საქართველოს რესპუბლიკაში ავტოტრანსპორტის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობების ახალი ნიმუშების დამზადებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 21.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №585
სარეგისტრაციო კოდი 000000180.02(0).001.000026 39
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 29/09/1995
265 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკაში ავტოტრანსპორტის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობების ახალი ნიმუშების დამზადებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №585 1995 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკაში ავტოტრანსპორტის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობების ახალი ნიმუშების დამზადებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ ბულგარული ფირმა „კომექსის“ საქართველოს გენერალური წარმომადგენლობის მიერ დამზადებული და საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი ავტომოტოტრანსპორტის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობები ვერ პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, არ გააჩნია დაცვის საშუალებანი, დამზადებულია დაბალ პოლიგრაფიულ დონეზე, რაც იძლევა მათი ყალბი ნიმუშების დამზადებისა და დანაშაულებრივად გამოყენების საშუალებას. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს მრავალი ასეთი ფაქტია გამოვლენილი. ავტომოტოტრანსპორტის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობების ახალი ნიმუშის დამზადების და სამოქმედოდ შემოღების აუცილებლობა განპირობებულია აგრეთვე იმით, რომ რესპუბლიკაში ბოლო წლებში მიმდინარე ნეგატიური პროცესების დროს აღნიშნული მოწმობების ბლანკების დიდი რაოდენობა დატაცებული და დაკარგულია. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადება რესპუბლიკაში მოქმედი ავტომოტოტრანსპორტის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობების შეცვლის, მათი ახალი ნიმუშების დამზადებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ. 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს. - ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობების ახალი ნიმუშების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე დამზადების უზრუნველსაყოფად გამოაცხადოს კონკურსი; - კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ დამზადებული მოწმობების ნიმუშები შეათანხმოს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომისიებთან და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან, რის შემდეგაც გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან; - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში განსახილველად შემოიტანოს წინადადებები ავტომოტოტრანსპორტის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობების ახალი ნიმუშების სამოქმედოდ შემოღების წესის შესახებ. 3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ავტომოტოტრანსპორტის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობების დამზადებისა და სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ითხოვს საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია