უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №112
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017641 155
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/11/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.08.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საერთაშორისო დაცვის შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი
დოკუმენტის ტექსტი
უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№112
2025 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის პირველი პუნქტის, 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 532 მუხლის მე-4 პუნქტის, 561 მუხლის მე-5 პუნქტის, 571 მუხლის მე-6 პუნქტის, 572 მუხლის მე-4 პუნქტის, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის, 631 მუხლის მე-3 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-12 პუნქტის, 643 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანებით დამტკიცებული „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის“ 63-ე მუხლი ამოქმედდეს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შექმნის შემდეგ.
მუხლი 4🔗
სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე უცხოელისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობის ან/და შესაგებლის, სასამართლო უწყების, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალების, აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების ბრძანების ჩაბარების მიზნით, სასამართლოს უფლებამოსილი პირი აღნიშნულ შუამდგომლობას ან/და შესაგებელს, სასამართლო უწყებას, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალებს ან/და სასამართლო გადაწყვეტილებას/განჩინებას/ბრძანებას, ელექტრონული ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს, რომელიც, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს მათ განთავსებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირებისა და გამოვლენის, აგრეთვე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ − კანონი) გათვალისწინებული უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლების არსებობისას, ამ ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე, კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისა და გადაყვანის/ესკორტირების წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) მინისტრი − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
გ) დეპარტამენტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;
დ) მთავარი სამმართველო – დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო;
ე) სამმართველო − დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ საქართველოს სამმართველო;
ვ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო – დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მათ შორის, უცხოელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს, ასევე ამ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას;
ზ) სტატუსის დადგენის სამმართველო − დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მათ შორის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაციას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვას, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემასა და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს;
თ) ცენტრი − დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს დროებითი განთავსების ცენტრი (განყოფილება);
ი) იზოლატორი – სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორი;
კ) პენიტენციური დაწესებულება − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები;
ლ) სააგენტო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
მ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – მთავარი სამმართველოს მოსამსახურე, რომელიც კანონისა და ამ წესის შესაბამისად, შეისწავლის უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და ამ მიზნით უცხოელის დაკავებისა და მოთავსების საკითხს;
ნ) დაკავებაზე უფლებამოსილი პირი − დეპარტამენტის ან/და სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან/და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გააჩნია საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და იზოლატორში ან/და ცენტრში მოთავსების მიზნით გადაყვანის/ესკორტირების უფლებამოსილება;
ო) გაძევების პროცედურა − უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში, უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისა და კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოცემის ან შესაბამისი შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, დეპარტამენტის მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის განხილვა, ასევე მიღებული გადაწყვეტილების/ბრძანების აღსრულების მიზნით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
პ) პირადი საქმე – უცხოელთან ან უცხოელის მიმართ საქართველოდან გაძევების პროცედურასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ელექტრონული მასალების ერთობლიობა, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობასთან ან დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების მასალები;
ჟ) მონაცემთა ბაზა − სამინისტროში შექმნილი მონაცემთა ბაზა იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ ან/და რომელთა მიმართ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიმდინარეობს გაძევების პროცედურა ან/და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს საქართველო.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ტერმინებისგან განსხვავებით, ამ ბრძანებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა
მუხლი 3🔗. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა
1. დეპარტამენტი, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. დეპარტამენტი, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეამოწმოს საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, მათ შორის, კაფე, რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასტუმრო ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილი.
მუხლი 4🔗. უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება
1. დეპარტამენტს, აგრეთვე სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ტერიტორიულ ორგანოს ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილი ან სხვა კერძო საკუთრება/მფლობელობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის/თანამფლობელის ან სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად.
2. თუ არსებობს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ანდა მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, დეპარტამენტს, აგრეთვე სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ტერიტორიულ ორგანოს ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, დაიწყოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. ამ შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა, სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა, ტერიტორიულმა ორგანომ ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უნდა დაასაბუთოს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების ოქმი (დანართი №8).
4. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა სამგზავრო დოკუმენტი გადამალა, დეპარტამენტს, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ტერიტორიულ ორგანოს ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად შეამოწმოს აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი. შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დეპარტამენტი, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მოქმედებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმებისას დეპარტამენტს, აგრეთვე სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ტერიტორიულ ორგანოს ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, განახორციელოს მისი გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.
6. უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას დეპარტამენტს, აგრეთვე სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ტერიტორიულ ორგანოს ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შეუძლია დამსაქმებელს მოსთხოვოს, მისცეს მას იმ დოკუმენტების დათვალიერების შესაძლებლობა, რომლებითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერი საფუძვლის არსებობა.
თავი III. უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება
მუხლი 5🔗. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება
1. დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის შემთხვევაში, იღებს უცხოელის თითების ანაბეჭდებს და ხელისგულების ანაბეჭდებს, აგრეთვე უღებს უცხოელს ფოტოსურათს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ცნობილია, რომ აღნიშნული მონაცემები უკვე მოპოვებულია.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით უცხოელის მიმართ საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის დაწყების შემთხვევაში, იღებს უცხოელის თითების ანაბეჭდებს და ხელისგულების ანაბეჭდებს, აგრეთვე უღებს უცხოელს ფოტოსურათს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ცნობილია, რომ აღნიშნული მონაცემები უკვე მოპოვებულია.
3. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება დასაშვებია, თუ მისი იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღების, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების დროს გაითვალისწინება მისი უფლებები და საუკეთესო ინტერესები.
4. თუ უცხოელი ფოტოსურათის გადაღებაზე, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უარს აცხადებს, ეს პერსონალური მონაცემები შეიძლება მიღებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიების გამოყენებით.
5. თუ უცხოელი უარს აცხადებს თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს განუმარტავს მის უფლებამოსილებას, კანონის შესაბამისად თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების მიზნით გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიება.
6. თუ ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო ვერ ხერხდება თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ეს პროცედურა გადაიდება ხარვეზის აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რაიმე საფუძვლით შეწყდა გაძევების პროცედურა.
7. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირის სამედიცინო მდგომარეობის ან სხვა გარემოების გამო შეუძლებელია უცხოელის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს უცხოელისთვის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმს (დანართი №1), სადაც მიეთითება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის მიზეზები.
8. უცხოელის ფოტოსურათი, თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები ინახება სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. ეს პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება
1. ამ წესის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებას.
2. თითების ანაბეჭდებთან და ხელისგულების ანაბეჭდებთან ერთად სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) უცხოელის სახელი და გვარი;
ბ) უცხოელის მოქალაქეობა;
გ) სამგზავრო დოკუმენტის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების თარიღი და დრო.
თავი IV. თარგმნა
მუხლი 7🔗. თარგმნა გაძევების პროცედურის განხორციელებისას
1. გაძევების პროცედურის განხორციელებისას უცხოელი უზრუნველყოფილია თარჯიმნის მომსახურებით.
2. დაუშვებელია, რომ გაძევების პროცედურის განმავლობაში თარგმანი განახორციელოს უცხოელის კანონიერმა წარმომადგენელმა ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატმა.
3. თარჯიმანმა უნდა დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დეპარტამენტში თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებისას და არ უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია სხვა პირებს, გარდა გაძევების პროცედურის მონაწილე უფლებამოსილი თანამდებობის პირისა. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ვრცელდება თარჯიმანსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შემდეგაც.
თავი V. უცხოელის პერსონალური მონაცემების დაცვა და მისი პირადი საქმის წარმოება
მუხლი 8🔗. უცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გაძევების პროცედურისას
1. უცხოელის პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უცხოელის კანონიერ წარმომადგენელს/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს, უფლებამოსილებისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა ამ პირის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.
მუხლი 9🔗. პირადი საქმის წარმოება
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის საშუალებით უზრუნველყოფს უცხოელის პირადი საქმის წარმოებას, რაც მოიცავს გაძევების პროცედურის განხილვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.
2. ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის საშუალებით პირადი საქმის წარმოება ხდება იმგვარად, რომ დეპარტამენტის მიერ ამ წესით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობის საფუძვლებში მოცემულია სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
თავი VI. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა
მუხლი 10🔗. გაძევების პროცედურის დაწყება
1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ:
ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში;
ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;
დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;
ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა;
ზ) იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში − სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე;
თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
2. სამმართველო იწყებს უცხოელის საქართველოდან გაძევების პროცედურას:
ა) უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გაძევების სავარაუდო საფუძვლის გამოვლენის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის დეპარტამენტისთვის მიწოდების შემთხვევაში;
ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ დეპარტამენტისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტის, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას გამოვლინდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი;
დ) საქართველოში სავარაუდოდ კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შრომითი მიგრანტების შესახებ ინფორმაციისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში.
3. გაძევების პროცედურა არ დაიწყება/შეწყდება იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელი ნებაყოფლობით მიდის საქართველოდან და აღნიშნული დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.
მუხლი 11🔗. საქმეების გადანაწილება სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს შორის
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლების აღმოჩენის შემთხვევაში, მთავარი სამმართველოს უფროსი დაუყოვნებლივ ანაწილებს საქმეებს სამმართველოს უფროსებს შორის, რომლებიც, თავის მხრივ, ანაწილებენ მათ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს შორის.
2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი განიხილავს გაძევების საკითხს და ამზადებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე შესაბამის შიდა სამსახურებრივ დოკუმენტს. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება ან უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე შესაბამისი შიდა სამსახურებრივი დოკუმენტი მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს.
3. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აწარმოებს მისთვის გადაწერილი საქმეების სიას, თითოეული საქმის მდგომარეობის მითითებით. აღნიშნული სია, თვის ბოლოს, წარედგინება სამმართველოს უფროსს, მთავარი სამმართველოს უფროსს და დეპარტამენტის დირექტორს.
მუხლი 12🔗. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების თაობაზე განმარტება
უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს, მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლებას, ამ უფლების რეალიზების 10 დღიან ვადას, აგრეთვე ამ უფლებით აღნიშნულ ვადაში არსარგებლობის შედეგებს.
მუხლი 13🔗. ინფორმაციის გაცვლა
1. გაძევების პროცედურის დაწყებისთანავე, გაძევების საფუძვლების დადგენის მიზნით, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ გამოითხოვს უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებს. უცხოელთან გასაუბრების ჩატარების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და დამსაქმებლისგან ან/და სხვა იურიდიული პირისგან, გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.
2. შესაბამის უწყებებთან ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
3. უფლებამოსილი თანამდებობის პირი, საჭიროების შემთხვევაში, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველოდან გამოითხოვს უცხოელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას.
4. დეპარტამენტი, გაძევების პროცედურის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ, საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, ტერიტორიული ორგანოდან ან/და საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გამოითხოვს გაძევების საკითხის განხილვისთვის საჭირო ინფორმაციას. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო და საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ვალდებულია, მიმართვის მიღებიდან გონივრულ ვადაში, დეპარტამენტს გაუგზავნოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
მუხლი 14🔗. გასაუბრება
1. გაძევების პროცედურის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, უცხოელთან ტარდება გასაუბრება. ამ გასაუბრების ჩატარების თარიღი უცხოელს ეცნობება 2 სამუშაო დღით ადრე, ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით. მას გასაუბრების ჩატარების დრო შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით, რის შესახებაც დგება სატელეფონო გასაუბრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო თარჯიმნის მეშვეობით დაკავშირების შემთხვევაში − ასევე თარჯიმანი.
2. უცხოელთან გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება წერილობით ფიქსირდება და ეს მასალები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ინახება უცხოელის პირად საქმეში.
3. უცხოელის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შესახებ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
4. უცხოელის შუამდგომლობით, რასაც თან ერთვის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას გასაუბრების თარიღის გადატანის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დგება ოქმი, რომელიც შეიტანება პირად საქმეში.
5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრების ჩატარებამდე, საჭიროების შემთხვევაში, იკვლევს საქმის გარემოებებს, კერძოდ:
ა) ეცნობა მის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ ან შედგენილ დოკუმენტაციას, გამოყოფს საქმესთან უშუალო კავშირში მყოფ არსებით დეტალებს;
ბ) შეისწავლის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციას;
გ) ეცნობა უცხოელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ზოგად ინფორმაციას;
დ) გასაუბრებისთვის ამზადებს გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვებს;
ე) ოჯახის ერთიანობის პრინციპის ან/და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ადგენს ოჯახურ კავშირებს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამის კითხვებს.
6. შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი ან/და კანონიერი წარმომადგენელი გასაუბრებაზე დაიშვება უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
7. უცხოელის მოქალაქეობის დადგენის მიზნით, დეპარტამენტის თხოვნის საფუძველზე, უცხოელთან დამატებით გასაუბრებას ატარებს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა, რომლის მოქალაქედაც, სავარაუდოდ, ითვლება უცხოელი.
მუხლი 15🔗. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება
1. შესაძლებლობის შემთხვევაში, თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას და მომზადებულია ბავშვის ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური განვითარებისა და ქცევის საკითხებში.
2. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებისას, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია გამოცხადდეს შესვენებები.
4. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმაცია თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის შესახებ, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ. აღნიშნული ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას.
მუხლი 16🔗. ჩატარებული გასაუბრების ჩაწერა
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აწარმოებს გასაუბრების ოქმს, რომელშიც მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მოქალაქეობა;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი და გვარი;
გ) თარჯიმნის სახელი და გვარი;
დ) შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის ან/და კანონიერი წარმომადგენლის სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) გასაუბრების თარიღი და ადგილი.
2. გასაუბრების დასრულებისას, გასაუბრების ოქმს ხელს აწერენ უცხოელი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმანი, აგრეთვე გასაუბრებაზე დამსწრე სხვა პირები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 17🔗. ოჯახური კავშირების დადგენა
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი გაძევების პროცედურის ფარგლებში, ოჯახური კავშირის დასადგენად, იკვლევს უცხოელის მიერ ამ მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გარემოებებს.
2. გასაუბრებაზე, ოჯახური კავშირის დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ა.შ.) ან/და ნათარგმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები.
მუხლი 18🔗. არასრულწლოვანის გაძევება
1. არასრულწლოვანის გაძევების დროს დაცული უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ პრინციპის დაცვით, არასრულწლოვანის გაძევების დროს, უფლებამოსილი პირების გარდა, შეიძლება ჩართულ იქნენ პირები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს პედაგოგიკას ან/და ფსიქოლოგიაში, აგრეთვე, შესაბამისი ორგანიზაციები.
2. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის მიმართ გაძევების გადაწყვეტილების გამოტანის შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას არასრულწლოვანის ნებაყოფლობით დაბრუნების მიზნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებ სახელმწიფოში უზრუნველყოფილი იქნება მისი ცხოვრებისათვის შესაბამისი პირობები.
3. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი (არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰყავს მეურვე, მზრუნველი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი) უცხოელის გაძევება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებ სახელმწიფოში უზრუნველყოფილი იქნება მისი ცხოვრებისათვის შესაბამისი პირობები.
მუხლი 19🔗. ოჯახის წევრების გაძევება
1. გაძევების პროცედურის ყველა ეტაპზე, როგორც გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებისას, დაცული უნდა იქნეს ოჯახის ერთიანობის პრინციპი. ოჯახის წევრების განცალკევება ხორციელდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
2. ოჯახის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებისას, არასრულწლოვანი წევრების არსებობის შემთხვევაში, ყურადღება ექცევა თანმხლების გარეშე დარჩენის ან/და განათლების მიღების შეფერხების საშიშროებას.
მუხლი 20🔗. სახელმწიფოები, რომლებშიც შეიძლება უცხოელის გაძევება
1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს:
ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება;
ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში;
გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება;
დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე.
2. დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელშიც:
ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;
ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც ის წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის წინაშე დადგება.
მუხლი 21🔗. გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება
1. დეპარტამენტი ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა და შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში, გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე;
ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახე;
ბ) სათაური;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ადგილი;
დ) სარეგისტრაციო ნომერი;
ე) დეპარტამენტის დასახელება;
ვ) გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა;
ზ) გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;
თ) იმ უცხოელის სახელი, გვარი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის მიმართაც მიღებულია გადაწყვეტილება;
ი) ქვეყანა, სადაც უნდა მოხდეს უცხოელის გაძევება;
კ) ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადა;
ლ) კანონის შესაბამისად განსაზღვრული ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აკრძალული ექნება ქვეყანაში შემოსვლა;
მ) გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
3. გადაწყვეტილებაში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების ან საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
4. დეპარტამენტი უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს:
ა) უცხოელის საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობას, საქართველოსთან მის პირად, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს;
ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპს, უცხოელის ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთათვის მოსალოდნელ შედეგებს;
გ) მიმღებ სახელმწიფოსთან უცხოელის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა კავშირებს.
5. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, სათანადო აღნიშვნა შესაძლებელია გაკეთდეს სამინისტროს მონაცემთა ბაზაში.
6. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
7. უცხოელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ბარდება ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების ნათარგმნ ტექსტში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების ან საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
9. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება, 24 საათის განმავლობაში, ეგზავნება საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
მუხლი 22🔗. სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობა გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შესახებ
1. ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლების აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გაძევების პროცედურის ფარგლებში, დეპარტამენტი შეისწავლის უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლებს. თუ არსებობს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დეპარტამენტი გაძევების საკითხის განხილვის მიზნით შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლო განიხილავს წარდგენილ შუამდგომლობას და იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას/ბრძანებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის მომზადების საფუძველია სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი შიდასამსახურებრივი დოკუმენტი.
3. დეპარტამენტის მიერ უცხოელის გაძევების საკითხის მიზნით სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:
ა) უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი და უცხოელის სხვა მონაცემები;
ბ) გაძევების საფუძველი;
გ) სავარაუდო მიმღები ქვეყანა;
დ) თანდართული მასალები;
ე) ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადა;
ვ) კანონის შესაბამისად განსაზღვრული ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აკრძალული ექნება ქვეყანაში შემოსვლა;
ზ) შედგენის თარიღი;
თ) შუამდგომლობის წარმდგენი უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ბრძანება უცხოელს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, ამ წესის 33-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 23🔗. ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, საქართველოში მყოფ უცხოელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული საქმის სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა − 7 კალენდარული დღიდან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, უცხოელთან გასაუბრების ეტაპზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადით სარგებლობის უფლებას, აგრეთვე საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების უფლების თაობაზე.
3. უცხოელის მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მას საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს შემდეგი ვალდებულება:
ა) კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადდეს დეპარტამენტში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში;
ბ) შეიტანოს სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაო;
გ) სამმართველოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი;
დ) სამმართველოს დაუყოვნებლივ ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მიუთითა მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას;
ე) შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე 2 დღეზე მეტი ხნით არყოფნის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობოს სამმართველოს;
ვ) გამოცხადდეს სამმართველოში მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გარემოებების გასარკვევად ან/და კონსულტაციისთვის.
4. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით უცხოელს შეიძლება დაეკისროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთზე მეტი ვალდებულება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამგზავრო დოკუმენტის სამმართველოსთვის ჩაბარებისთანავე სამმართველო უცხოელზე გასცემს უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის დეპარტამენტისათვის ჩაბარების შესახებ ცნობას (დანართი №2).
6. უცხოელისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში დეპარტამენტს, აგრეთვე სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით შეამოწმოს, ცხოვრობს თუ არა უცხოელი მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე.
7. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტის, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად უცხოელის საცხოვრებელი ადგილის შემოწმებაზე უცხოელის მიერ უარის თქმა არის ამ წესის 42-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა.
8. უცხოელს შეიძლება არ განესაზღვროს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადა, თუ:
ა) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე;
ბ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
გ) მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე;
დ) მან ბინადრობის მოწმობის გაცემის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების ეტაპზე მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ყალბი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა;
ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმ უცხოელის მიმართ, რომელიც დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელსაც არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება;
ვ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ზ) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ;
თ) იგი ამ წესის 42-ე მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს დეპარტამენტთან.
9. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა შეიძლება შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, თუ:
ა) არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე;
ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ბ.ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;
ბ.ბ) უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ;
ბ.გ) უცხოელი ამ წესის 42-ე მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს დეპარტამენტთან.
10. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით მისი საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება.
11. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო გამოიყენება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
12. ამ წესის მე-10 პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
13. კანონის 64-ე მუხლითა და 661 მუხლით დადგენილი წესით ცენტრში მოთავსებული უცხოელი, რომელმაც მოითხოვა ნებაყოფლობითი დაბრუნება, ვერ დატოვებს ცენტრის ტერიტორიას. უცხოელი ცენტრს დატოვებს მხოლოდ საქართველოს დატოვების მიზნით, ამ წესით განსაზღვრული ესკორტირების წესების დაცვით.
14. დეპარტამენტი თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 24🔗. ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება
უცხოელის მიერ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას ენიჭება უპირატესობა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებასთან მიმართებით.
მუხლი 25🔗. უცხოელის მიმალვის საფრთხე
უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სამმართველოს მიერ ფასდება მისი მიმალვის საფრთხე. უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ:
ა) მას საქართველო არ დაუტოვებია საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში;
ბ) საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას მან ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინა;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან სამგზავრო დოკუმენტი გაანადგურა ან დამალა;
დ) არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ;
ე) მას არაერთხელ ჩაუდენია განზრახი დანაშაული ან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ვ) მან არ შეასრულა მისთვის დაკისრებული, კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება;
ზ) სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გასაუბრებისას მან მიუთითა, რომ არ სურს შეასრულოს საქართველოს დატოვების ვალდებულება, ან უცხოელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას ასკვნის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით;
თ) იგი საქართველოში შემოვიდა მაშინ, როდესაც საქართველოში შემოსვლა ეკრძალებოდა;
ი) იგი დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო და მას არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება;
კ) მან მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას თავის მიერ მითითებული საცხოვრებელი ადგილი ისე მიატოვა, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს;
ლ) იგი არ ცხადდება სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას;
მ) ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება მიიმალოს;
ნ) მას არ აქვს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი ან იგი დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს არ აწვდის ან არასწორად უთითებს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.
მუხლი 26🔗. გაძევების გადავადება
1. გაძევების საკითხის შესწავლისას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების/ბრძანების მიღების შემდეგ, კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაძევების გადავადების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამმართველო შეისწავლის გაძევების გადავადების საკითხს და გადავადების საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე ან მიმართავს სასამართლოს უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე შუამდგომლობით.
2. გაძევების გადავადება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში, ასევე − გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს 30 დღემდე ვადით.
4. გაძევების გადავადების საფუძვლის არსებობისას, გაძევების გადავადება ხორციელდება უცხოელის მიმართვის ან სამმართველოს ინიციატივის საფუძველზე.
5. გაძევების გადავადების საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში უცხოელს უფლება აქვს, მიმართოს დეპარტამენტს გაძევების გადავადების თხოვნით, რომელსაც სამმართველო განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში.
6. უცხოელის მიმართვის საფუძველზე სამმართველო განიხილავს გაძევების გადავადების საკითხს, შეისწავლის გადავადების საფუძველს, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან ან/და იურიდიული პირებიდან გამოითხოვს ინფორმაციას.
7. გაძევების გადავადების საკითხის განხილვისას, სამმართველოს შეუძლია უცხოელს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.
8. თუ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთჯერადად, 30 დღის ვადით.
9. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების ან გადავადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. უცხოელს გადაწყვეტილება ბარდება ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.
მუხლი 27🔗. საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
1. საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს დეპარტამენტი.
2. კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება დაუწესდეს იმ უცხოელს, რომელიც, კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებს.
3. კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლის აკრძალვას უწესებს სასამართლო.
4. საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ხანგრძლივობის დადგენისას გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: უცხოელის ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობას, ოჯახურ ან სოციალურ კავშირებს ქვეყანასთან, უცხოელის მზადყოფნას ითანამშრომლოს უფლებამოსილ ორგანოსთან.
თავი VII. შეტყობინების და გადაწყვეტილების ჩაბარების წესი. დეპარტამენტის შუამდგომლობის ან/და შესაგებლის, სასამართლოს უწყების, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალების, აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი
მუხლი 28🔗. უცხოელთან კომუნიკაციის წესი
1. უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება.
2. დეპარტამენტმა შესაძლებელია დამატებით განახორციელოს უცხოელთან კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.
4. შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებისთანავე, უცხოელს, მის მიერ დეპარტამენტისთვის ბოლოს მიწოდებული მობილური ტელეფონის ნომერზე, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია.
მუხლი 29🔗. შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებისა და ჩაბარების წესი
1. დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემის მიზნით, შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე – migration.police.ge.
2. შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.
3. უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გაძევების პროცედურა, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა აქვს მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.
მუხლი 30🔗. მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემა
1. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ უცხოელს გადაეცემა/მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება შექმნილი/გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.
2. მომხმარებლის სახელისა და პაროლის შექმნის/გენერირების მიზნით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უცხოელი ვალდებულია დეპარტამენტში წარადგინოს მობილურის ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ წესის 42-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად. კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, უცხოელმა უნდა წარადგინოს ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 31🔗. უცხოელის ვალდებულებები
უცხოელი ვალდებულია:
ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი;
ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს დეპარტამენტს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენის მიზნით;
გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას.
მუხლი 32🔗. შეტყობინების ანდა გადაწყვეტილების ჩაბარება ცენტრში ან იზოლატორში მოთავსებული უცხოელისათვის
ამ თავით დადგენილი მოთხოვნები კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტში იმყოფება ცენტრში ან იზოლატორში. აღნიშნულ შემთხვევაში, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელს პირადად ბარდება, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება.
მუხლი 33🔗. უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი
1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა ან/და შესაგებელი, სასამართლო უწყება, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალები, აგრეთვე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, განჩინების გამოტანისას ან ბრძანების გამოცემისას გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით განთავსდება ვებგვერდზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით და მისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.
3. სასამართლოს უფლებამოსილი პირები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების, განჩინების ან/და ბრძანების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალების ან/და სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებას ახორციელებენ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობის ან/და შესაგებლის, სასამართლო უწყების, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალების, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც შუამდგომლობის წარდგენის, სასამართლო უწყების, ასევე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების მიღების მომენტში მოთავსებულია ცენტრში ან იზოლატორში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის შუამდგომლობა ან/და შესაგებელი, სასამართლო უწყება, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალები, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება/ბრძანება, უცხოელისთვის ხელზე გადასაცემად, სასამართლოს უფლებამოსილი პირის მიერ, ეგზავნება დეპარტამენტს. უცხოელს აღნიშნული დოკუმენტები პირადად, ხელზე ბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. ჩაბარების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, უცხოელი და თარჯიმანი (თუ აღნიშნული დოკუმენტის უცხოელისთვის ჩაბარება თარჯიმნის მონაწილეობით განხორციელდა). უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება.
თავი VIII. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
მუხლი 34🔗. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
1. კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შემთხვევაში მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ/უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21122 და 21126 მუხლებით დადგენილი წესებით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება.
მუხლი 35🔗. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე წარდგენილ განცხადებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, იხილავს სტატუსის დადგენის სამმართველო.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილება, კანონით დადგენილი წესით, ამოწმებს დაცულია თუ არა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადა.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სტატუსის დადგენის სამმართველო დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს შესაბამის შიდასამსახურებრივ დოკუმენტს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევის გამო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ან თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ შიდასამსახურებრივ დოკუმენტში მოცემული დასაბუთება აისახება მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებულ, ამ წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში.
4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განცხადების წარდგენის შემთხვევაში სტატუსის დადგენის სამმართველო, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განცხადების განხილვის შედეგად, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს შესაბამის შიდასამსახურებრივ დოკუმენტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულ შიდასამსახურებრივ დოკუმენტში მოცემული დასაბუთება აისახება მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებულ, ამ წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, მთავარი სამმართველო გაძევების საკითხის განხილვის შემდეგ ამზადებს გადაწყვეტილებას, სადაც ასევე აისახება სტატუსის დადგენის სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილი.
6. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტის დირექტორი იღებს ერთ-ერთი შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;
ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;
გ) საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;
დ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე და უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე;
ე) თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.
თავი IX. საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
მუხლი 36🔗. უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
1. უცხოელის მიმართ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების/ბრძანების საფუძველზე საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან, ან თუ გადაწყვეტილებით/ბრძანებით არ განესაზღვრა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა, საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გამოყენებისას, დეპარტამენტმა, შეძლებისდაგვარად, უნდა გაითვალისწინოს მოსალოდნელი დაბრკოლებები.
3. თუ დეპარტამენტი ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან იგი თავშესაფრის მაძიებელია, ან არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.
4. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია განხორციელდეს ესკორტით ან ესკორტის გარეშე, საზღვაო, სახმელეთო ან საჰაერო გზით.
5. დეპარტამენტი, უცხოელის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, ახორციელებს:
ა) გაძევების შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესწავლას;
ბ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში, გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ტრანზიტულ ქვეყანაში შესვლის ნებართვის მოპოვებას;
ე) მგზავრობის მიზნით უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის ცნობის მიღებას;
ვ) უცხოელის ფსიქოლოგიური კონსულტაციით უზრუნველყოფას;
ზ) უცხოელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების დაცვის უზრუნველყოფას;
თ) ესკორტის წევრების შერჩევასა და გამოყოფას;
ი) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ანგარიშის მომზადებას.
6. იმ შემთხვევაში, თუ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში უცხოელი გამოთქვამს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების სურვილს, მას, შეძლებისდაგვარად, უნდა მიეცეს ამის საშუალება.
7. სამმართველო ვალდებულია, მოამზადოს და გააკონტროლოს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის:
ა) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება;
ბ) სამგზავრო დოკუმენტები, როგორც უცხოელის, ასევე ესკორტის ჯგუფისათვის;
გ) უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ე) გადამყვანი კომპანიის დასტური უცხოელის გადაყვანისათვის;
ვ) საჭირო ვიზები და სხვა დოკუმენტაცია.
8. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე, გონივრულ ვადაში, დეპარტამენტი უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ატყობინებს, სად (რომელ ქვეყანაში), როდის (თარიღი და დრო) და რა პირობებში (ესკორტით თუ ესკორტის გარეშე) მოხდება მისი გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი გაძევების პროცესის განმავლობაში არ იმყოფება ცენტრში, შესაბამისი შეტყობინება უცხოელს ბარდება ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.
მუხლი 37🔗. გადამყვან კომპანიებთან ურთიერთობა
დეპარტამენტი უცხოელის გამგზავრებამდე გადამყვან კომპანიასთან ათანხმებს მგზავრობის დეტალებს, აცნობს მას უცხოელის მგზავრობასთან დაკავშირებულ რისკებს და მიმართავს მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თხოვნით.
მუხლი 38🔗. ესკორტი
1. უცხოელის ესკორტით გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
ა) აქვს თუ არა უცხოელს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, გაუწევია თუ არა წინააღმდეგობა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისათვის;
ბ) არსებობს თუ არა ვარაუდი, რომ უცხოელი წინააღმდეგობას გაუწევს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას;
გ) არსებობს თუ არა ინფორმაცია უცხოელის მიერ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით;
დ) აქვს თუ არა უცხოელს ჯანმრთელობის პრობლემა ან გადამდები ინფექციური დაავადება, რომელიც მოითხოვს სამედიცინო პერსონალის თანხლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას ესკორტის დანიშვნის შესახებ.
3. უცხოელთა ესკორტირება გამგზავრების პუნქტამდე ხდება სათანადოდ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებით.
4. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ესკორტის ჯგუფის წევრებს ქვეყნის ფარგლებში უცხოელთა ესკორტირებისას აქვთ სპეციალური საშუალებების ტარების უფლება.
5. გამგზავრების პუნქტამდე ესკორტირების განხორციელებამდე უცხოელს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. სამედიცინო შემოწმებას უნდა ერთოდეს სამედიცინო შემოწმების ფარგლებში უცხოელისათვის ჩატარებული ყველა სამედიცინო დიაგნოზი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მედიკამენტები.
6. სამედიცინო შემოწმების შედეგები უნდა გადაეცეს ესკორტის ჯგუფის ხელმძღვანელს.
7. სამედიცინო პერსონალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი დასაბუთების/დასკვნის საფუძველზე იღებს დეპარტამენტი.
8. დეპარტამენტი ვალდებულია, დროულად შეატყობინოს გადამყვან კომპანიას და მიმღებ მხარეს (შესაბამისი საკონსულო დაწესებულება) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ.
9. დეპარტამენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ესკორტის წევრები მოქმედი სამგზავრო დოკუმენტებითა და მიმღებ/ტრანზიტულ ქვეყანაში შესვლის ნებართვით (საჭიროების შემთხვევაში).
10. ესკორტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის განსაკუთრებული საჭიროებები.
11. ესკორტის ჯგუფის აღჭურვილობა შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის მიერ.
12. განსაკუთრებულ შემთხვევაში ესკორტის ჯგუფის წევრები პასუხისმგებელი არიან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის ესკორტირებასა და დანიშნულების სახელმწიფოს უფლებამოსილი უწყების წარმომადგენლისათვის მის გადაცემაზე.
13. უცხოელის ქვეყნიდან გაყვანის მიზნით, ესკორტირების შემთხვევაში, ესკორტის ჯგუფის წევრები თავის მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, სამოქალაქო ტანსაცმლით, რომელთაც თან უნდა ჰქონდეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებას და ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ თავიანთი ვინაობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების დადასტურება.
14. ესკორტის ჯგუფის წევრები ვალდებული არიან, დაიცვან მიმღები მხარის კანონმდებლობა. ქვეყნიდან გაყვანის მიზნით, გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის ესკორტირების ან ტრანზიტით გადაყვანის დროს, მათი უფლებამოსილებები შემოიფარგლება თავდაცვის უფლებით. მიმღებ სახელმწიფოში იმ ოფიციალური პირების მიუწვდომლობის შემთხვევაში, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ აუცილებელი ზომები, ან დახმარება გაუწიონ ესკორტის ჯგუფის წევრებს დაუყოვნებელი და სერიოზული რისკის შემთხვევაში, ესკორტის ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მიიღონ ყველა გონივრული და სათანადო ზომა, რათა არ დაუშვან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გაქცევა, მის მიერ საკუთარი თავისთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის ზიანის მიყენება ან ქონების დაზიანება.
15. ესკორტის ჯგუფის წევრი გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტისა და სხვა აუცილებელი ცნობების ან მონაცემების ფლობასა და აღნიშნული დოკუმენტების მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი უწყების წარმომადგენლისათვის გადაცემას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია უცხოელის დანიშნულების სახელმწიფომდე გადაყვანა/ესკორტირება. ესკორტის ჯგუფის წევრებს ეკრძალებათ გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გადაცემისათვის შეთანხმებული ადგილის დატოვება მისი გადაცემის პროცედურის დასრულებამდე.
მუხლი 39🔗. უცხოელის პირადი ნივთებისა და ბარგის დაცვა
1. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დროს, უცხოელის პირადი ნივთები და ბარგი ექვემდებარება უსაფრთხოებისათვის დადგენილი შემოწმების პროცედურას.
2. გამგზავრებამდე დეპარტამენტის მიერ უცხოელის ბარგზე კეთდება შესაბამისი საიდენტიფიკაციო აღნიშვნა.
3. პირადი ნივთები, მათ შორის, ფული და ძვირფასეულობა, გადაეცემა გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელს ცენტრის დატოვებისას.
4. გამგზავრებამდე უცხოელს დეპარტამენტი აწვდის ინფორმაციას პირადი ნივთებისა და ბარგის გადატანასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ.
5. ბარგთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ევალება გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელს.
თავი X. იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სახდელის ან სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება ან უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
მუხლი 40🔗. იმ უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ცალკეული პროცედურები, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება
1. უცხოელის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული იმ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც სახდელის სახით ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას, ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 311 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დასკვნის მიღების მიზნით მიმართოს დეპარტამენტს.
2. დეპარტამენტი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დასკვნას გონივრულ ვადაში უგზავნის ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელ ორგანოს, სასამართლოსთვის წარდგენის მიზნით.
3. უცხოელის, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე, 17316, 1741 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახდელის ძირითად ან დამატებით სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება, ცენტრში გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელი ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელს სახდელის ძირითად სახედ განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უცხოელის, რომელსაც სახდელის ძირითად სახედ განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა და სახდელის მოხდის მიზნით მოთავსებულია იზოლატორში, იზოლატორიდან ცენტრში გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს დეპარტამენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მიღებისთანავე იზოლატორი უცხოელის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების ვადის შესახებ ინფორმაციას წერილობით აცნობებს დეპარტამენტს.
6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოელის ცენტრში მოთავსების საფუძველია სასამართლო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც უცხოელს განესაზღვრა საქართველოდან გაძევება. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელი ორგანო დაუყოვნებლივ, ზეპირად აცნობებს დეპარტამენტს. ამასთან, სასამართლო დადგენილებას ან დადგენილების სარეზოლუციო ნაწილს ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელი ორგანო პირველივე შესაძლებლობისთანავე უგზავნის დეპარტამენტს.
7. თუ უცხოელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრება უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება აღსრულდეს:
ა) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას ადმინისტრაციულ სახდელად ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
ბ) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდამდე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას შეეფარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა;
გ) ადმინისტრაციული სახდელის სახით საქართველოდან გაძევების შეფარდებამდე მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული ჰქონდა არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
მუხლი 41🔗. იმ უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ცალკეული პროცედურები, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
1. უცხოელის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას და საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დასკვნის მიღების მიზნით მიმართოს დეპარტამენტს.
2. დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დასკვნას 30 დღის ვადაში უგზავნის პროკურორს ან გამომძიებელს, სასამართლოსთვის წარდგენის მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნა აუცილებელი არ არის, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობა ითვალისწინებს სასჯელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის დანიშვნას.
4. თუ უცხოელი, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის მიზნით მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, დეპარტამენტი უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს მის მიერ სასჯელის მოხდამდე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე, თუკი აღნიშნული ინფორმაცია არსებობს. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოელის ცენტრში გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს დეპარტამენტი.
5. იმ უცხოელის დაკავებას ან/და ცენტრში გადაყვანას/ესკორტირებას, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა და რომლის მიმართაც გამოყენებულია სხვა არასაპატიმრო სასჯელი ან/და პირობითი მსჯავრი, უზრუნველყოფს დეპარტამენტი, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოელის ცენტრში მოთავსების საფუძველია სასამართლოს განკარგულება განაჩენის ასლთან ერთად, რომლითაც უცხოელს განესაზღვრა საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. სასამართლო განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას განაჩენის ასლთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო უგზავნის დეპარტამენტს.
თავი XI. უცხოელის საქართველოდან გაძევების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი გარანტიები. უცხოელის თანამშრომლობის ვალდებულებები
მუხლი 42🔗. უცხოელის დეპარტამენტთან თანამშრომლობის ვალდებულება
1. უცხოელი ვალდებულია მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას ითანამშრომლოს დეპარტამენტთან, მათ შორის:
ა) მას მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება;
ბ) მას წარუდგინოს თავის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ეხება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას;
გ) ითანამშრომლოს მასთან საქართველოდან მის გასაძევებლად საჭირო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად;
დ) ითანამშრომლოს მასთან მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და გადამოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად;
ე) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას აცნობოს მას მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დეპარტამენტს ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის, აგრეთვე თავისი სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის, მათ შორის, კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 61-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, ცვლილების შესახებ;
ზ) შეასრულოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები;
თ) დატოვოს საქართველო უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში;
ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები.
2. უცხოელს წერილობითი ფორმით მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განემარტება, რომ საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, მათ შორის, მის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურება, ხოლო ამ დოკუმენტის არქონის შემთხვევაში − აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისთვის თავის არიდება ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის თავის სხვაგვარად არიდება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მუხლი 43🔗. უცხოელის საქართველოდან გაძევების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი გარანტიები
1. იკრძალება საქართველოდან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი, ღირსების შემლახველი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოპყრობა.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ძალის გამოყენება უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული მოწყვლადი ჯგუფის (არასრულწლოვნები, ორსული ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები და სხვა) განსაკუთრებული საჭიროებები.
3. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების მთელი პროცესის განმავლობაში უნდა განხორციელდეს დაკვირვება გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
4. გაძევების პროცედურის ფარგლებში უცხოელს უფლება აქვს მიიღოს იურიდიული კონსულტაცია.
მუხლი 44🔗. წარმომადგენლობა სამართალწარმოების დროს
1. სამართალწარმოების დროს უცხოელს შეუძლია საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, თუმცა სამართალწარმოებაში ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადვოკატმა სამართალწარმოებაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. სამართალწარმოების დროს ადვოკატის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სამართალწარმოების განხორციელებას არ აფერხებს.
2. თუ სამართალწარმოების დროს უცხოელის მიერ აყვანილი ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, სამართალწარმოება ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განხორციელდება. ამ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
თავი XII. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება
მუხლი 45🔗. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის საფუძვლები
1. უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის თაობაზე გადაწყვეტილებასა და საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი.
2. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია კანონის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის გამო;
ბ) კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოება არ შეცვლილა იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ;
გ) მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება;
დ) მის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს;
ე) არსებობს ამ წესის 46-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
მუხლი 46🔗. საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა
1. დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს:
ა) უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
გ) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში;
დ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.
მუხლი 47🔗. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოჩენისას, დეპარტამენტი შეისწავლის უცხოელისათვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის საკითხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება ეძლევა 1 წლით და ამავე ვადით გაიცემა მასზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. ეს ვადა დეპარტამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 1 წლით, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცა.
3. უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის პერიოდში, როგორც წესი, 6 თვეში ერთხელ სამმართველო შეისწავლის ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს. თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებით სარგებლობის პერიოდში აღმოიფხვრა მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი გარემოება, უცხოელს გაუუქმდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება და მის მიმართ დაიწყება საქართველოდან გაძევების შესაბამისი პროცედურა.
4. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას – დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე გასცემს სააგენტო.
5. ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე აუქმებს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას.
6. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება გაუუქმდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ:
ა) მან არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად წარმოაჩინა ან/და დამალა;
ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას არ უნდა მისცემოდა საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება;
გ) სააგენტოს მიერ მასზე გაცემულია ბინადრობის უფლება.
7. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის, გაგრძელების ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დეპარტამენტი წერილობით მიმართავს სააგენტოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, განმეორებით გაცემის ან გაუქმების თაობაზე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის ერთი ეგზემპლარი ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარდება უცხოელს.
9. უცხოელს უფლება აქვს, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად. უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს წელიწადში ერთხელ, დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე.
10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უარს იტყვის უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და კვლავ არსებობს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უცხოელს გაუგრძელდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება.
თავი XIII. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი
მუხლი 48🔗. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება
1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს იზოლატორში ან ცენტრში. იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს ცენტრში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრში მოთავსების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება იზოლატორში.
მუხლი 49🔗. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და ცენტრში მოთავსების საფუძვლები
საქართველოდან გაძევების მიზნით საქართველოში მყოფი უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს ცენტრში ან იზოლატორში:
ა) თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება;
ბ) თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე;
გ) თუ მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები;
დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;
ე) თუ იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ვ) მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველსაყოფად;
ზ) მისი სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად;
თ) თუ იგი კანონის 511 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან;
ი) თუ მას არ აქვს დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტების კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ან ტრანზიტის ქვეყნიდან მიღება გვიანდება, ან იგი უარს აცხადებს ან/და არ თანამშრომლობს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტების კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებისთვის;
კ) სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსასრულებლად;
ლ) კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
მუხლი 50🔗. დაკავების წესი
1. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.
2. უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ უცხოელი დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. შესაძლებელია, უცხოელი დაკავებიდან 48 საათის გასვლამდე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, თუ აღარ არსებობს მისი დაკავების საფუძველი.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება.
4. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება:
ა) დაკავების საფუძველი;
ბ) ადვოკატის აყვანის უფლება;
გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება;
დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის მიმართვის უფლება;
ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება;
ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება.
5. დაკავებისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატაროს ზედაპირული შემოწმება და ნივთების ზედაპირული დათვალიერება.
6. დაკავებული უცხოელი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი ცენტრში ან იზოლატორში.
7. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – დეპარტამენტის რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს, გარდა თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემთხვევებისა.
8. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანი ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება დეპარტამენტს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს.
9. დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსებისას მისი სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ ცენტრში ინახება.
10. დაკავებაზე უფლებამოსილი პირი უცხოელის დაკავების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის სამორიგეო დანაყოფს, დეპარტამენტის რეაგირების მიზნით.
11. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი (არასრულწლოვანი, რომელსაც არ გააჩნია მეურვე, მზრუნველი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ან არასრულწლოვანის ოჯახი, როგორც წესი, არ უნდა იქნეს გადაყვანილი იზოლატორში.
12. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან ოჯახის ცენტრში მოთავსება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადით, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
13. დაუშვებელია არასრულწლოვნის დაცილება მშობლებისგან მათი სურვილის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების გამოყენებით გადაწყვეტს, რომ დაცილება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
მუხლი 51🔗. უცხოელის დაკავებისას საქართველოში უცხოელის ყოფნის კანონიერი საფუძვლის დადგენისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების პროცედურა
1. დაკავებაზე უფლებამოსილი პირი ახორციელებს უცხოელის იდენტიფიცირებას და საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის დადგენას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს პირი საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე.
2. უცხოელის იდენტიფიცირებისა და საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის დადგენის მიზნით, დაკავებაზე უფლებამოსილი პირი:
ა) ამოწმებს უცხოელის პასპორტს/სამგზავრო დოკუმენტს და სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციას;
ბ) არკვევს, აქვს თუ არა უცხოელს ბინადრობის ნებართვა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, შესაბამისი ვიზა ან არის თუ არა უცხოელი თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი;
გ) ამოწმებს უცხოელის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადას, აგრეთვე, საზღვრის კვეთის შესახებ და საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების შესახებ ინფორმაციას;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ღონისძიებებს;
ე) იღებს უცხოელის თითების ანაბეჭდებს და ხელისგულების ანაბეჭდებს;
ვ) უღებს უცხოელს ფოტოსურათს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შემდეგ, თუ არსებობს უცხოელის გაძევების, მაგრამ არა მისი დაკავების საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს რეაგირების ოქმს ან სხვა შესაბამის დოკუმენტს.
4. უფლებამოსილი თანამდებობის პირი რეაგირების ოქმში უთითებს:
ა) ინფორმაციას საქართველოში უცხოელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ;
ბ) არსებობის შემთხვევაში, სხვა პირის საკონტაქტო მონაცემებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება უცხოელთან დაკავშირება;
გ) გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, რომლის განმავლობაშიც უცხოელი უნდა გამოცხადდეს დეპარტამენტში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის ადგილზე განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, უცხოელის იდენტიფიცირებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს სთავაზობს დეპარტამენტში გადაყვანას და განუმარტავს ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შედეგს.
6. პირის იდენტიფიცირების მიზნით ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს უცხოელის დაკავების უფლებამოსილება კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით.
7. თუ უცხოელი არ ფლობს სამართალწარმოების ენას, მასთან კომუნიკაცია ხორციელდება თარჯიმნის მეშვეობით.
8. ამ წესის მიზნებისათვის კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ სახეზეა კანონის 541 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ან თუ აღმოჩნდება, რომ:
ა) იგი არ თანამშრომლობს დეპარტამენტის უფლებამოსილ პირთან და აცხადებს, რომ არ სურს დეპარტამენტში გამოცხადება ან/და საქართველოს დატოვება;
ბ) ადგილი აქვს გაქცევის მცდელობას, წინააღმდეგობას ან/და სხვა გარემოებას, რაც ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე.
9. დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უცხოელის დაკავებისას ავსებს უცხოელის დაკავების ოქმს ამ წესის 52-ე მუხლის შესაბამისად.
10. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავებასა და ცენტრში/იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს დეპარტამენტი, აგრეთვე უცხოელის დამკავებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
მუხლი 52🔗. დაკავების ოქმი
1. დაკავებისათვის უფლებამოსილმა პირმა დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს უცხოელის დაკავების ოქმი (დანართი №3). თუ დაკავების ოქმის შედგენა ობიექტური მიზეზით/მიზეზებით დაკავებისთანავე შეუძლებელია, დაკავების ოქმი ივსება ცენტრში ან პოლიციის უახლოეს განყოფილებაში დაკავებული უცხოელის მიყვანისთანავე. უცხოელის დაკავების ოქმი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
2. უცხოელის დაკავების შესახებ ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენლის სამუშაო ადგილი, ზუსტი თანამდებობა, სახელი, გვარი; ცნობები დაკავებული უცხოელის შესახებ; ფაქტობრივი დაკავების განმახორციელებელი პირის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; დაკავების ადგილი, დრო, ვითარება და სხვა დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის, ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აშკარად გამოხატული ნიშნების არსებობის შემთხვევაში, უცხოელის გადაყვანისათვის გათვალისწინებული ადგილი და სხვ.); შესაბამისი მიზეზი, თუ დაკავების ოქმი ფაქტობრივი დაკავების ადგილზე არ დგება; დაკავების საფუძველი/საფუძვლები; განმარტება უცხოელის უფლებების თაობაზე; ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი, დაკავებული უცხოელი, არსებობის შემთხვევაში − უცხოელის დამცველი, წარმომადგენელი თარჯიმანი. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
3. დაკავების ოქმის ერთი ასლი გადაეცემა დაკავებულ უცხოელს.
მუხლი 53🔗. შუამდგომლობა უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ
1. კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დეპარტამენტი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსების საკითხის განხილვის მიზნით.
2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:
ა) უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი და უცხოელის სხვა მონაცემები;
ბ) ცენტრში განთავსების საფუძველი;
გ) თანდართული მასალები;
დ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა.
მუხლი 54🔗. ცენტრში მოთავსების ვადა
1. თუ არსებობს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების ან სასამართლოს ბრძანების აღსრულებამდე.
2. დაკავებული უცხოელი ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ცენტრში მოთავსების ვადა დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს ცენტრს.
მუხლი 55🔗. ცენტრში მოთავსება
1. უცხოელის ცენტრში მოთავსებისას:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირი ცენტრს გადასცემს უცხოელის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს;
ბ) უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ის ნივთი, რომელიც ნებადართული არ არის ცენტრის ტერიტორიაზე შესანახად;
გ) უცხოელის ტანსაცმელი გულდასმით თვალიერდება და ისინჯება ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ;
დ) იგი გადის სამედიცინო შემოწმებას;
ე) ხორციელდება უცხოელის წონის, სიმაღლისა და სხვა მონაცემების დადგენა, თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება, აგრეთვე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება დასაშვებია, თუ მისი იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია;
ვ) უცხოელთან რჩება მხოლოდ ის საგნები, ნივთები და კვების პროდუქტები, რაც განსაზღვრული და ნებადართულია ცენტრის შინაგანაწესით;
ზ) ფული, ფასეულობა, ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები, მსგავსი საგნები, ნივთები და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც უცხოელს ჩამოერთვა დათვალიერების დროს, უნდა დაილუქოს და ჩაბარდეს ცენტრის უფლებამოსილ პირს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას შესანახად;
თ) ვადაგასული, აგრეთვე ცენტრში შესანახად აკრძალული საგნები და ნივთები დაუყოვნებლივ ნადგურდება, რის შესახებაც დგება აქტი.
2. ცენტრში მოთავსებულ უცხოელს მისი უფლებები და მოვალეობები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის შინაგანაწესი, ზეპირი ან წერილობითი ფორმით განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.
3. უცხოელის ცენტრში მოთავსებისას უცხოელისთვის იქმნება დამატებითი პირადი საქმე, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის დაკავებასა და ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, უცხოელის სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილი სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია. პირად საქმეში ასევე ინახება უცხოელის ცენტრში მოთავსების პერიოდში მასთან დაკავშირებით შედგენილი ან შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. დაკავებული უცხოელი ცენტრში მიიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მისი ცენტრში მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკავების ოქმი ან სასამართლოს ბრძანება.
5. დაკავებულ უცხოელს ცენტრში მიიღებს ცენტრის უფლებამოსილი პირი/პირები, რაზედაც კეთდება ჩანაწერი შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.
6. ცენტრში მოსათავსებელი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი თავის ნივთებთან ერთად ექვემდებარება პირად დათვალიერებას, ასევე ხორციელდება უცხოელის პირველადი სამედიცინო შემოწმება.
მუხლი 56🔗. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერება
1. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ მისივე სქესის პირმა, იმავე სქესის პირის თანდასწრებით. უცხოელისა და მისი ნივთის/ნივთების პირადი დათვალიერება ხორციელდება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ არსებობს საფრთხე, რომ უცხოელი გამოიყენებს ნივთს/ნივთებს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ქონების დაზიანებისათვის. დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №4). ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი და უცხოელი, ხოლო არასრულწლოვნის, ქმედუუნარო პირის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადი დათვალიერების შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენელი (მისი არარსებობის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა). დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების ოქმი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. თარჯიმნის არსებობის შემთხვევაში, ოქმზე ხელს აწერს თარჯიმანი.
2. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების დროს ჩამორთმეული ნივთები ცენტრში ინახება უცხოელის მიერ ცენტრის საბოლოო დატოვებამდე.
3. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების დროს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცივი იარაღის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ყალბი დოკუმენტაციისა და ბანკნოტების აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს ან/და ტერიტორიულ ორგანოს.
4. ცენტრში მოსათავსებელი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ექვემდებარება პირად დათვალიერებას. პირის პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირადი ნივთების დათვალიერება.
მუხლი 57🔗. დაკავებული უცხოელის სამედიცინო მომსახურება
1. დაკავებულ უცხოელს დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) სამედიცინო მომსახურების განყოფილების მოსამსახურე (სამედიცინო პერსონალი) გამოჰკითხავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ზედმიწევნით ათვალიერებს გარეგნულად და სინჯავს განცალკევებულ ოთახში სხვა პირების დასწრების გარეშე (მოთხოვნის შემთხვევაში სქესის გათვალისწინებით).
2. ცენტრში მიყვანისთანავე უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება ცენტრში უცხოელის მოთავსებისას ჩატარებული პირველადი სამედიცინო შემოწმების ფორმა (დანართი №5).
3. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დამატებით სამედიცინო გამოკვლევას, ცენტრის პასუხისმგებელი მორიგე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიძახოს შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ან სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ან ჯანდაცვის ორგანოების უახლოესი სამკურნალო დაწესებულების ექიმი, რათა მოამზადოს დასკვნა ცენტრში ასეთი პირის მოთავსების შესაძლებლობის შესახებ.
4. თუ სამედიცინო პერსონალის დასკვნით დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსება არ არის მიზანშეწონილი, უზრუნველყოფილ იქნება მისი გადაყვანა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებებში სამკურნალოდ მოთავსებული პირების დაცვა და ესკორტირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ცენტრში წარმოდგენილი უცხოელის პირადი დათვალიერებისა და სამედიცინო შემოწმების შემდგომ, ცენტრის პასუხისმგებელი პირი უცხოელს აცნობს ცენტრში არსებულ წესებს, ასევე მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსებს ცენტრში.
6. ცენტრში განთავსებულ უცხოელს, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ (ცენტრის სამედიცინო პერსონალი) უტარდება შესაბამისი სამედიცინო შემოწმება, რა დროსაც დგება სამედიცინო ანკეტა (დანართი №6).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმებისას, თვითდაზიანებების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი პირი (ცენტრის სამედიცინო პერსონალი) ავსებს ცენტრში მოთავსებული უცხოელის ტრავმების/თვითდაზიანების აღწერის ჟურნალს (დანართი №7).
8. ექიმი ვალდებულია სატელეფონო გზით დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია დეპარტამენტის დირექტორს და წერილობით შეატყობინოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას იმ შემთხვევაში, თუ მას წარმოეშვება ეჭვი მოსათავსებელი პირის მიმართ წამებაზე, არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე, ან თუ მოსათავსებელი პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას. უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევების დროს, ექიმი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას.
9. ცენტრში მოთავსებული უცხოელისთვის უზრუნველყოფილია 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება ცენტრის უფლებამოსილი პირის (ცენტრის სამედიცინო პერსონალი) მიერ.
მუხლი 58🔗. დაკავებული უცხოელის უფლებები და გარანტიები
ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) უცხოელის მიმართ დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა;
ბ) უცხოელის მიმართ მისი სქესის, ასაკისა და კულტურული, რელიგიური თუ სხვა თავისებურებების გათვალისწინებით მოპყრობა;
გ) ოჯახის მოთავსების შემთხვევაში ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა;
დ) არასრულწლოვანის უფლებების დაცვა;
ე) ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება.
მუხლი 59🔗. ცენტრში მოთავსებული უცხოელის უფლებები და ვალდებულებები
1. ცენტრში მოთავსებულ პირს უფლება აქვს:
ა) გაასაჩივროს ცენტრის მოსამსახურეთა ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) დაუბრკოლებლად დაამყაროს კონტაქტი მისი მოქალაქეობის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან. იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, უცხოელს უფლება აქვს, დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც თავის თავზე აიღებს მისი ინტერესების დაცვას ან იმ ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა ამოცანაცაა ასეთი კატეგორიის პირების დაცვა;
გ) სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუბრკოლებლად დაუკავშირდეს და შეხვდეს უფლებამოსილ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს (შესაბამისი რწმუნების წარმოდგენის შემთხვევაში), ადვოკატს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს;
დ) გამოყოფილ დროს ისარგებლოს ტელეფონით სასურველ პირთან დასაკავშირებლად;
ე) ნებისმიერ დროს ისარგებლოს ცენტრში არსებული სამედიცინო პუნქტის მომსახურებით და მიიღოს შესაბამისი დახმარება, მათ შორის მედიკამენტები;
ვ) დასაბუთებული განცხადების საფუძველზე მოითხოვოს საცხოვრებელი ოთახის შეცვლა;
ზ) ისარგებლოს ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. ცენტრში მოთავსებული უცხოელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცენტრში ყოფნის/ქცევის წესები;
ბ) არ შეუქმნას საფრთხე ცენტრში მოთავსებულ სხვა უცხოელს ან სხვა პირს, აგრეთვე ცენტრის უსაფრთხოებას;
გ) განზრახ არ დააზიანოს საკუთარი და სხვა პირის ჯანმრთელობა ან ცენტრის საკუთრება.
3. უცხოელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება მიღებულ იქნეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები.
მუხლი 60🔗. ძალის გამოყენების უფლება
1. ძალის გამოყენების უფლება დაკავებული უცხოელის მიმართ დასაშვებია, თუ იგი:
ა) ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ცენტრის მოსამსახურეებს;
ბ) ახორციელებს სხვა ძალდატანებით მოქმედებებს როგორც ცენტრში, ასევე ესკორტირების დროს, გაქცევის მცდელობისას, მის მიერ გარშემო მყოფთა ან საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების შემთხვევაში.
2. ძალის გამოყენების დროს, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება. უკიდურესი აუცილებლობისას, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვა ზომებიც, აგრეთვე უცხოელის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას უკიდურესი ღონისძიების სახით დასაშვებია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში ცენტრის პასუხისმგებელი პირი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება უსაფრთხოების შერჩეული ზომის გამოყენების ადგილი, საფუძველი და ხელბორკილის ან სხვა საშუალებით შებორკვის მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა.
მუხლი 61🔗. იზოლატორში მოთავსება
1. ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება იზოლატორში.
2. იზოლატორში უცხოელის მოთავსების ვადა 60 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
3. უცხოელის იზოლატორში მოთავსება ხდება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. იზოლატორში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს ამავე ბრძანებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
4. იზოლატორში მოთავსებულ უცხოელთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაუბრება და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისთვის სხვა საჭირო პროცედურები ტარდება იზოლატორში.
მუხლი 62🔗. უცხოელის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა
1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.
2. უცხოელს ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს:
ა) დეპარტამენტში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება;
ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა, ან რეგულარული შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა;
გ) არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა;
დ) დეპარტამენტისთვის სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარება;
ე) ვალდებულების დაკისრება, არ შეიცვალოს ის საცხოვრებელი მისამართი, რომელიც დეპარტამენტის მიერ მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მიუთითა.
3. კონკრეტული საქმის ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ცენტრში მოთავსების ორი ალტერნატიული ზომა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს უცხოელს ან სხვა პირს მისი სახელით ან მის სასარგებლოდ.
5. უცხოელის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადად სასამართლომ შეიძლება განსაზღვროს 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, მაგრამ საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
6. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოების მასალებში მოცემული ინფორმაციისა და გარემოებების, ასევე უცხოელის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელის დაკავებიდან 48 საათში, დეპარტამენტმა შესაძლებელია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს უცხოელის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების მიზნით.
7. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:
ა) უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი და უცხოელის სხვა მონაცემები;
ბ) ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების დასაბუთება;
გ) თანდართული მასალები;
დ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული სასამართლოს ბრძანება, კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის კანცელარიაში რეგისტრაციის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, მთავარი სამმართველოს მიერ იგზავნება უცხოელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით ან სასამართლოს ბრძანებით განსაზღვრულ პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
თავი XIV. თავშესაფრის მაძიებლის დაკავების და ცენტრში მოთავსების წესი
მუხლი 63🔗. იმ უცხოელის დაკავების და ცენტრში მოთავსების საფუძვლები, რომელმაც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების მიღების შემდეგ მოითხოვა საერთაშორისო დაცვა
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების მიღების შემდეგ უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს ცენტრში, თუ:
ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;
გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს იზოლატორში ან ცენტრში. იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს ცენტრში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ უცხოელი დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. შესაძლებელია, უცხოელი დაკავებიდან 48 საათის გასვლამდე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, თუ აღარ არსებობს მისი დაკავების საფუძველი.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება.
5. ამ მუხლის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების განხილვისას გამოიყენება ამ წესის XIII თავით დადგენილი რეგულაციები, გარდა მოცემული თავის მე-60 მუხლისა. ამ მუხლით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემთხვევაში ივსება უცხოელის დაკავების ოქმი (დანართი №3), გარდა იმ შემთხვევისა, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უცხოელი საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული და მოთავსებული იყო ცენტრში.
მუხლი 64🔗. თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა
1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.
2. თავშესაფრის მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული ზომა იმავე მუხლით დადგენილი წესით.
თავი XV. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების მონაცემთა ბაზა
მუხლი 65🔗. იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ
1. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო.
2. ამ მონაცემთა ბაზაში ასევე შეიტანება ინფორმაცია იმ უცხოელების შესახებ, რომელთა მიმართ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით მთავარი სამმართველოს მიერ დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან/და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა საქართველო ან გაძევებულ იქნა საქართველოდან.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია ინახება მონაცემთა ბაზაში. ეს დამუშავებული ინფორმაცია საჯარო არ არის.
4. მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად მიიღება შესაბამისი ზომები, მათ შორის, უფლებამოსილ თანამდებობის პირთა წვდომა მონაცემთა ბაზაზე ხორციელდება მიზნობრივად, წვდომის დონეების დიფერენცირებისა და მონაცემთა შეცვლაზე შეზღუდვ(ებ)ის დაწესების გზით.
მუხლი 66🔗. კანონის და ამ წესის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა
1. თუ უცხოელის გაძევების გადაწყვეტილებით დადგენილია საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაციის თავიდან აცილების, მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელების, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, კანონისა და ამ წესის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემები მატერიალურად ინახება საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის გასვლიდან 10 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ არ არის დადგენილი საქართველოში შემოსვლის აკრძალვა − გაძევებიდან 15 წლის ვადით. აღნიშნული მონაცემები ელექტრონულად ინახება უვადოდ.
2. თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები ელექტრონულად ინახება სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე, მატერიალური სახით არსებული მონაცემები ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობას.
4. თუ უცხოელი გარდაიცვალა, პერსონალური მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ნადგურდება. პერსონალური მონაცემები ნადგურდება სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში.