სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №057
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016185 58
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №057
2025 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,თ” ქვეპუნქტების და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები
პრეამბულა
საქართველოს პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლის უზრუნველსაყოფად საპროცესო ხელმძღვანელობას უწევს გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას. საქართველოს პროკურატურას, უფლებამოსილების ფარგლებში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, დანაშაულის პრევენციასა და მართლწესრიგის უზრუნველყოფაში.
სამართალწარმოების პროცესში პროკურატურის მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონსტიტუციური გარანტიების განსამტკიცებლად, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად და დანაშაულის გავრცელების გათვალისწინებით, წინამდებარე დოკუმენტი აყალიბებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მხედველობაში მიღებით პროკურორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/შეწყვეტის ან სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებისა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების თაობაზე.
ვინაიდან პროკურორის გადაწყვეტილება გავლენას ახდენს როგორც სისხლის სამართლის პროცესის უშუალო მონაწილეებზე, ასევე საზოგადოებაზე, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება იყოს თანმიმდევრული, სამართლიანი და მიუკერძოებელი, ასახავდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
სწორი, ერთგვაროვანი და თანმიმდევრული სისხლის სამართლის პოლიტიკის განსახორციელებლად, პროკურორის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და სახელმძღვანელო მითითებები სწორად უნდა განსაზღვრავდეს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ძირითად პრინციპებს. ამავდროულად, პროკურატურამ უნდა იზრუნოს პასუხისმგებლობებისა და კომპეტენციების იმგვარ განაწილებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს პროკურორის მეტ დამოუკიდებლობას.
სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრა უზრუნველყოფს დისკრეციული უფლებამოსილების მექანიზმის მოქნილობას, ეფექტიანობას და სწრაფ მართლმსაჯულებას.
ნაწილი I
მუხლი 1🔗. გამოსაყენებელი პრინციპები
პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
კანონიერება და სამართლიანობა – პროკურორი დამოუკიდებელია და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. ერთი მხრივ, დაზარალებულის ინტერესის და ბრალდებულის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად და, მეორე მხრივ, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურორი დისკრეციული უფლებამოსილების აღსრულებისას უნდა ხელმძღვანელობდეს სამართლიანობის პრინციპით და მოქმედებდეს სამართლიანობის განცდის განსამტკიცებლად.
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ღირსების ხელშეუხებლობა – პროკურორი იცავს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაციული აზრის გამოხატვა ან ქცევა ან სხვისი პატივისა და ღირსების რაიმე ფორმით შელახვა. პროკურორის ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ქმედება უნდა იცავდეს პიროვნების ღირსებას და ეფუძნებოდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.
ობიექტურობა და მიუკერძოებლობა – პროკურორი ობიექტურია და მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, მიკერძოებისა და სუბიექტური დამოკიდებულების გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, პროკურორი გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა – პროკურორი დაკისრებულ უფლებამოსილებას ასრულებს მაღალი პროფესიული სტანდარტით, რაც გულისხმობს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის კვალიფიციურად წარმართვას, სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერად და სწორი კვალიფიკაციით განხორციელებას, სამართლებრივი გადაწყვეტილების დროულად მიღებას, სასამართლოსთვის წარსადგენი ყველა საჭირო მტკიცებულების კანონის მოთხოვნათა დაცვით შეკრებასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურ მხარდაჭერას.
თანაზომიერება – პროკურორი ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესის სტანდარტით და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებისას იცავს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის თანაზომიერებას. სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, თუ დევნის დაწყების საჯარო ინტერესი აღემატება პირის მიმართ დევნის არდაწყების ინტერესს.
პრაგმატულობა – მნიშვნელოვანია, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, პროკურორმა მხედველობაში მიიღოს ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე კვლევების მეცნიერულად დადასტურებული შედეგები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და უარყოს წინასწარჩამოყალიბებული სტერეოტიპები და დოგმები.
მუხლი 2🔗. პროკურატურის პრიორიტეტული მიზნები
პროკურატურის პრიორიტეტული მიზნებია:
უსაფრთხოების განცდა, კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება და თანასწორობის უზრუნველყოფა – საპროკურორო უფლებამოსილებათა შესრულებისას პროკურორმა პატივი უნდა სცეს განსხვავებულ, მათ შორის, კრიტიკულ აზრს; უნდა დაიცვას ეთიკური ნორმები და პროფესიული სტანდარტები მოქალაქეებთან და პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას; პროკურორის ნებისმიერი მოქმედება და გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონშესაბამისი, სამართლიანი, უნდა მიიღებოდეს დამოუკიდებლად და მიკერძოების გარეშე; პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა შეაფასოს კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, სუბიექტური წინასწარგანწყობის გარეშე; დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. პროკურორმა უნდა უზრუნველყოს თანასწორი მოპყრობა, განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან ნიშნის მიუხედავად.
სისხლის სამართლის საქმეთა სწრაფი და ეფექტიანი წარმოება, სამართალწარმოების პროცესში ადამიანური რესურსის დაზოგვა და მატერიალური ხარჯების შემცირება – პროკურორის გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული და შეესაბამებოდეს მაღალ პროფესიულ სტანდარტს. პროკურორმა, მტკიცებულებებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს საქმეთა პრიორიტეტულობა და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/არდაწყების შესახებ. ამავდროულად, უპირატესობა უნდა მიანიჭოს დისკრეციული უფლებამოსილებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებას და, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზანშეუწონლობისას, განიხილოს არსებითი განხილვის გარეშე საქმის დასრულების მიზანშეწონილობა.
საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და პროკურატურისადმი ნდობის განმტკიცება – საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, პროკურატურა უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებისა და სხვა პირთა უფლებების დაცვის გარანტიით. ამავდროულად, უზრუნველყოს დაზარალებულის ინფორმირებულობა, ჩართულობა და მისი მოსაზრების გათვალისწინება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას.
პრევენციული გავლენა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის გაძლიერება – დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრევენციულ გავლენას უნდა ახდენდეს საზოგადოებაზე, ხელს უწყობდეს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავდროულად, პროკურორი, საჭიროების შესაბამისად, უნდა ჩაერთოს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მუხლი 3🔗. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ზოგადი საფუძვლები
3.1. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს.
3.2. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობისა და გამოსაყენებელი ღონისძიების ინდივიდუალიზაციის პრინციპით, კერძოდ, მხედველობაში მიიღოს:
დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, გარემოებები და დამდგარი შედეგი;
დანაშაულის ჩამდენის ინდივიდუალური მახასიათებლები;
მოსალოდნელი სასჯელი;
მოსალოდნელი მსჯავრდების შედეგები;
დაზარალებულთან შერიგებისა და ზიანის ანაზღაურების გარემოებები.
3.3. დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილებისას პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს მტკიცებულებითი და საჯარო ინტერესის სტანდარტებით. პირველ რიგში, პროკურორი აფასებს მტკიცებულებით სტანდარტს, ხოლო შემდგომ – საჯარო ინტერესის სტანდარტს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ კმაყოფილდება მტკიცებულებითი სტანდარტი, პროკურორი აღარ მსჯელობს საჯარო ინტერესის სტანდარტზე.
მტკიცებულებითი სტანდარტი – სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად არ არის აუცილებელი შეკრებილი იყოს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარისია გონივრული მოლოდინი, რომ საქმეზე აღნიშნული სტანდარტის დაკმაყოფილება შესაძლებელია არსებითი განხილვის სტადიაზე.
საჯარო ინტერესის სტანდარტი – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან დევნის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესის სტანდარტით. სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, თუ დევნის დაწყების საჯარო ინტერესი აღემატება პირის მიმართ დევნის არდაწყების ინტერესს.
საჯარო ინტერესის სტანდარტის შეფასებისას პროკურორი მხედველობაში იღებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას გასათვალისწინებელ გარემოებებს, გადაწყვეტილების ზეგავლენას საზოგადოებაში მართლწესრიგის განმტკიცებაზე, კონკრეტული საქმის გარემოებებსა და პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
3.4. დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა;
უარი თქვას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ან შეწყვიტოს დევნა და გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი;
უარი თქვას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ან შეწყვიტოს დევნა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების გარეშე.
3.5. ქვემოთ მოცემულია გარემოებები, რომლებიც პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას საჯარო ინტერესის სტანდარტის შესაფასებლად. აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, თუმცა მათი გათვალისწინება მნიშვნელოვანია სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად:
სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტი – რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, განისაზღვრება დანაშაულები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. შესაბამისად, საჯარო ინტერესის განსაზღვრისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის კონკრეტულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
დანაშაულის ხასიათი – სახელმწიფო რესურსი ნაკლებად უნდა დაიხარჯოს მცირე მნიშვნელობის და ისეთ დანაშაულებზე, რომელსაც არ გამოუწვევია არსებითი ზიანი. პროკურორმა, დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს კონკრეტულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საჯარო ინტერესი. შესაძლებელია საზოგადოებას არ სურდეს დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირის დასჯა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა და დანაშაული უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პროკურორმა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გავლენით. პროფესიული პასუხისმგებლობა მისგან, რიგ შემთხვევებში, მოითხოვს საზოგადოებისათვის არაპოპულარული, თუმცა სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ასევე, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა ექნება მიღებულ გადაწყვეტილებას დაზარალებულსა და საზოგადოებაზე. საჭიროა საზოგადოებაზე დანაშაულის უარყოფითი გავლენის შეფასებაც, მათ შორის, დანაშაულიდან მომდინარე საფრთხეები, მიყენებული მატერიალური ზიანი და დანაშაულის განმეორების რისკი. დაზარალებულზე ზეგავლენის შეფასებისას კი გასათვალისწინებელია ზიანის სახე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, მისი პოზიცია დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ და სხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ასევე, გასათვალისწინებელია დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხიც, თუმცა დაზარალებულსა და საზოგადოებას არ უნდა შეექმნას მცდარი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურება მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გარანტიაა.
სისხლისსმართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა – პროკურორმა მხედველობაში უნდა მიიღოს სისხლისსმართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაული, რომელსაც არსებითი ზიანი არ გამოუწვევია, თუმცა ასეთი დანაშაულის გავრცელების მასშტაბების ზრდამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად მიღწევადია სასჯელის როგორც კერძო, ისე ზოგადპრევენციული მიზანი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გარეშე ან ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით.
ბრალეულობის ხარისხი – ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის ბრალეულობის ხარისხის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დანაშაულის სახე და ჩადენის ხერხი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები. პროკურორმა უნდა შეაფასოს დანაშაულის ჩამდენი პირის როლი დანაშაულის აღსრულებისას. კერძოდ, რამდენად აქტიური და მნიშვნელოვანი იყო მისი როლი დანაშაულის ჩადენისას.
დანაშაულის ჩადენის შემდგომი ქცევა – პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის შემდგომი ქცევა, რაც შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მსხვერპლის დახმარებაში, ჩადენილი დანაშაულის მძიმე შედეგების თავიდან აცილებაში და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში.
გამოძიებასთან თანამშრომლობა – პროკურორმა მხედველობაში უნდა მიიღოს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარების, გამოძიებასთან თანამშრომლობის და მტკიცებულებათა მოპოვებაში მისი ჩართულობის ხარისხი. გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ჩადენის გარემოებების და დამნაშავის პიროვნების მხედველობაში მიღების გარეშე, მხოლოდ გამოძიებასთან თანამშრომლობა არ წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წინაპირობას. თუმცა ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საჯარო ინტერესზე.
ნასამართლობა და სისხლისსამართლებრივი დევნა სხვა საქმეზე – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს ნასამართლობა და ის ფაქტი, ხომ არ მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სხვა საქმეზე.
პიროვნული მახასიათებლები – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩამდენი პირის ასაკი, სრულწლოვანება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა.
პროცესის ეკონომიურობა – პროკურორმა უნდა განსაზღვროს, რამდენად შეესაბამება დევნის განხორციელებისათვის საჭირო დრო და რესურსი პირის პასუხისგებაში მიცემის ინტერესს. თუმცა გამოძიებაზე დახარჯული დრო და რესურსი არ შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ სახეზეა დანაშაული, რომელზეც სისხლისსამართლებრივი დევნა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გაუმართლებელია.
სასჯელის პრევენციული გავლენა – საჯარო ინტერესის შეფასებისას პროკურორმა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს მოსალოდნელი სასჯელის სახე და ზომა რამდენად იქონიებს პრევენციულ გავლენას დანაშაულის ჩამდენ პირსა და საზოგადოებაზე.
მუხლი 4🔗. გარემოებები, რომლებიც მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობაზე
საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული და მოქნილი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებისათვის მნიშვნელოვანია, ზემოთ მითითებულ ზოგად საფუძვლებთან ერთად, პროკურორმა ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების არსებობისას პრიორიტეტი მიანიჭოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას:
ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნის მიღწევა შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე;
ჩადენილ ქმედებას არ გამოუწვევია არსებითი ზიანი;
ჩადენილია გაუფრთხილებელი ან არაძალადობრივი ხასიათის ნაკლებად მძიმე დანაშაული;
დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანის მიერ. ვინაიდან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის უფლებების დაცვა სისხლის სამართლის პოლიტიკის სტრატეგიული მიზანია, იმ შემთხვევაში, თუ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება უკეთ უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, პროკურორმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებას;
დანაშაულის ჩამდენი პირი დაავადებულია მძიმე ან/და უკურნებელი სენით;
ანაზღაურებულია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, განსაკუთრებით -სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე;
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არსებითად გააუარესებს დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრების, მასზე დამოკიდებული და კმაყოფაზე მყოფი პირების (არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები და სხვა) მდგომარეობას.
ჩამოთვლილი გარემოებები არ არის ამომწურავი და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, დევნის დაწყება ემსახურება თუ არა საჯარო ინტერესს, უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗. გარემოებები, რომლებიც მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე
საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის მისაღწევად, ქვემოთ მითითებული გარემოებების არსებობისას, მიზანშეუწონელია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ დოკუმენტში მითითებული დებულებების გათვალისწინებით, მათი გამოყენება უკეთ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების მიზნების აღსრულებას:
ჩადენილია განსაკუთრებით საშიში დანაშაული – წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაული, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), განზრახ მკვლელობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით ან საშიში საშუალებით;
ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების (მისი ანალოგის, პრეკურსორის), ფსიქოტროპული ნივთიერების (მისი ანალოგის), ძლიერმოქმედი ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეალიზაცია ან რეალიზაციის ხელშეწყობა;
დანაშაული ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის ან რეკეტული დაჯგუფების მიერ;
ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
ჩადენილია სატრანსპორტო დანაშაული ალკოჰოლის, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
დანაშაული ჩადენილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ან შეურაცხი პირის მეშვეობით;
დანაშაული ჩადენილია მოწყვლადი პირის მიმართ ან დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით;
დანაშაულის ჩადენა დაკავშირებულია სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან;
დანაშაული ჩადენილია საზოგადოების სამსახურში მყოფი პირის მიმართ (კერძოდ: გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომელი, მაშველი, პოლიციელი, სოციალური მუშაკი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების სფეროში მომუშავე პირი, ნაფიცი მსაჯული ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი) უფლებამოსილების შესრულებისას ან მასთან დაკავშირებით.
ნაწილი II
მუხლი 6🔗. სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრიორიტეტულობა
საპროცესო შეთანხმების გამოყენება შესაძლებლობას იძლევა გათვალისწინებულ იქნეს დაზარალებულის ინტერესი ბრალდებულისთვის ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენების პირობებში. ამავდროულად, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ფართოდ გამოყენება ხელს უწყობს მართლმსაჯულების სწრაფ აღსრულებას და ზოგავს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისათვის საჭირო ადამიანურ და მატერიალურ რესურსს.
პროკურორმა, ამ დოკუმენტით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობა უნდა მიანიჭოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას და ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზანშეუწონლობისას, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნიდან გამომდინარე, უნდა განიხილოს არსებითი განხილვის გარეშე საქმის დასრულების შესაძლებლობა.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ პროკურორმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების შეთავაზების თაობაზე.
საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე