი შეიძლება ყოფილიყო; ზღუდავდა მათ ისეთ გარემოებებში გამოყენებას, რომელშიც მათი გამოყენება აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, კერძოდ კი, ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად; აზუსტებდა იმას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლებოდა ჩატარებულიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი იყო, ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებდა; აღნიშნული იყო, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გამოყენების ფარგლები უნდა ყოფილიყო ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება.
24 . იმ დროს მოქმედი სსსკ-ის შესაბამისი მუხლები იკითხება შემდეგნაირად:
„1. 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:
ა) სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა;
...”
„1. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას.
2. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გათვალისწინებულია ამ კოდექსით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
3. ფარული საგამოძიებო მოქმედება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა.
4. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
5. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფარგლები (ინტენსივობა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.“
„1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე...
2. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ:
(ა) გამოძიება დაწყებულია ... განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო:
...;
(ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს;
(გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალება;
(დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული.
...
5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ... მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს . და მეოთხე ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება [პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს].
...
10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ განჩინებაში ... მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა ...
12. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადა უნდა იყოს იმ ხანგრძლივობის, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად; თუმცა, არაუმეტეს ერთი თვისა...
14. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ... მოთხოვნას პირისთვის მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
15. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში...“
„1. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საგამოძიებო ორგანო ან პირი ვალდებული არიან, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად შეზღუდონ იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ.
2. სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტისა და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება შესაბამისად მათ მიერ სასულიერო მოღვაწეობის ან პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას.
3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ადვოკატის პირადი კომუნიკაციის შესახებ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციისაგან. ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს“.
B. სამოქალაქო კოდექსი
25 . სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გადაცდომის გამო პირისთვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფოს მიერ.
C. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
26 . 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ. სამსახურის მთავარი ფუნქციები მოიცავდა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენების ზედამხედველობას, და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებას. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამსახური იღებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ასლებსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენების შესახებ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების წერილობითი ჩანაწერების ასლებს და ამოწმებდა დოკუმენტების სიზუსტეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან შედარების საფუძველზე. თუ სამსახური აღმოაჩენდა ხარვეზებს, მას შეეძლო მოეთხოვა შესაბამისი ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერება. სამსახურის უფლებამოსილების ფარგლები არ ვრცელდებოდა ისეთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე, რა დროსაც მუშავდებოდა მონაცემები, რომლებიც მიიჩნეოდა სახელმწიფო საიდუმლოებად სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მიზნებისთვის.
II. საერთაშორისო მასალა
A. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
27 . ადვოკატთა როლის შესახებ ძირითადი პრინციპების (მიღებული 1990 წელს დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მიმართ მოპყრობის შესახებ გაეროს მერვე კონგრესის მიერ) 22-ე პარაგრაფი იკითხება შემდეგნაირად:
„ სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ და პატივი სცენ ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის ყველა კომუნიკაციისა და კონსულტაციის კონფიდენციალურობას მათი პროფესიული ურთიერთობის ფარგლებში.“
B. ევროპის საბჭო
28 . საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნიდან, რომელიც მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის 132-ე პლენარულ სესიაზე (ვენეცია, 2022 წლის 21-22 ოქტომბერი) შესაბამისი ამონაწერი იკითხება შემდეგნაირად (სქოლიოები გამოტოვებულია):
„A. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები
...
10. [სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის] ახალ თავს შემოჰქონდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენების შესახებ მკაცრი წესები, რის თანახმადაც პროკურორს სასამართლოში დასაბუთებული შუამდგომლობა უნდა წარედგინა, სადაც მოითხოვდა ამ მოქმედებების გამოყენების უფლებას; რიგ მოთხოვნებზე დაყრდნობით მოსამართლეს შუამდგომლობა უნდა შეეფასებინა და შეეძლო ნებართვა გაეცა ფარული საგამოძიებო მოქმედების შეზღუდული ხანგრძლივობით გამოყენებაზე. ...
12. სასამართლოს ნებართვით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული შემდეგ წლებში: 2018 წელს 95,7%, 2019 წელს 94.6%, 2020 წელს 94.2%. 2021 წელს სასამართლოებმა სრულად დააკმაყოფილეს შუამდგომლობების 87.4% მოსმენასა და ფარულ ჩაწერაზე.
...
E. სასამართლო კონტროლი და ინსტიტუციური ზედამხედველობა
56. [სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი] ითვალისწინებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების პროცესზე სასამართლო კონტროლის სამართლებრივ ჩარჩოს. კოდექსის მოთხოვნით მოსამართლემ უნდა შეაფასოს ფარული საგამოძიებო მოქმედების აუცილებლობა და გასცეს ნებართვა მისი მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით გამოყენების თაობაზე. თუმცა, ბევრმა შუამავალმა გამოხატა შეშფოთება სასამართლო კონტროლის ცუდ ხარისხზე ისეთ ფაქტორებზე მითითებით, როგორიცაა (i) მსგავსი მოთხოვნებისთვის მცირე დროის დათმობის პრაქტიკა, (ii) მოსამართლის დიდი სამუშაო დატვირთვა, და (iii) ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი. უკანასკნელთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დაკმაყოფილების მაჩვენებელი 87%-დან 95%-მდე გაიზარდა (იხ., მე-12 პარაგრაფი ზემოთ) მიუხედავად იმის სადავოობისა, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები, ცალკე აღებული, შესაძლოა იყოს კარგად დასაბუთებული შუამდგომლობების გამოვლინება. სხვა საკითხია ტექნიკური ცოდნა და პროფესიონალიზმი, რომელსაც მოსამართლე უნდა ფლობდეს იმისათვის, რომ ეფექტურად განიხილოს შუამდგომლობები ამ კონკრეტულ სფეროში. უფრო მეტიც, გაურკვეველია, პრაქტიკაში რამდენად ამოწმებს მოსამართლე საქმის პირველად მასალებს და რა სახის დასაბუთება უნდა წარადგინოს პროკურატურამ საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იმისათვის, რომ მიიღოს სასამართლოს ნებართვა.“.
29 . ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის რეკომენდაციაში R(2000)21 წევრი სახელმწიფოებისთვის გასცა რეკომენდაცია, რომ წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა „ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად“. ამ პრინციპიდან გამონაკლისების დაშვება შესაძლებელია „მხოლოდ, თუ ეს კანონის უზენაესობასთან არის შესაბამისი“.
30 . 2085-ე (2016) რეკომენდაციასა და 2095-ე (2016) რეზოლუციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეახსენა წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დამცველთა როლი და მათი დაცვის გაძლიერების საჭიროება.
31 . საპარლამენტო ასამბლეამ თავის 2121-ე (2018) რეკომენდაციაში მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს შეემუშავებინა და მიეღო კონვენცია ადვოკატის პროფესიის შესახებ, რეკომენდაციით N R(2000)2 გათვალისწინებულ სტანდარტებსა და სხვა შესაბამის ინსტრუმენტებზე დაყრდნობით, მათ შორის, როგორიცაა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) იურიდიული პროფესიის ძირითადი პრინციპების ევროპული ქარტია, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ტურინის პრინციპები 21-ე საუკუნეში იურიდიულ პროფესიათა საქმიანობის შესახებ და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის სტანდარტები იურიდიულ პროფესიათა დამოუკიდებლობის შესახებ, იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობის საერთაშორისო პრინციპები და საჩივრებისა და დისციპლინური პროცედურების შექმნისა და წარმოების გზამკვლევი. საპარლამენტო ასამბლეის მოსაზრებით, ასეთი კონვენცია ხელს შეუწყობს ისეთი ფუნდამენტური გარანტიების გაძლიერებას, როგორიც არის იურისტის პროფესიული პრივილეგია და ადვოკატ-კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალობა.
კანონმდებლობა
32 . სასამართლოს რეგლამენტის 42-ე წესის პირველი პარაგრაფის შესაბამისად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ საჩივრები გააერთიანოს მათი ფაქტობრივი და სამართლებრივი მსგავსების გამო.
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
33 . კონვენციის მე-6 (პირველი მომჩივანი) და მე-8 მუხლების (ორივე მომჩივანი) ფარგლებში მომჩივნები დაობდნენ, რომ მათი სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის გამო დაირღვა მათი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება. როგორც საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემფასებელი (იხ., საქმე Radomilja and Others v. Croatia [GC], NN 37685/10 და 22768/12 , §§ 114, 124 და126, ECHR 2018), სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებები განხილული იქნეს კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში, რომელიც რამდენადაც შესაბამისია, შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად ... ცხოვრებასა და მის მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“.
A. მისაღებობა
1. მხარეთა არგუმენტები
34 . მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე დაყრდნობით (იხ., 25 -ე პარაგრაფი ზემოთ), მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნებს შეეძლოთ მოეთხოვათ მორალური ზიანისთვის კომპენსაცია სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მათ მიადგათ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად. ალტერნატიულად, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნების საჩივარი იყო აშკარად დაუსაბუთებელი.
35 . მომჩივნებმა წარადგინეს, რომ მათ გამოიყენეს სამართლებრივი დაცვის ყველა ის ძირითადი საშუალება, რაც მათ ხელთ ჰქონდათ, სასამართლოს იმ შესაბამისი განჩინების გასაჩივრების გზით, რომლითაც გაიცა ნებართვა მათი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე. შესაბამისად, მათ აღარ მოეთხოვებოდათ გამოეყენებინათ სამართლებრივი დაცვის რაიმე დამატებითი საშუალება. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დაობდნენ, რომ ვინაიდან, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადასტურეს გამოყენებული თვალყურის დევნების კანონიერება, საკომპენსაციო საშუალება წარმატების მიღწევის გონივრულ იმედს მათ ვეღარ მისცემდა. შესაბამისად, მთავრობის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალება არაეფექტური იქნებოდა.
2. სასამართლოს შეფასება
36 . შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Communauté genevoise d’action syndicale (CGAS) v. Switzerland ([GC], N21881/20, §§ 138-45, 27 November 2023) და საქმეში Vučković and Others v. Serbia (წინასწარი შეპასუხება) [GC], NN 17153/11 და 29 სხვა საქმეში, §§ 68-77, 2014 წლის 25 მარტი).
37 . სასამართლო აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბრის სადავო მიყურადების შესახებ ნებართვა გაიცა და მიყურადება განხორციელდა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე (იხ., პარაგრაფები 9 - 12 ზემოთ). მომჩივნების კონკრეტული საჩივარი ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩართულობას, კერძოდ, სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემასა და საგამოძიებო მოქმედების გამოყენების სავარაუდო არასათანადო დასაბუთებას. არ ყოფილა საჩივარი სასამართლოს განჩინების განხორციელებასა და მასთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს - თვალყურის დევნების საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ გარემოებებში სასამართლო ვერ ხედავს, როგორ შეიძლება ყოფილიყო ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წინააღმდეგ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება პირდაპირი სამართლებრივი დაცვის საშუალება სასამართლოს მიერ ნებადართული სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განჩინების დასაბუთება, სააპელაციო სასამართლოს გარდა, ვერ გადაისინჯებოდა სხვა ორგანოს მიერ, ვინაიდან სასამართლოს ამ განჩინებათა გადასინჯვა ექცეოდა მის ექსკლუზიურ იურისდიქციაში (იხ., სსსკ-ის 1433-ე მუხლის მე-14 ნაწილი, ციტირებულია 24 -ე პარაგრაფში ზემოთ; შედარებისთვის იხ., საქმე Potoczká and Adamčo v. Slovakia, N7286/16, §§ 62-63, 2023 წლის 12 იანვარი; იხ., ასევე, იდენტურ კონტექსტში, სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალების არაეფექტურობასთან დაკავშირებით, საქმე Karabeyoğlu v. Turkey, N30083/10, §§ 59-61, 2016 წლის 7 ივნისი). სასამართლომ უკვე არაერთხელ დაადგინა, კონვენციის მე-8 მუხლის კონტექსტში, რომ სასამართლო განხილვა, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს სადავო ჩარევა რამდენად პასუხობს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და რამდენად პროპორციულია დასახული მიზნისა, მიიჩნევა დაცვის არაეფექტურ საშუალებად (იხ., საქმე Moskalev v. Russia, N44045/05, § 25, 2017 წლის 7 ნოემბერი; იხ., ასევე, საქმე Potoczká and Adamčo, ციტირებული ზემოთ § 63). ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობამ ვერ შეძლო წარმოეჩინა, რომ კომპენსაციის მოთხოვნას ექნებოდა წარმატების რაიმე პერსპექტივა, სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებითაც დასტურდებოდა თავად ფარული მიყურადების კანონიერება. შესაბამისად, მთავრობის შეპასუხება ამოუწურაობის შესახებ უარყოფილი უნდა იქნეს.
38 . სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების საჩივრები არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის ფარგლებში და არც სხვა საფუძვლებით უნდა გამოცხადდეს მიუღებლად. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
39 . მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მათი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევას. ისინი არ უარყოფდნენ, რომ სსსკ-ის 1431 მუხლი (იხ. 24 -ე პარაგრაფი ზემოთ) ითვალისწინებდა მათ უფლებებში ჩარევის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს. თუმცა, ისინი დაობდნენ კანონის ხარისხზე და ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს მინიჭებული ჰქონდათ ფართო დისკრეცია, თუ როგორ გამოეყენებინათ ის და რომ ამ გამოყენებისას თვითნებობა არ იყო გამორიცხული. ასევე, მათ წარადგინეს, რომ ქართული კანონმდებლობა არ იყო ზუსტი და აკლდა სიცხადე. მიუხედავად იმისა, რომ ფარული მიყურადებისთვის ეროვნული კანონმდებლობით მოითხოვებოდა სასამართლოს წინასწარი ნებართვა, ნებართვის გაცემის პროცედურა არ ითვალისწინებდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის სათანადო გარანტიებს, ხოლო ისეთი თვალყურის დევნებისთვის, როდესაც საფრთხე ექმნებოდა ადვოკატსა და კლიენტს შორის საუბრის ფარულობას, არ არსებობდა კონკრეტული წესები. შემდგომ, მათ წარადგინეს, რომ სასამართლოს განჩინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და რომ ნებართვის გამცემმა მოსამართლემ არ გადაამოწმა მათ წინააღმდეგ „გონივრული ეჭვის“ არსებობა, ან არ გამოიყენა „აუცილებლობისა“ და „პროპორციულობის“ ტესტები.
40 . მთავრობამ არ უარყო, რომ მომჩივნების პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევა მოხდა. თუმცა, ის დავობდა, რომ ორივე მომჩივნის სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა სასამართლოს სათანადო ნებართვის საფუძველზე მოხდა, ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. შესაბამისად, სადავო ჩარევა იყო კანონის შესაბამისი, ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
41 . მთავრობა დავობდა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები კონვენციით დადგენილი „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. კერძოდ, ყველა სამართლებრივი ნორმა, რაც არეგულირებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, იყო ოფიციალურად გამოქვეყნებული და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ეს ნორმები შეიცავდნენ დანაშაულების ამომწურავ სიას, რა დროსაც შეიძლებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება; ადამიანთა იმ კატეგორიის მკაფიო განმარტებას, რომელთა საუბრის მიყურადებაც შესაძლებელი იყო; და ასეთი თვალყურის დევნების ხანგრძლივობის შეზღუდვას. ფარული თვალყურის დევნება დაშვებული იყო მხოლოდ სსსკ-ით გათვალისწინებული მიზნებისთვის და მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ეს სამართლებრივი ნორმები ქმნიდა გარანტიას, რომ ფარული თვალყურის დევნება, მათ შორის, მომჩივნების შემთხვევაში, გამოყენებულიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და გამოყენებულიყო, როგორც უკიდურესი ზომა.
42 . ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, მთავრობამ წარადგინა, რომ მომჩივნების სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა ეფუძნებოდა გონივრულ ეჭვს, რომ პირველი მომჩივანი, როგორც შპს „ნადერის“ სამართლებრივი წარმომადგენელი, ჩართული იყო დანაშაულებრივ ქმედებებში, ხოლო მისი ქმარი, მეორე მომჩივანი, შესაძლოა დანაშაულის ჩადენასთან ყოფილიყო დაკავშირებული, ან შესაძლოა აღნიშნულთან დაკავშირებით ფლობდა ინფორმაციას. სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ხორციელდებოდა დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზნისათვის იმის გათვალისწინებით, რომ ის მიმდინარეობდა განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკური დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში. ასევე, მთავრობამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სათანადო ინფორმაცია არ იქნა მოპოვებული ფარული მიყურადებისას, პირველი მომჩივნის არცერთი საუბარი ყოფილა რეალურად ჩაწერილი. რაც შეეხება მეორე მომჩივანს, მხოლოდ ერთი ჩაწერილი საუბარი დაერთო სისხლის სამართლის საქმის მასალებს (იხ., მე- 12 პარაგრაფი ზემოთ).
43 . პირველი მომჩივნის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მთავრობამ წარადგინა, რომ, ვინაიდან მისი სატელეფონო საუბრის ჩაწერა, საბოლოოდ, არ ხდებოდა მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის, არ იყო რისკი იმისა, რომ მისი სამსახურებრივი ან პირადი საუბრები გამჟღავნდებოდა, ან სხვა მხრივ, რაიმე მიზეზით მოხდებოდა ამ ჩანაწერის გამოყენება მისივე წინააღმდეგ. უფრო ზოგადად, მთავრობამ მიუთითა სსსკ-ის 1437 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე (იხ., 24 -ე პარაგრაფი ზემოთ), რომლითაც, ერთი, ნებადართულია დაცვის მხარის ადვოკატების საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა, გარდა იმ საუბრებისა, რომლებიც დაცულია კანონით, რადგან ისინი ხორცილდება, როგორც მათი პროფესიული საქმიანობის ნაწილი; მეორე, ცალსახად ადგენდა, რომ მიყურადებული ინფორმაცია, რომელიც დაცული იყო პროფესიული საიდუმლოს დაცვის პრივილეგიით, უნდა განადგურებულიყო. მთავრობამ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო შესაბამისმა გამომძიებელმა საქმის მწარმოებელ პროკურორთან კონსულტაციის შემდეგ. მთავრობა აცხადებდა, რომ ზემოხსენებული ნორმები ითვალისწინებდნენ საკმარის გარანტიებს, რათა დაცული ყოფილიყო ადვოკატების პროფესიული საიდუმლოს პრივილეგიით დაცული საუბრები.
44 . ამ გარანტიების გარდა მთავრობამ ყურადღება გაამახვილა, რომ ერთთვიანი ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ მომჩივნებს, შესაბამისად, აცნობეს, თუ რა საგამოძიებო მოქმედება იყო გამოყენებული მათთან დაკავშირებით და მათ უფლებაზე, რომ შეეძლოთ ამ მოქმედების კანონიერების გასაჩივრება ეროვნულ სასამართლოებში (იხ., მე- 13 პარაგრაფი ზემოთ). ორივემ მიიღო ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების ასლი, ასევე, ამ მოქმედების შედეგად მიღებული მასალების ასლები, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა სათანადოდ ესარგებლათ გასაჩივრების უფლებით. მათი სატელეფონო ზარების ფარული მიყურადება და ჩაწერა დაექვემდებარა სასამართლოს მიერ შესწავლას. გარდა ამისა, ნებისმიერი ასეთი საგამოძიებო მოქმედება მკაცრად კონტროლდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
45 . სასამართლო იმეორებს, რომ (i) სატელეფონო საუბრები დაცულია ცნებებით „პირადი ცხოვრება“ და „მიმოწერა“ მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში; (ii) მათი მონიტორინგი უტოლდება მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში მათ უფლებებში ჩარევას; და (iii) მსგავსი ჩარევა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არის „კანონის მოთხოვნების შესაბამისი“, ემსახურება ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს, რომლებიც ამ პუნქტშია მითითებული და არის „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ რომელიმე ამ მიზნის მისაღწევად (იხ., სხვა ბევრ წყაროს შორის, საქმე Dragojević v. Croatia, N68955/11, §§ 78-79, 2015 წლის 15 იანვარი, შემდგომი მითითებებით).
46 . ფორმულირება „კანონის მოთხოვნების შესაბამისად“ მოიაზრებს პირობებს, რაც სცილდება ეროვნულ კანონმდებლობაში სამართლებრივ საფუძვლებს და მოითხოვს, რომ ეს სამართლებრივი საფუძვლები იყოს „ხელმისაწვდომი“ და „განჭვრეტადი“. ფარული თვალყურის დევნების ღონისძიებების სპეციფიკურ კონტექსტში, როდესაც აღმასრულებლის ძალაუფლება ხორციელდება ფარულად და თვითნებობის რისკები აშკარაა, განჭვრეტადობის მოთხოვნა არსებითად მოიაზრებს ფარული თვალყურის დევნებასთან დაკავშირებით აშკარა, დეტალური წესების არსებობას. ეროვნული კანონმდებლობა თავისი ფორმულირებებით საკმარისად მკაფიო უნდა იყოს, რათა ინდივიდებს მისცეს შესაბამისი მინიშნება იმ გარემოებებისა და პირობების შესახებ, რომლებშიც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი არიან მიმართონ ასეთ მოქმედებებს (იხ., ზემოთ ციტირებული საქმის §§ 80-81; იხ., ასევე, საქმე Potoczká and Adamčo, ზემოთ ციტირებული § 71).
47 . აღნიშულთან დაკავშირებით კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ თავის პრეცედენტულ სამართალში, რაც ეხება საუბრების ფარულ მიყურადებას, სასამართლოს შემუშავებული აქვს შემდეგი მინიმუმი მოთხოვნები, რაც კანონში უნდა იყოს მოცემული, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: (I) დანაშაულის ბუნება, რომელიც შესაძლოა საფუძველად დაედოს მიყურადების შესახებ ნებართვას; (ii) იმ კატეგორიის პირთა განსაზღვრა, ვინც შეიძლება დაექვემდებაროს მიყურადებას; (iii) მიყურადების ხანგრძლივობის შეზღუდვა; (iv) პროცედურა, რაც დაცული უნდა იყოს მონაცემების შემოწმებისას, გამოყენებისას და შენახვისას; და (iv) გარემოებები, რა დროსაც მიყურადებული მონაცემები შესაძლოა წაიშალოს ან უნდა წაიშალოს ან განადგურდეს (საქმე Centrum för rättvisa v. Sweden [GC], N35252/08, § 249, 2021 წლის 25 მაისი 2021, მასში შემდგომი მითითებებით).
48 . უფლებამოსილი პირების უფლებამოსილებები და პროცედურული გარანტიები რელევანტურია იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად ეფექტურია სამართლებრივი დაცვის საშუალება. ამდენად, შეტყობინების მოთხოვნის არარსებობის პირობებში აუცილებელია, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება იყოს იმ ორგანოს წინაშე, არ არის აუცილებელი იყოს სასამართლო, რომელიც არის აღმასრულებლისგან დამოუკიდებელი და უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობას, სთავაზობს რა, შეძლებისდაგვარად, შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებულ პროცესს. ასეთი ორგანოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული და სამართლებრივად სავალდებულო, inter alia, უკანონო მიყურადების შეწყვეტისა და უკანონოდ მოპოვებული ან/და შენახული მიყურადების მასალების განადგურებისთვის (იხ., საქმე Big Brother Watch and Others v. the United Kingdom [GC], NN 58170/13 და 2 სხვა საქმე, § 359, 2021 წლის 25 მაისი, შემდგომი მითითებებით). ახლახანს, იგივე მიდგომა იქნა გამოყენებული მიზანმიმართული მიყურადების შემთხვევებში (იხ., საქმე Pietrzak and Bychawska-Siniarska and Others v. Poland, NN 72038/17 და 25237/18, § 226, 2024 წლის 28 მაისი; იხ., ასევე, საქმე Ekimdzhiev and Others v. Bulgaria, N 70078/12, § 334, 2022 წლის 11 იანვარი).
(b) ზემოთ აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ
(i) ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას?
49 . სასამართლოსთვის მისაღებია, ხოლო მხარეებს სადავო არ გაუხდია, რომ მოქმედებები, რომლებიც მომჩივნების სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისთვის იქნა გამოყენებული, წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობაში ჩარევას (იხ., ზემოთ 45 -ე პარაგრაფში ციტირებული პრეცედენტული სამართალი).
(ii) იყო თუ არა ჩარევა გამართლებული?
50 . რაც შეეხება კანონიერებასთან დაკავშირებულ საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები არ დაობდნენ, რომ მომჩივნების სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები (იხ., 24 -ე პარაგრაფი ზემოთ) და ეს სამართლებრივი საფუძვლები იყო ხელმისაწვდომი მხარეებისთვის. თუმცა, მომჩივნები დავობდნენ, რომ ეროვნული კანონმდებლობის ხარისხი არ იყო კონვენციის სტანდარტების შესაბამისი (იხ., 38 -ე პარაგრაფი ზემოთ).
51 . სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც მომჩივნის პრეტენზია ეფუძნება ფარული თვალყურის დევნების კონკრეტულ და უდავო შემთხვევებს, იმის შეფასება, თუ რამდენად აკმაყოფილებდა კანონი, რაც თვალყურის დევნების საფუძვლად იქნა გამოყენებული, მე-8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარკვეული ხარისხით ზოგადია. თუმცა, ეს შეფასება არ შეიძლება იყოს იმ ხარისხით ზოგადი, როგორიცაა საქმეში Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev v. Bulgaria (N62540/00, 2007 წლის 28 ივნისი) , საქმეში Kennedy v. the United Kingdom (N26839/05, 2010 წლის 18 მაისი), საქმეში Roman Zakharov v. Russia ([GC], N47143/06, ECHR 2015), და საქმეში Ekimdzhiev and Others (ციტირებულია ზემოთ), რომლებიც ეხება ზოგად პრეტენზიებს ფარული თვალყურის დევნების დამშვებ კანონებთან დაკავშირებით და სადაც სასამართლომ, საჭიროებისა და მისი ჩვეული მიდგომისგან გამონაკლისის სახით, უნდა მოახდინოს ამ კანონის სრულიად ზოგადი შეფასება. საქმეებში, სადაც მომჩივნები უწინარესად დავობენ ეროვნული კანონმდებლობის გამოყენების ფორმაზე in concreto, როგორც ამ საქმეში, სასამართლომ, როგორც წესი, ყურადღება უნდა გაამახვილოს არა თვითონ კანონზე, როგორც ასეთზე, არამედ იმ ფორმაზე, თუ როგორ იქნა ეს კანონი გამოყენებული მომჩივანთან მიმართებით იმ კონკრეტულ გარემოებებში (იხ. საქმე Goranova-Karaeneva v. Bulgaria, N 12739/05, § 48, 2011 წლის 8 მარტი და საქმე Dragojević, ზემოთ ციტირებული, § 86).
52 . სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობაში, რომელიც იმ დროს იყო ძალაში, ჩამოთვლილი იყო პრინციპები, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას. სსსკ-ის 1433-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად ითვალისწინებდა, რომ სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში ნებისმიერი ფარული საგამოძიებო მოქმედება უნდა იყოს კანონიერი, უნდა ჩატარდეს პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობის შედეგად გაცემული მოსამართლის განჩინების საფუძველზე (იხ., 24 -ე პარაგრაფი ზემოთ). სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილია ის დანაშაულები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება, ხოლო1433 მუხლის მე-12 ნაწილი ითვალისწინებს, რომ ეს მოქმედება თავდაპირველად არ უნდა აჭარბებდეს ერთ თვეს (იქვე). იმ დროს, კანონით დადგენილი წინაპირობები ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენებისთვის იყო გონივრული ეჭვის არსებობა, რომ პირმა ჩაიდინა კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაული, ან ის, რომ პირი ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას სადავო დანაშაულთან დაკავშირებით, ან რომ მისი საკომუნიკაციო საშუალებები გამოიყენებოდა ამ მიზნებისთვის (იხ., სსსკ-ის 1433 მუხლის მეორე ნაწილი, ციტირებული ზემოთ, 24 -ე პარაგრაფში ) ; საზოგადოებრივი საჭიროებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის არსებობა; და გამოძიების ჩატარება სადავო დანაშაულთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო სხვა საშუალებებით, ან მოითხოვდა გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას (იხ., სსსკ-ის 1433 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, ციტირებულია 24 -ე პარაგრაფში ზემოთ). სასამართლოს ნებართვა წერილობით გაიცა და მოსამართლეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ, ჰქონდა წვდომა იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედება ეფუძნებოდა (იხ., სსსკ-ის 1433 მუხლის მე-5 ნაწილი, ციტირებულია 24 -ე პარაგრაფში ზემოთ).
53 . ქართული კანონმდებლობა, ასევე, ითვალისწინებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე ნებართვის გაცემასა და ამ მოქმედების განხორციელებაზე სასამართლო ზედამხედველობას, ხოლო მოსამართლეებს მოეთხოვებოდათ, შეეფასებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედების საჭიროება და მისი პროპორციულობა და გაეცათ ნებართვა მისი, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენებაზე. მოსამართლის განჩინება, რითაც გაიცემა ნებართვა ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენებაზე, უნდა იყოს წერილობითი ფორმის და უნდა შეიცავდეს მიზეზებს, ინფორმაციის დაკონკრეტებით იმ პირთან დაკავშირებით, ვისთან მიმართებითაც მოქმედება უნდა განხორციელდეს, შესაბამის გარემოებებს, რომლებიც გაამართლებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების საჭიროებას, ვადას, რა პერიოდის განმავლობაშიც ეს მოქმედება უნდა განხორციელდეს – რაც უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული – და ამ მოქმედების ფარგლებს (იხ., სსსკ-ის 1433 მუხლის მე-10 ნაწილი, ციტირებულია 24 -ე პარაგრაფში ზემოთ).
54 . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებულმა კანონმდებლობამ მომჩივნებს მისცა სათანადო მინიშნება, თუ რა გარემოებებში და პირობებში იყვნენ საგამოძიებო ორგანოები უფლებამოსილნი მიემართათ სადავო ფარული საგამოძიებო მოქმედებისთვის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეში უშუალოდ ფარული თვალყურის დევნებას და იმ ფორმას, როგორც სადავო კანონმდებლობა იქნა გამოყენებული, მომჩივნების პრეტენზიები ძირითადად ფოკუსირდება შესაბამისი მოსამართლეების მიერ პროცედურული ნორმების შეუსრულებლობაზე, კერძოდ, იმ პროცედურებისა, რომლებიც უკავშირდება ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების ეფექტურად შეფასებას – თუ რამდენად იყო საჭირო და რამდენად გამართლებული იყო იგი კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ამას სსსკ-ის 1 433 მუხლი მოითხოვს. შესაბამისად, სასამართლოსთვის მთავარი საკითხია განსაზღვროს, შესაბამისმა ეროვნულმა კანონმდებლობამ, როგორც ეს განმარტებული და გამოყენებული იყო ეროვნული სასამართლოების მიერ, მისცა თუ არა მომჩივნებს სათანადო გარანტიების გამოყენების შესაძლებლობა სხვადასხვა შესაძლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად. ვინაიდან, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საპირწონედ არსებული ადეკვატური გარანტიების არსებობა მჭიდროდ უკავშირდება კითხვას, იყო თუ არა „აუცილებლობის“ ტესტის პირობა დაცული ამ საქმეში, სასამართლო ამ მოთხოვნას პასუხობს იმით, რომ ჩარევა იყო როგორც „კანონის მოთხოვნების შესაბამისი“, ასევე „აუცილებელი“ (იხ., საქმე Dragojević, ზემოთ ციტირებული, § 89, შემდგომი მითითებებით).
55 . სასამართლო იწყებს იმის აღნიშვნით, რომ მომჩივნების სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე სასამართლოს ნებართვაში მარტივად იყო აღნიშნული, სხვა დეტალებზე მითითების გარეშე, რომ არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ მომჩივნები შესაძლოა იყვნენ „დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირები, ან პირები, რომლებიც ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას დანაშაულთან დაკავშირებით და იყენებდნენ მითითებული მობილური ტელეფონის ნომრებს“ (იხ., მე- 9 პარაგრაფი ზემოთ). არ იყო მოცემული სხვა არსებითი დეტალები საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და არ იყო კონკრეტული გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ არსებობდა გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ ისინი გეგმავდნენ სადავო დანაშაულის ჩადენას ან ფლობდნენ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, (იხ., mutatis mutandis, Moskalev-ის საქმე, ზემოთ ციტირებული, § 42 და Dragojević-ის საქმე, ზემოთ ციტირებული, § 95).
56 . დამატებით, სასამართლოს განჩინების ტექსტში არ არსებობს მითითება, რომ სასამართლომ გამოიყენა ტესტი „აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ან, კონკრეტულად, ის, რომ სასამართლომ შეაფასა მომჩივნებთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების ლეგიტიმურ მიზანთან შესაბამისობა. სასამართლოს განჩინება უბრალოდ ეყრდნობოდა კანონით გათვალისწინებულ ფრაზებს, რომ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად მიღებული ინფორმაცია იქნებოდა გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და რომ ამ ინფორმაციის მოპოვება სხვა საშუალებებით შეუძლებელი იყო ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებდა (იხ., მე- 9 - 10 პარაგრაფები ზემოთ). თუმცა, სასამართლომ არ ახსნა, თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე (იხ., mutatis mutandis, საქმე Bašić v. Croatia, N22251/13, § 33, 2016 წლის 25 ოქტომბერი; საქმე Grba v. Croatia, N47074/12, § 85, 2017 წლის 23 ნოემბერი; საქმე Dudchenko v. Russia, N37717/05, § 98, 2017 წლის 7 ნოემბერი; და საქმე Potoczká and Adamčo, ზემოთ ციტირებული, § 74).
57 . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსამართლემ, რომელიც განიხილავდა მოცემულ საქმეში თვალყურის დევნებასთან დაკავშირებულ პროკურორის შუამდგომლობას, შეამოწმა, რამდენად იყო დაკმაყოფილებული ფორმალური მოთხოვნები შუამდგომლობაზე თანდართული არსებითი მასალების მხედველობაში მიღების გარეშე. უბრალოდ, გაუგებარია რა მოცულობით შეამოწმა აღნიშნულმა მოსამართლემ ის მასალები, რაც თან ერთვოდა პროკურორის შუამდგომლობას, რამდენადაც სასამართლოს განჩინებაში, რითაც გამართლებული იყო მოქმედების გამოყენება, არ იყო მითითება არც კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე და არც იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული მიზეზები იყო მოცემული. აღნიშნული, ასევე, ეხება ოპერატიულ ინფორმაციას (იხ., მე- 5 პარაგრაფი ზემოთ), რაც სავარაუდოდ ფარული თვალყურის დევნების გამოყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის თანდართულ მასალებში იყო (იხ., მე- 8 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ ნებართვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე ერთდროულად რვა პირის მიმართ იყო გაცემული ერთი სასამართლო განჩინებით, ინდივიდუალური მიზეზების მითითების გარეშე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს განჩინებაში არ იყო აღნიშნული, უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რელევანტური და საკმარისი მიზეზები, რაც სავარაუდოდ წარმოდგენილი იყო მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების გასამართლებლად.
58 . შესაბამისად, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურა, როგორც ამ საქმეში იყო გამოყენებული, იძლეოდა ეფექტურ გარანტიას , რომ მსგავსი თვალყურის დევნება იყო ნამდვილად აუცილებელი და პროპორციული თითოეულ მომჩივანთან მიმართებით.
59 . სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, მომჩივნების სააპელაციო საჩივრების განხილვისას, იყო უფრო მეტად დეტალური და ფაქტობრივად დასაბუთებული (იხ., მე- 16 და მე- 20 პარაგრაფები ზემოთ). თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ასეთი მოქმედებების გამოყენებისას ფარული საგამოძიებო მოქმედების რეტროსპექტიული დასაბუთება არ აკომპენსირებს წინარე ნაკლოვან შესწავლასა და დეტალური დასაბუთების ნაკლებობას (იხ., მაგალითად, Dragojević-ის საქმე, ციტირებულია ზემოთ, §§ 96-98, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ რეტროსპექტიული დასაბუთება ვერ უზრუნველყოფდა ადეკვატურ და სათანადო დაცვას უფლებამოსილების პოტენციურად ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, ვინაიდან, ფარული თვალყურის დევნების გამოყენებისას ის იძლეოდა თვითნებობის შესალებლობას, კანონით გათვალისწინებული პროცედურული ნორმების საწინააღმდეგოდ; იხ., ასევე, საქმე Grba, ციტირებულია ზემოთ, § 86, და საქმე Liblik and Others v. Estonia , NN 173/15 და 5 სხვა საქმე, §§ 140-41, 2019 წლის 28 მაისი ).
60 . ბოლოს, რაც შეეხება პირველ მომჩივანს, პროკურორმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ის იყო მოქმედი ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მიუხედავად ამისა, პროკურორის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში ამ ფაქტისა და პოტენციური სამართლებრივი შედეგების შესახებ არ ყოფილა აღნიშნული, არამედ მასში მოცემული მტკიცების მიზედვით, არცერთი მომჩივანი მიეკუთვნებოდა ისეთ პროფესიას, რომელთან დაკავშირებითაც ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენება იყო შეზღუდული (იხ., მე-8 პარაგრაფი ზემოთ). თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე არ ახსენა პირველი მომჩივნის სტატუსი და უბრალოდ დააფიქსირა, რომ რვა პირიდან არცერთი სარგებლობდა იმუნიტეტით (იხ., მე-9 პარაგრაფი ზემოთ). ასევე სასამართლომ არ შეაფასა, რამდენად გადაწონიდა გამოძიების საჭიროებები ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას. რაც შეეხება post factum სასამართლო განხილვას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სრულად იყო ინფორმირებული პირველი მომჩივნის სტატუსთან დაკავშირებით (იხ., მე-14 პარაგრაფი ზემოთ), უბრალოდ აღნიშნა, რომ მოქმედი ადვოკატები არ იყვნენ იმუნიტეტით დაცულნი ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენებისას (იხ., მე-17 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის მსგავსი ინტერპრეტაცია და გამოყენება უბრალოდ ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობასთან დაკავშირებული პრივილეგიის უსაფუძვლობას იწვევდა. მთავრობის არგუმენტს, რომ საბოლოო ჯამში, პირველი მომჩივნის სატელეფონო საუბრების ჩაწერა და შენახვა, როგორც ასეთი, არ მოხდა სისხლის სამართლის გამოძიების მიზნებისთვის (იხ., 42 -ე პარაგრაფი ზემოთ) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ჩარევა უკვე მოხდა მისი საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩანაწერების შენახვის თავდაპირველი ეტაპზე.
61 . ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა, როგორც ეს იქნა განმარტებული და გამოყენებული ეროვნული სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეში, არ იძლეოდა გონივრულ სიცხადეს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან დისკრეციის გამოყენების ფარგლებსა და ფორმასთან დაკავშირებით, ხოლო კონკრეტულად, პრაქტიკაში, არ უზრუნველყოფდა სათანადო სამართლებრივი დაცვის გარანტიებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, მომჩივნების სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებული პროცედურის შედეგად არ გამოვლინდა, რომ ეს პროცესი ეროვნულ კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისი იყო; არც ის, რომ პროცედურა იყო ადეკვატური უზრუნველსაყოფად იმისა, რომ მომჩივნების პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლებაში ჩარევა იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
62 . შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას ორივე მომჩივანთან მიმართებით.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
63 . კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
A. ზიანი
64 . თითოეულმა მომჩივანმა მოითხოვა 30 000 ევრო (EUR) მორალური ‑ზიანის ასანაზღაურებლად.
65 . მთავრობამ წარადგინა, რომ ამ საქმეში დარღვევის დადგენა იქნებოდა საკმარისი სამართლიანი დაკმაყოფილებისთვის.
66 . სასამართლო აკუთვნებს თითოეულ მომჩივანს 1 500 ევროს‑მორალურ ზიანთან დაკავშირებით, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს.
B. ხარჯები და დანახარჯები
67 . მომჩივნები, ასევე, მოითხოვდნენ 1200 ლარსა (450 ევრო) და 600 ლარს (220 ევრო) სასამართლოს წინაშე გაწეული იურიდიული ხარჯებისთვის; 105 ლარსა (45 ევრო) და 46.60 ლარს (17.50 ევრო) საფოსტო მომსახურებისთვის; და 16.60 ლარსა (6 ევრო) და 12.10 ლარს (4.50 ევრო) იმ ხარჯებისთვის, რაც მათ გაიღეს მობილური ტელეფონის სერვისის მიმწოდებლისგან გარკვეული მტკიცებულებების მისაღებად. მათი მოთხოვნის გასამყარებლად, მომჩივნებმა წარადგინეს: საბანკო გადარიცხვების საგადახდო დავალებების ასლი იმის დასტურად, რომ თანხა გადაირიცხა წარმომადგენლის ანგარიშზე, საქართველოს ფოსტის ქვითრების ასლი და ინვოისების ასლი მობილური ტელეფონის მომსახურების მიმწოდებლისგან.
68 . მთავრობამ წარადგინა, რომ რაიმე სახის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, უსაფუძვლო იქნებოდა ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების დაკისრება. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ხარჯებს, მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი იყო დაუსაბუთებელი.
69 . სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს მიიღოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ეს ხარჯები და დანახარჯები რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული და რაოდენობრივად გონივრულია. წინამდებარე საქმეში, მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიაკუთვნოს 73 ევრო მომჩივნებს ერთობლივად, გაღებული ხარჯების დასაფარად, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროთ მომჩივნებს.
ამ მოტივით, სასამართლო, ერთხმად,
1. იღებს გადაწყვეტილებას , რომ გააერთიანოს საჩივრები.
2. აცხადებს საჩივრებს მისაღებად.
3. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი ორივე მომჩივანთან მიმართებით.
4. ადგენს,
(a) რომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს მოქმედი კურსით:
(i) 1 500 (ათას ხუთასი) ევრო თითოეულს, მორალური ზიანისთვის, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროთ მომჩივნებს;
(ii) 73 ევრო (სამოცდაცამეტი) ერთობლივად, ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროთ მომჩივნებს;
(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
5. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2025 წლის 18 თებერვალს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
|
სიმონ პეტროვსკი განმწესრიგებლის მოადგილე |
ჟოლიენ შუკინგი თავმჯდომარე დანართი საქმეების სია:
|
N
|
საჩივარი N
|
საქმის დასახელება
|
შეტანილია
|
მომჩივანი
|
წარმომადგენელი
|
1.
|
33067/22
|
რომანჩენკო საქართველოს წინააღმდეგ
|
29/06/2022
|
ანა რომანჩენკო
|
თამარ ავალიანი
|
2.
|
37832/22
|
ხარაზიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
|
26/07/2022
|
ნიკა ხარაზიშვილი
|
თამარ ავალიანი
|