ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 03.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №525
სარეგისტრაციო კოდი 360090000.10.003.025419 8
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/12/2025
3,866 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ავტორიზაცია
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 30.06.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 15.12.2025 „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 90% 27.05.2020 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 15.04.2025 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 17.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №525 2025 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. თანდართული „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესები“. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინების ფორმა (დანართი №1). 3.  ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი №2). 4.  ბირთვული და რადიაციული საქმიანობის  სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №3). 5.  ბირთვული და რადიაციული საქმიანობის  სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №4). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა  და ავტორიზაციის წესები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო ამ წესით რეგულირდება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით, ამასთან განსაზღვრულია შეტყობინების ფორმა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მარეგულირებელი ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირებას; ბ) შეტყობინება − „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ინფორმაციის მიწოდება მარეგულირებელი ორგანოსთვის, რომ იურიდიული პირი ფლობს მაიონებელი გამოსხივების წყაროს ან აპირებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებას; გ) ავტორიზაცია – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით; დ) რეგისტრაცია − ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისათვის მინიჭებული ამ წესით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლება; ე) ლიცენზია − მარეგულირებელი ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, პირისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლება; ვ) ნებართვა − მარეგულირებელი ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე  განსაზღვრული ვადით (არაუმეტეს 1 წლისა), შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ფარგლებში ან მის გარეშე ერთჯერადი ან მრავალჯერადი ქმედების განხორციელების უფლება; ზ) საქმიანობის გაფართოება − ლიცენზირებული ან/და რეგისტრირებული საქმიანობის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების ახალი წყაროს ან/და იმავე სამართლებრივი რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ახალი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დამატება; თ) დიფერენცირებული მიდგომა − პროცესი ან მეთოდი, რომლის დროსაც კონტროლის ღონისძიებებისა და პირობების სიმკაცრე დამოკიდებულია კონტროლის დაკარგვის ალბათობაზე, შესაძლო შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში. მუხლი 4🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება და ავტორიზაცია 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ექვემდებარება მარეგულირებელი ორგანოსათვის შეტყობინებას ან ავტორიზაციას „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად, გარდა რეგულირებიდან გამორიცხული საქმიანობისა და მაიონებელი გამოსხივების გენერატორის ტრანსპორტირებისა და შენახვისა. 2. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაციის (რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის) გარეშე, გარდა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობისა. მუხლი 5🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება 1. სააგენტო იღებს შეტყობინებას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე. ინფორმაციის განახლების შემთხვევაში ასევე წარუდგენს წერილობით შეტყობინებას. 2. სააგენტო აწარმოებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებათა რეესტრს და ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უწყებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საქმიანობის განხორციელებისას მისაღები ღონისძიებების თაობაზე.  მუხლი 6🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზანია რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის, სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობებისა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი. 2. მარეგულირებელი ორგანო, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, განმცხადებლისათვის განსაზღვრავს შესასრულებლად სავალდებულო სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვებს. მუხლი 7🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია 1. სააგენტო არეგისტრირებს შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებს: ა) რენტგენის დანადგარის (გარდა რკინიგზის სტაციონარული რენტგენის სკანერისა და სატრანსპორტო საშუალების საკონტროლო სტაციონარული ან მობილური რენტგენის სისტემებისა) გამოყენებით ბარგის კონტროლი; ბ) დენტალური, ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება; გ) ოსტეოდენსიტომეტრიის რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება; დ) მეორადი რენტგენის გამოსხივების მაგენერირებელი მოწყობილობების გამოყენება; ე) რადიოფარმპრეპარატებით, მაიონებელი გამოსხივების წყაროებით (გარდა I, II და III კატეგორიების რადიოაქტიური წყაროებისა) ვაჭრობა; ვ) V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების გამოყენება; ზ) ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენება; თ) ქრომატოგრაფის გამოყენება; ი) მაიონებელი გამოსხივების წყაროების მონტაჟი, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და გაზომვების ჩატარება; კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ლ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ტრენინგებისა და კურსების ჩატარება. 2. სააგენტო  ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას განუსაზღვრელი ვადით ახორციელებს. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია. 4. რეგისტრაციის მაძიებელი, ავტორიზაციის მიზნით, მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადსა და შემდეგ დოკუმენტაციას: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში − სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს; ფიზიკური პირის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს; ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმას; დ) რადიაციული დაცვის პროგრამას, რომელიც მოიცავს: დ.ა) შიდა წესებსა და ინსტრუქციებს პერსონალისა და მოსახლეობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დასაშვები დოზური ზღვრების მთითებით; დ.ბ) რადიაციულ დაცვაზე პასუხიმგებელი პირის/პირების დანიშვნის შესაბამის აქტს ფუნქცია-მოვალეობების მითითებით; დ.გ) პერსონალის სიას, მათი კომპეტენციის ფარგლებში ფუნქცია-მოვალეობების მითითებით; დ.დ) პერსონალის კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტებს; დ.ე) რადიაციული დაცვის საკითხებში პერსონალის ინსტრუქტაჟის გავლის დამადასტურებელ საბუთს; დ.ვ) პერსონალის სამედიცინო შემოწმების მონაცემებს; დ.ზ) საკონტროლო და დაკვირვების ზონების აღწერას (საჭიროების შემთხვევაში, სქემა-ნახაზი, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია სტაციონარული ბარიერების გააანგარიშების შესახებ); დ.თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციას „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის  19 დეკემბერის №689 დადგენილებით  გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად; დ.ი) სამუშაო ადგილის მონიტორინგს (საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური მონიტორინგი); ადგილის მონიტორინგის ოქმსა და შესაბამის ავტორიზებულ ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას − პერსონალის სამუშაო ადგილისა და მოსაზღვრე სათავსების მონიტორინგის შესახებ; ინფორმაციას დოზიმეტრიული ხელსაწყოების შესახებ; დ.კ) დანადგარის ტექნიკური შემოწმების ოქმსა და შესაბამის ავტორიზებულ ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას  ტექნიკური მომსახურების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); დ.ლ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩამონათვალს (საჭიროების შემთხვევაში და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე); დ.მ) რადიოფარმპრეპარატებითა და მაიონებელი გამოსხივების წყაროებით ვაჭრობის შემთხვევაში, მათ საბოლოო მომხმარებელთან (ავტორიზებული პირი) დადებულ ხელშეკრულებას; დ.ნ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ტრენინგებისა და კურსების პროგრამების მომწოდებელი ორგანიზაციებისთვის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია: დ.ნ.ა) ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის/კურსის შესახებ; დ.ნ.ბ) ტრენერების სია, მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ.ნ.გ) პრაქტიკული სწავლების განხორციელების შემთხვევაში,  ხელშეკრულება, დადებული შესაბამის ორგანიზაციასთან; დ.ნ.დ) პროგრამის სილაბუსი. 5. რეგისტრაციის პროცესი სრულდება სააგენტოს მიერ რეგისტრაციის მოწმობის გაცემით ან რეგისტრაციაზე უარის თქმით. 6. რეგისტრაციის მოწმობა ავტორიზებულ პირს არ ანიჭებს დამატებით უფლებებს, გარდა იმ პირობებისა, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობითა და ამ წესით. 7. რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული რომელიმე რეკვიზიტის ცვლილების შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო გასცემს განახლებულ რეგისტრაციის მოწმობას. 8. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი დოუმენტაციის  წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა 1. მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას გასცემს იმ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის, რომელიც შეტყობინებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება და, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არ არის გამორიცხული რეგულირებიდან. 2. მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას განუსაზღვრელი ვადით გასცემს „ლიცენზიებისა და  ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. ლიცენზიისა და რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოება 1. რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებულია, მარეგულირებელ ორგანოს 7 დღის ვადაში შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. 2. რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელი რეგისტრაციის ან/და ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გასაფართოებლად სააგენტოს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას. 3. რეგისტრაციის მფლობელმა ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დასაწყებად მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს თავის მიერ განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. მუხლი 10🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის სახეები 1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვას გასცემს შემდეგ საქმიანობებზე: ა) რადიოაქტიური მასალის იმპორტი; ბ) რადიოაქტიური მასალის ექსპორტი; გ) რადიოაქტიური მასალის ტრანზიტი; დ) რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა; ე) რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება; ვ) ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი. 2. მარეგულირებელმა ორგანომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვა შეიძლება, გასცეს არაუმეტეს 1 წლის ვადით: ა) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განსახორციელებლად; ბ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს ერთჯერადი იმპორტის განსახორციელებლად; გ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ან/და ექსპორტის განსახორციელებლად; დ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი ტრანზიტის განსახორციელებლად. მუხლი 11🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის უფლებები ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა სააგენტოს  მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვების შესაბამისად; ბ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააგენტოსგან  მიიღოს წერილობითი განმარტება; გ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, გაასაჩივროს იგი საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად. მუხლი 12🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მოვალეობები 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად, ვალდებულია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს რადიაციული დაცვის პროგრამა, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა და ბირთვული დაცულობის გეგმა მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტის გამოკვლევისა და მონიტორინგის საფუძველზე შეიმუშაოს და განახორციელოს ობიექტის დეკომისიის გეგმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ამ ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის განახლებული პროგრამა 7 დღის ვადაში; დ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების  შეუფერხებლად განხორციელებისათვის; ე) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების ჩატარებისა და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები; ვ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყარო, რომელსაც აქვს შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაცია, ნიშნული და რომელიც მოთავსებულია სათანადო მარკირების მქონე კონტეინერში; ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა, აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და აღნიშნული საქმიანობის  განხორციელებისათვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ, ხოლო რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად, აგრეთვე რადიაციული დაცვისა და ბირთვული დაცულობისთვის პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე პირი; თ) ორგანიზება გაუწიოს პერსონალის ჯანმრთელობის ყოველწლიურ პროფესიულ შემოწმებას და დააფინანსოს იგი, ხოლო შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალის სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა; ი) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება არ არის; კ) ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხების თაობაზე პერსონალის სპეციალური პროფესიული სწავლება და რეგულარული ტრენინგების ჩატარება; ლ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რადიაციული დაცვა; მ) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შესაბამის პირს გადასცეს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიოაქტიური მასალა, რადიოაქტიური წყარო და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები; ნ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე პერსონალის, მათ შორის, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს; ო) შეასრულოს ადამიანსა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვები; პ) დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს თავის მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; ხოლო დარღვევისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს; ჟ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს; რ) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ს) მარეგულირებელ ორგანოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო და სარეგისტრაციო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას ან რეგისტრაციას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს; ტ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.  2. ამ წესით განსაზღვრული, ასევე განმცხადებლის მიერ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი და მასთან შეთანხმებული დოკუმენტები, სალიცენზიო, სარეგისტრაციო ან/და სანებართვო დოკუმენტაცია და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არის სალიცენზიო, სარეგისტრაციო ან/და სანებართვო პირობები, რომელთა დაცვაც ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მიერ სავალდებულოა. მუხლი 13🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ადმინისტრაციული წარმოება 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით ხორციელდება. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მაძიებელი, საქმიანობის რეგისტრაციის მისაღებად, მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მიღებას ითხოვს რეგისტრაციის მაძიებელი და თანდართული დოკუმენტების ნუსხას. 4. განცხადებას უნდა ერთოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში − სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები; ფიზიკური პირის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. 5. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. თუ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტული საქმიანობის რეგისტრაციის მიღებას ან საქმიანობის გაფართოებას და უკვე ფლობს სხვა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას ან ლიცენზიას, მარეგულირებელი ორგანო არ იკვლევს იმ სალიცენზიო ან/და სარეგისტრაციო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც წინა ლიცენზიის ან/და რეგისტრაციის გაცემისას დადგინდა. 7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრირებული პირი ვალდებულია, მარეგულირებელ ორგანოს წერილობით აცნობოს ამ ცვლილების თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში. 8. თუ რეგისტრირებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ასევე აქვს მის ფილიალსაც. რეგისტრირებული იურიდიული პირი ვალდებულია, მისი ფილიალის მიერ საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს ფილიალის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მქონე იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე რეგისტრაციის გაცემას. 9. ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაფართოების თაობაზე რეგისტრირებული პირის მიერ მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილ  განცხადებაზე. მუხლი 14🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ზოგადი წესი 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 2. მარეგულირებელი ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს რეგისტრაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესისა და  „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს  კანონის  25-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას. 3. მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეგისტრაციის გამცემი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი განმცხადებელს. 4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაცია გაცემულად ჩაითვლება. 5. რეგისტრაციის მაძიებელი უფლებამოსილია, რეგისტრაციის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობა. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა. 6. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება რეგისტრირებული საქმიანობის გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზეც. მუხლი 15🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესის შესაბამისად. 2. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესის შესაბამისად. 3. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშის ან/და დეკომისიის გეგმის, ასევე ამ წესით განსაზღვრული სალიცენზიო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად. 4. „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლით  განსაზღვრული  ნებართვის მაძიებელმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს განაცხადი და თანდართული  დოკუმენტაცია, საქმიანობის შესაბამისად დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით: ა) რადიოაქტიური მასალის იმპორტის შემთხვევაში: ა.ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში − სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები; ფიზიკური პირის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები; ა.ბ) სანებართვო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.გ) ინფორმაცია რადიოაქტიური წყაროსა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე; ა.დ) ლიცენზიის/რეგისტრაციის მოწმობა; ა.ე) რადიოაქტიური წყაროს საბოლოო მომხმარებლის ლიცენზიის/რეგისტრაციის მოწმობა; ა.ვ) მომწოდებლის საგარანტიო წერილი რადიოაქტიური წყაროების დაბრუნების შესახებ; ა.ზ) რადიოაქტიური წყაროს ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა; ბ) რადიოაქტიური მასალის ექსპორტის შემთხვევაში: ბ.ა) ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან; ბ.ბ) სანებართვო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.გ) გამგზავნი მხარის შეტყობინება რადიოაქტიური წყაროს გაგზავნის თაობაზე; ბ.დ) მიმღები მხარის გარანტია რადიოაქტიური წყაროს მიღებაზე; ბ.ე) რადიოაქტიური წყაროს გადამზიდავი ორგანიზაციის ლიცენზია/რეგისტრაცია; ბ.ვ) ინფორმაცია რადიოაქტიური წყაროსა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე; ბ.ზ) რადიოაქტიური წყაროს ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა; გ) რადიოაქტიური მასალის ტრანზიტი: გ.ა) ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან; გ.ბ) სანებართვო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.გ) ინფორმაცია რადიოაქტიური წყაროს საბოლოო დანიშნულების პუნქტის შესახებ; გ.დ) მიმღები მხარის გარანტია რადიოაქტიური წყაროს მიღებაზე; გ.ე) რადიოაქტიური მასალების უკან დაბრუნების გარანტია გამომგზავნის მიერ მასალების მიღებაზე; გ.ვ) გადამზიდავის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; გ.ზ) რადიოაქტიური მასალების გამგზავნ და მიმღებ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების სათანადო წესით დამოწმებული ასლი; გ.თ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალებისა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაცია; გ.ი) გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა; დ) რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა: დ.ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში − სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები; ფიზიკური პირის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები; დ.ბ) სანებართვო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ.გ) მიმღებისა და მიმწოდებლის სალიცენზიო/სარეგისტრაციო მოწმობები; დ.დ) ინფორმაცია რადიოაქტიური წყაროსა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე; დ.ე) რადიოაქტიური წყაროს ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა; დ.ვ) მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება; დ.ზ) ტრანსპორტირებისას უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა; ე) რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება: ე.ა) ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან; ე.ბ) სანებართვო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.გ) გამგზავნი მხარის შეტყობინება რადიოაქტიური წყაროს გაგზავნის თაობაზე; ე.დ) მიმღები მხარის გარანტია რადიოაქტიური წყაროს მიღებაზე; ე.ე) რადიოაქტიური წყაროს გადამზიდავი ორგანიზაციის ლიცენზია/რეგისტრაცია; ე.ვ) ინფორმაცია რადიოაქტიური წყაროსა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე; ე.ზ) რადიოაქტიური წყაროს ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა; ვ) ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი: ვ.ა) იურიდიული/ფიზიკური პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ.ბ) სანებართვო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ.გ) ნოუ-ჰაუს გამოყენების სფერო და მიზანი/დანიშნულება; ვ.დ) საბოლოო მომხმარებლის შესაბამისი ავტორიზაციის ან ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს კომპეტენტურობას მის გამოყენებაზე; ვ.ე) მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ინფორმაციის გამჟღავნებას ან არასათანადო გამოყენებას; ვ.ვ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რაც უზრუნველყოფს ნოუ-ჰაუს იმპორტის/ექსპორტის განხორციელებას; ვ.ზ) მიმღები ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს დასტური ბირთვული ტექნოლოგიების ან  ნოუ-ჰაუს მიღებაზე; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი: ზ.ა) ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან; ზ.ბ) სანებართვო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ.გ) ლიცენზიის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ.დ) ნარჩენის ტიპი (მყარი, თხევადი, ბალახოვანი, საწვავის ელემენტი და სხვ.), რაოდენობა, რადიონუკლიდური შემადგენლობა, აქტივობა (Bq) და მოცულობა; ზ.ე) ინფორმაცია შეფუთვაზე,  კონტეინერების აღწერა, ტიპი, შესაბამისი სერტიფიკატი; ზ.ვ) დანიშნულების ქვეყანა, ინფორმაცია მიმღები ობიექტის შესახებ და მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური დასტური ნარჩენის მიღებაზე; ზ.ზ) ნარჩენის წარმოშობის წყარო (ობიექტი ან საქმიანობა, სადაც წარმოიქმნა); ზ.თ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისას უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა; ზ.ი) ხელშეკრულება გაფორმებული გამგზავნ და მიმღებ მხარეებს შორის. 5. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად. 6. „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლიცენზიის მისაღებად მაძიებელმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს განაცხადი და თანდართული  დოკუმენტაცია: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში − სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები; ფიზიკური პირის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები; ბ) სალიცენზიო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა; დ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც მოიცავს: დ.ა) საქმიანობის დასაბუთებას; დ.ბ) შიდა წესებს, ინსტრუქციებსა და პროცედურებს პერსონალისა და მოსახლეობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დასაშვები დოზური ზღვრების მთითებით; დ.გ)  რადიაციულ დაცვაზე პასუხიმგებელი პირის/პირების დანიშვნის შესაბამის აქტს ფუნქცია-მოვალეობების მითითებით; დ.დ) პერსონალის სიას, მათი კომპეტენციის ფარგლებში ფუნქცია-მოვალეობების მითითებით; დ.ე) პერსონალის კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტებს; დ.ვ) რადიაციული დაცვის საკითხებში პერსონალის ინსტრუქტაჟის გავლის დამადასტურებელ საბუთს; დ.ზ) პერსონალის სამედიცინო შემოწმების მონაცემებს; დ.თ) საკონტროლო და დაკვირვების ზონების აღწერას (სქემა-ნახაზი, რომელსაც თან ერთვის სტაციონალური ბარიერების გაანგარიშება); დ.ი) მაღალი რადიაციული რისკის შემცველი საქმიანობის შემთხვევაში, რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშსა და დეკომისიის გეგმას; დ.კ) ინფორმაციას მაიონებელი გამოსხივების წყაროს შესახებ    „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2014  წლის  19  დეკემბრის №689 დადგენილების გათვალისწინებით; დ.ლ) მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს ინდივიდუალური და სამუშაო ადგილის მონიტორინგის ინფორმაციას ინდივიდუალური დოზიმეტრებისა და მონიტორინგის სხვა ხელსაწყოების შესახებ და დოზიმეტრიული სერვისის მომწოდებელ ორგანიზაციასთან დადებულ ხელშეკრულებას; დ.მ) პროფესიული დასხივების დოზების წარმოების ჟურნალს; დ.ნ) ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამას (რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარის შემთხვევაში თან ერთვის დანადგარის ხარისხის კონტროლის ოქმი); დ.ო) მაიონებელი გამოსხივების წყაროების მიღების, აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების ჟურნალებს; დ.პ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩამონათვალს; დ.ჟ) საქმიანობის დროს წარმოქმნილი რადიაქტიური ნარჩენების შესახებ ინფორმაციას, მათთან მოპყრობის პირობებს; დ.რ) პაციენტის დასხივების დოზების აღრიცხვის ჟურნალს; დ.ს) რადიოლოგიური პროცედურების ქართულ ენაზე ადაპტირებულ და ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ პროტოკოლებს; დ.ტ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს ფიზიკური დაცულობის აღწერას წყაროს კატეგორიზაციის შესაბამისად; დ.უ) საქმიანობასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას/პროცედურებს (საჭიროების შემთხვევაში); დ.ფ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს ფიზიკური დაცულობის აღწერას წყაროს კატეგორიზაციის შესაბამისად. 7. ტრანსპორტირების განხორციელების შემთხვევაში: ა) მძღოლის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობასა და ADR-ის მოწმობას მძღოლის მომზადების შესახებ; ბ) ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების შესახებ; გ) სარეგისტრაციო მოწმობას; დ) დაშვების მოწმობას განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე; ე) პერიოდული ინსპექტირების ანგარიშს; ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა უწყებებთან/ორგანიზაციებთან დადებულ ხელშეკრულებებს. 8. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, ლიცენზიის მისაღებად  მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად. 9. საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს ადგენს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას. 10. ბირთვულ მასალასთან ან/და I, II და III კატეგორიების რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გასაცემად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 16🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციაზე, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარი და გასაჩივრების უფლება 1. მარეგულირებელი ორგანო არ გასცემს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას, ლიცენზიას ან/და ნებართვას, თუ: ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული; ბ) განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობებს; გ) განმცხადებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება. 2. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 17🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის ამოქმედება 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღებამდე, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა. 2. მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია, განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ. 3. რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის აღდგენამდე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა. 4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობა. მუხლი 18🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო. 2. კონკრეტულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკის გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად, მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება, მიიღოს რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაუქმება რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, უზრუნველყოს რადიაციული დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება ან/და დაცულობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგები და პროფესიული დასხივების დოზების შესახებ მონაცემები.