უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017645 155
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საერთაშორისო დაცვის შესახებ თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№116
2025 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტისა და 87-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ − კანონი) გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის ფარგლებში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პროცედურას.
2. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების უფლებამოსილება
ამ წესის მიზნებისთვის დაკავებაზე უფლებამოსილი პირი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) ან/და სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ − სამინისტროს დანაყოფი) მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომ − იზოლატორი) ან/და დროებითი განთავსების ცენტრში (შემდგომ − ცენტრი) მოთავსების მიზნით გადაყვანის/ესკორტირების უფლებამოსილება.
მუხლი 3🔗. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების ან/და ცენტრში მოთავსების საფუძვლები
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი ცენტრში მოთავსება არის უკიდურესი ზომა, რომელიც არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს ცენტრში, თუ:
ა) მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება;
ბ) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე ან/და უფლებამოსილ თანამდებობის პირთან თანამშრომლობისთვის თავის არიდების საფრთხე;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას;
ე) იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს;
ვ) არსებობს კანონის 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, ამავდროულად, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
ზ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაავადების ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება მოთავსდეს როგორც ცენტრში, ისე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების და მისი ცენტრში მოთავსების რომელიმე საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველო (შემდგომ − სამმართველო) ამზადებს შესაბამის პატაკს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების საფუძვლებისა და ცენტრში მოთავსების შესახებ შესაბამისი დასაბუთების მითითებით, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტები და მტკიცებულებები. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და ცენტრში მოთავსების შესახებ პატაკი წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს.
5. დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავების საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს შესაბამის პატაკს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და ცენტრში მოთავსების შესახებ შესაბამისი დასაბუთების მითითებით, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტები და მტკიცებულებები. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და ცენტრში მოთავსების შესახებ პატაკი წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პატაკის საფუძველზე, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებასა და ცენტრში ან იზოლატორში მოთავსების მიზნით გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს დეპარტამენტის ან სამინისტროს ის დანაყოფი, რომელიც უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს დააკავებს.
7. დაკავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის გამოვლენის შემთხვევაში დაკავებაზე უფლებამოსილი პირი ახორციელებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონეს პირის/თავშესაფრის მაძიებლის ვინაობის დადგენას. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ვინაობისა და დაკავების საფუძვლის დადგენის მიზნით, დაკავებაზე უფლებამოსილი პირი ამოწმებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პასპორტს/სამგზავრო დოკუმენტს/დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას და სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს დეპარტამენტში.
8. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიცირებისა და დაკავების საფუძვლის ადგილზე გადამოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის დაკავებაზე უფლებამოსილი პირი მას სთავაზობს დეპარტამენტში ან სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანას და განუმარტავს ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შედეგს. პირის იდენტიფიცირების მიზნით ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაკავებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია უცხოელი დააკავოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით.
9. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას დაკავებაზე უფლებამოსილი პირი ავსებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების ოქმს (შემდგომ − დაკავების ოქმი) (დანართი №1), ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
10. დაკავებაზე უფლებამოსილი პირი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის სამორიგეო დანაყოფს, დეპარტამენტის რეაგირების მიზნით.
მუხლი 4🔗. დაკავების წესი
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.
2. დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი ცენტრში ან იზოლატორში. იზოლატორში მოთავსების საფუძველია დაკავების ოქმი. იზოლატორში მოთავსებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს ცენტრში.
3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განემარტება:
ა) დაკავების საფუძველი;
ბ) ადვოკატის მომსახურების უფლება;
გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება;
დ) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება;
ე) დაკავების გასაჩივრების უფლება.
4. დაკავებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – სამინისტროს რესურსის გამოყენებით.
5. დაკავებაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ჩაატაროს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ზედაპირული შემოწმება და ნივთების ზედაპირული დათვალიერება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.
6. დაკავებაზე უფლებამოსილ პირი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას ავსებს დაკავების ოქმს (დანართი №1), ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
7. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებასა და ცენტრში/იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი ან დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურე.
8. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის და მისი ნივთის/ნივთების პირადი დათვალიერება ხორციელდება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ არსებობს საფრთხე, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი გამოიყენებს ნივთს/ნივთებს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ქონების დაზიანებისათვის. დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №2). ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი. არასრულწლოვანის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი დათვალიერების შემთხვევაში ოქმს ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი. ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. სხვა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის პირადი დათვალიერება ხდება მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პირადი დათვალიერების ოქმი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
9. პირადი დათვალიერება ტარდება დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში შეყვანისთანავე, ასევე, ცენტრიდან დროებით გაყვანისა და დაბრუნებისას, იმავე სქესის პირის მიერ განცალკევებულ ადგილას, სხვათა თვალთახედვის არისგან მოშორებით. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის პირი. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პირადი და მისი ტანსაცმლის დათვალიერება და გასინჯვა ხდება ცენტრის იმავე სქესის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირადი ნივთების დათვალიერება. პირადი დათვალიერებისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო მუშაკთან ერთად. პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. დაუშვებელია ვიდეომეთვალყურეობის კამერის განთავსება იმ ოთახში, სადაც ხორციელდება პირადი დათვალიერება.
მუხლი 5🔗. დაკავების ოქმი
1. დაკავებაზე უფლებამოსილმა პირმა დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი (დანართი №1). თუ ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით/მიზეზებით შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს იზოლატორში ან ცენტრში მიყვანისთანავე. დაკავების ოქმი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
2. დაკავების შესახებ ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; ოქმის შემდგენლის სამუშაო ადგილი, ზუსტი თანამდებობა, სახელი, გვარი; ცნობები დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის შესახებ; ფაქტობრივი დაკავების განმახორციელებელი პირის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; დაკავების ზუსტი ადგილი, დრო, ვითარება და სხვა დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის, ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აშკარად გამოხატული ნიშნების არსებობის შემთხვევაში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის გადაყვანისათვის გათვალისწინებული ადგილი და სხვ.); შესაბამისი მიზეზი, თუ დაკავების ოქმი ფაქტობრივი დაკავების ადგილზე არ დგება; დაკავების სამართლებრივი საფუძველი/საფუძვლები; განმარტება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის უფლებების თაობაზე. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირი, დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი, არსებობის შემთხვევაში − ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი, თარჯიმანი. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
3. დაკავების ოქმის ერთი ასლი გადაეცემა დაკავებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.
მუხლი 6🔗. შუამდგომლობა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების შესახებ
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა დეპარტამენტი შუამდგომლობით მიმართავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი წარედგინება სასამართლოს ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან 48 საათის გასვლამდე შესაძლებელია გათავისუფლდეს, თუ აღარ იარსებებს მისი დაკავების საფუძვლები.
3. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის სახელი, გვარი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი და სხვა;
ბ) ცენტრში განთავსების საფუძველი;
გ) თანდართული მასალები;
დ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
მუხლი 7🔗. ცენტრში მოთავსების ვადა
1. თუ არსებობს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ცენტრში შეიძლება მოთავსდეს თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე.
2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების ვადა დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს ცენტრს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ცენტრში მოთავსებული უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში იგი ტოვებს ცენტრს.
მუხლი 8🔗. ცენტრში მოთავსება
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსებისას:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირი ცენტრს გადასცემს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ჩამოერთმევა ყველა ის ნივთი, რომელიც ნებადართული არ არის ცენტრის ტერიტორიაზე შესანახად;
გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ტანსაცმელი გულდასმით თვალიერდება და ისინჯება ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ;
დ) ხორციელდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის წონის, სიმაღლისა და სხვა მონაცემების დადგენა, 14 წლის ან 14 წელზე მეტი ასაკის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება;
ე) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან რჩება მხოლოდ ის საგნები, ნივთები და კვების პროდუქტები, რაც განსაზღვრული და ნებადართულია ცენტრის შინაგანაწესით;
ვ) ფული, ფასეულობა, ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები, მსგავსი საგნები, ნივთები და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ჩამოერთვა დათვალიერების დროს, უნდა დაილუქოს და ჩაბარდეს ცენტრის უფლებამოსილ პირს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას შესანახად;
ზ) ვადაგასული, აგრეთვე ცენტრში შესანახად აკრძალული საგნები და ნივთები დაუყოვნებლივ ნადგურდება, რის შესახებაც დგება აქტი.
2. დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ცენტრში მიიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მისი ცენტრში მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკავების ოქმი ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. ცენტრში მოთავსებულ უცხოელს ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.
4. დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველო ხსნის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეს, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებასა და ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია. პირად საქმეში აგრეთვე ინახება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების პერიოდში მასთან დაკავშირებით შედგენილი ან შექმნილი დოკუმენტი ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. დაკავებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ცენტრში მიიღებს ცენტრის უფლებამოსილი პირი/პირები, რაზედაც კეთდება ჩანაწერი შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.
6. ცენტრში მოსათავსებელი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ექვემდებარება პირად დათვალიერებას ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
7. ცენტრში მოსათავსებელი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიმართ ხორციელდება უცხოელის პირველადი სამედიცინო შემოწმება.
მუხლი 9🔗. დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პირადი დათვალიერება
1. დაკავებული ან/და ცენტრში მოთავსებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პირადი დათვალიერებისას გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული წესი.
2. პირადი დათვალიერების დროს ჩამორთმეული ნივთები ცენტრში ინახება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ ცენტრის საბოლოო დატოვებამდე.
3. დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პირადი დათვალიერების დროს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცივი იარაღის, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ყალბი დოკუმენტაციისა და ბანკნოტების აღმოჩენის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის დანაყოფს.
მუხლი 10🔗. დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის სამედიცინო მომსახურება
1. დაკავებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ცენტრში მიყვანისთანავე დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) სამედიცინო მომსახურების განყოფილების მოსამსახურე (შემდგომ − სამედიცინო პერსონალი) გამოჰკითხავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე ზედმიწევნით ათვალიერებს გარეგნულად და სინჯავს განცალკევებულ ოთახში, როგორც წესი, სხვა პირების დასწრების გარეშე (მოთხოვნის შემთხვევაში, იმავე სქესის გათვალისწინებით). უცხოელის ქცევიდან და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მის სამედიცინო შემოწმების პროცედურას შესაძლებელია დაესწროს ცენტრის იმავე სქესის მოსამსახურე.
2. ცენტრში მიყვანისთანავე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება ცენტრში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მოთავსებისას ჩატარებული პირველადი სამედიცინო შემოწმების ფორმა (დანართი №3) შესაბამისი ენის თარჯიმნის მონაწილეობით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დამატებით სამედიცინო გამოკვლევას, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიძახოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რათა მოამზადოს დასკვნა ცენტრში ასეთი პირის მოთავსების შესაძლებლობის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსება არ არის მიზანშეწონილი, უზრუნველყოფილი იქნება მისი გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებებში სამკურნალოდ მოთავსებული პირ(ებ)ის დაცვა და ესკორტირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ცენტრში მოთავსებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პირადი დათვალიერებისა და სამედიცინო შემოწმების შემდგომ, ცენტრის უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს აცნობს ცენტრში არსებულ წესებს, აგრეთვე მის უფლება-მოვალეობებს, გამოჰკითხავს, აქვს თუ არა ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, რის შემდეგაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსებს ცენტრში.
6. ცენტრში განთავსებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს სამედიცინო პერსონალი უტარებს შესაბამის სამედიცინო შემოწმებას ასეთი საჭიროების შემთხვევაში, რა დროსაც დგება სამედიცინო ანკეტა (დანართი №4).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმებისას, თვითდაზიანებების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ავსებს ცენტრში მოთავსებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ტრავმების/თვითდაზიანების აღწერის ჟურნალს (დანართი №5).
8. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია სატელეფონო გზით დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია დეპარტამენტის დირექტორს და წერილობით შეატყობინოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას იმ შემთხვევაში, თუ მას წარმოეშვება ეჭვი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიმართ წამებაზე, არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე, ან თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას. უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევების დროს, ექიმი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას.
9. ცენტრში მოთავსებული უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის უზრუნველყოფილია 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება სამედიცინო პერსონალის მიერ.
მუხლი 11🔗. დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის უფლებები და გარანტიები
ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიმართ დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა;
ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიმართ მისი სქესის, ასაკისა და კულტურული, რელიგიური თუ სხვა თავისებურებების გათვალისწინებით მოპყრობა;
გ) ცენტრში ოჯახის მოთავსების შემთხვევაში ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც ოჯახის წევრთა განცალკევებას საჭიროებს;
დ) არასრულწლოვანის უფლებების დაცვა;
ე) ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან;
ვ) არასრულწლოვანის სრულწლოვანისგან განცალკევებით მოთავსება, თუ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არ არიან.
მუხლი 12🔗. ცენტრში მოთავსებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის უფლებები და ვალდებულებები
1. ცენტრში მოთავსებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) გაასაჩივროს ცენტრის მოსამსახურეთა ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუბრკოლებლად დაუკავშირდეს და შეხვდეს უფლებამოსილ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს (სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების წარმოდგენის შემთხვევაში), შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს;
გ) გამოყოფილ დროს ისარგებლოს ტელეფონით სასურველ პირთან დასაკავშირებლად;
დ) ნებისმიერ დროს ისარგებლოს ცენტრში არსებული სამედიცინო პუნქტის მომსახურებით და მიიღოს შესაბამისი დახმარება, მათ შორის მედიკამენტები;
ე) დასაბუთებული განცხადების საფუძველზე მოითხოვოს საცხოვრებელი ოთახის შეცვლა;
ვ) ისარგებლოს ცენტრის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა უფლებებით.
2. ცენტრში მოთავსებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცენტრში ყოფნის/ქცევის წესები;
ბ) არ შეუქმნას საფრთხე ცენტრში მოთავსებულ სხვა უცხოელს ან სხვა პირს, აგრეთვე ცენტრის უსაფრთხოებას;
გ) განზრახ არ დააზიანოს საკუთარი და სხვა პირის ჯანმრთელობა ან ცენტრის საკუთრება.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი ზომები.
მუხლი 13🔗. ძალის გამოყენების უფლება
1. ძალის გამოყენების უფლება დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიმართ დასაშვებია, თუ იგი:
ა) ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ცენტრის მოსამსახურეებს;
ბ) ახორციელებს სხვა ძალადობრივ მოქმედებებს როგორც ცენტრში, აგრეთვე ესკორტირების დროს;
გ) გაქცევის მცდელობისას;
დ) მის მიერ გარშემო მყოფთა ან საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების შემთხვევაში.
2. ძალის გამოყენების დროს, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება. უკიდურესი აუცილებლობისას, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვა ზომებიც, აგრეთვე უცხოელის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას უკიდურესი ღონისძიების სახით დასაშვებია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში ცენტრის პასუხისმგებელი პირი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება უსაფრთხოების შერჩეული ზომის გამოყენების ადგილი, საფუძველი და ხელბორკილის ან სხვა საშუალებით შებორკვის მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა.
მუხლი 14🔗. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა
1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს:
ა) პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ან/და სამინისტროს სხვა უფლებამოსილ დანაყოფში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება;
ბ) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ადმინისტრაციული წარმოების მასალებში მოცემული ინფორმაციისა და გარემოებების, აგრეთვე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, დეპარტამენტმა შესაძლებელია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების მიზნით.
4. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის სახელი, გვარი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი და სხვა;
ბ) ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების დასაბუთება;
გ) თანდართული მასალები;
დ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა.
5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომას განსაზღვრავს სასამართლო. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადაა 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების თაობაზე სასამართლოს ბრძანება, სამმართველოს მიერ ამ ბრძანების დეპარტამენტში კანონმდებლობით დადგენილი წესით კანცელარიაში რეგისტრაციის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, იგზავნება პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ან/და სამინისტროს სხვა უფლებამოსილ დანაყოფში.