აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2025
ძალაში შესვლა 01.02.2026
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016461 394
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 13.01.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №41
2025 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის
შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 3
0 აგვისტოს №22
დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1
თებერვლიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.
5. სამინისტრო შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში.
6. სამინისტრო ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
7. სამინისტროს აქვს დებულება, ანგარიში ხაზინაში და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, თავისი სახელწოდების აღნიშვნით. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც შეიძლება ასახულ იქნეს სამინისტროს ვებგვერდსა და სამინისტროს მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ პლატფორმაზე, სამინისტროს საქმიანობაში გამოსაყენებელ დოკუმენტებზე, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებზე, საკანცელარიო და სხვა დანიშნულების ნივთებსა და სუვენირებზე.
8. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო“, მისი იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქ. № 15ა.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა; საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; სოციალურ - ეკონომიკური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სარგებლობის უფლებით გადმოცემული სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა; გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების ხელშეწყობა; ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ფოსტის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა.
2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო - საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება;
ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის კოორდინაცია;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმოთა შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
ზ) ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტიციების, გრანტების მოზიდვის და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სარგებლობაში გადმოცემული უძრავი/მოძრავი ქონების აღრიცხვა;
კ) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკის შემუშავება;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული/საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების ელექტრონული აუქციონის წესით განკარგვა;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ეკონომიკის დარგების განვითარებისადმი მიმართული პროექტების და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ო) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მიზნობრივი პროექტების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
პ)კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინირებული საქმიანობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შენარჩუნებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების, მცენარეთა დაცვისა და ცხოველთა დაავადებასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
რ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დასაქმების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ტ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.
მუხლი 3🔗. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემას შეადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები).
2. სამინისტროს სისტემაში შეიძლება იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც განახორციელებს სამინისტრო.
3. სამინისტროს მართვაში შეიძლება იყოს მეწარმე სუბიექტები (შემდგომში – სამინისტროს მართვაში შემავალი სუბიექტები), რომელთა შექმნა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
2. საბიუჯეტო დეპარტამენტი:
ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
ბ) საბიუჯეტო პროცედურების სამმართველო.
3. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი:
ა) დარგობრივი პოლიტიკის სამმართველო;
ბ) სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო.
4. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა) იურიდიული სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
5. სახაზინო დეპარტამენტი.
6. საფინანსო დეპარტამენტი:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) შესყიდვების სამმართველო.
7. ქონების მართვის დეპარტამენტი:
ა) ქონებრივ საკითხთა ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველო;
ბ) ქონების კოორდინირებისა და განკარგვის სამმართველო.
8. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტი:
ა) მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების სამმართველო;
ბ) მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების სამმართველო;
გ) მხარდამჭერი პროგრამების მონიტორინგის სამმართველო.
9. შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
მუხლი 5🔗. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებია:
ა) სსიპ – აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
ბ) ა(ა)იპ –საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის.
მუხლი 6🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობაზე;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს. დასანიშნად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;
ე) ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
თ) მონაწილეობას იღებს მთავრობის სხდომების მუშაობაში;
ი) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;
ლ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირების გავლის წესს;
მ)უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
ნ) იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 7🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ამზადებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდულ ანგარიშს;
კ) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორ მინისტრის მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სამინისტროს პრიორიტეტებისა და დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების პროცესში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ვ) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ი) საქმისწარმოების ორგანიზება და საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
კ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
მ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ნ) სამინისტროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ო) სამინისტროს საქმიანობის პერიოდული ანგარიშის მომზადება;
პ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 9🔗. საბიუჯეტო დეპარტამენტი
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის შემუშავება და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) წლიურ საბიუჯეტო კანონში, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
დ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა და საბიუჯეტო განაცხადების შესწავლა, კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით;
ე) მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება მათ მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით;
ვ) მხარჯავი დაწესებულებების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების, ასევე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოებისა და რიცხოვნობის განსაზღვრამდე, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
ზ) ბიუჯეტის შესრულების პროცესში შესაძლო ცვლილების საჭიროების დროული გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
თ) რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერის თანახმად ან ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით წარმოდგენილ საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული/სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ლ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და მთავრობის 100%-ნი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს) პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მიღება-დამუშავება, მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ნ) ფინანსური სახსრების მართვა, დარგების საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის ყოველწლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა ჩამოყალიბება;
ო) დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და დადგენილი წესის შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა. მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს შორის დამტკიცებული ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
პ) საბიუჯეტო შემოსულობების საპროგნოზო გაანგარიშება და ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტლების მიხედვით განწერის მომზადება;
ჟ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
რ) საბიუჯეტო პროცესში განხორციელებული ცვლილებების სათანადოდ დანერგვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეწყობა;
ს) ყოველი თვის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით ოპერატიული ინფორმაციის /ანგარიშის მომზადება;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 10🔗. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი:
ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების მომზადება;
ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტული მიმართულებებისა და ამოცანების განსაზღვრა;
გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე ორიენტირებული ხედვების შემუშავება, მათ შორის დასაქმების, მეწარმეობისა და ინოვაციური საქმიანობის წახალისების მიზნით;
დ) ეკონომიკური, ბიზნესის ხელშეწყობის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობა კერძო სექტორთან, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებთან;
ე) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
ვ) სტატისტიკური, ეკონომიკური და ბიზნესსაინფორმაციო რეესტრებისა და ბაზების შექმნა/განახლება, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვით;
ზ) მცირე, საშუალო და საოჯახო მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმების ანალიზი და ინიციირება, საბაზრო საჭიროებების კვლევა, თვითდასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება და ამ მიზნით დევნილთა ეკონომიკური ინტეგრაციის წარმატებული მოდელების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ადაპტირება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 11🔗. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების მომზადება, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება სამართლებრივი თვალსაზრისით;
ე) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ვ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ზ) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
თ) სამინისტროს საკადრო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება;
კ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს მოხელეთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის სისტემის მართვა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 12🔗. სახაზინო დეპარტამენტი
სახაზინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება;
ბ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადამხდელო დოკუმენტების მიღება და დამუშავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე გადასახდელების გაცემის შეზღუდვა;
დ) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, სახაზინო ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;
ვ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმოთა მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;
ზ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში ფინანსური ანგარიშგებისა და დანართი ფორმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსების შეჩერება;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დაკავებული და რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული საშემოსავლო გადასახადის სისწორის შემოწმება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 13🔗. საფინანსო დეპარტამენტი
საფინანსო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველწლიურად სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და წარმოება;
ვ) შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული, სამინისტროს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 14🔗 . ქონების მართვის დეპარტამენტი
ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების, ასევე, სარგებლობის უფლებით გადმოცემული სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა;
ბ) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ასევე, სარგებლობის უფლებით გადმოცემული უძრავი ქონების, ავტოტრანსპორტის და საჭიროების შემთხვევაში სხვა მატერიალური საშუალებების ნუსხის წარმოება და პერიოდული განახლება, მათ შორის, მათი სამართლებრივი მდგომარეობის ასახვით;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის – აქციებისა და წილების განკარგვა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული სააუქციონო პროცედურების ორგანიზება/წარმართვა;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადმოცემული სახელმწიფო ქონების მიზნობრივად გამოყენების საკითხის პრიორიტეტიზაცია/იდენტიფიკაცია;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ და სარგებლობის უფლებით გადმოცემულ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დადება და მათი შესრულების კონტროლი;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით;
ი) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 15🔗. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტი
მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულების შესაბამისი პროგრამების შემუშავება;
ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამებისა და ქვეპროგრამების ინსტიტუციური ფორმატის, სტრუქტურისა და სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის გზით;
გ) ეკონომიკური პროგრამების დაგეგმვის პროცესის უზრუნველყოფა, მათ შორის, მიზნობრივი ინდიკატორების, შედეგობრივი მაჩვენებლებისა და შესრულების შეფასების პარამეტრების ჩამოყალიბება, სტანდარტებისა და ერთიანი მეთოდოლოგიური ჩარჩოს განსაზღვრა პროგრამების მართვის სრული ციკლისათვის;
დ) პროგრამების ოპერაციული და ინსტრუმენტული მოდელების შემუშავება და დანერგვა, სამოქმედო გეგმების, ფინანსური სტრუქტურის, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებისა და განხორციელების პროცედურების ჩამოყალიბება და თანმიმდევრული, ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფა;
ე) განხორციელებული პროგრამების ეფექტიანობის, შედეგიანობისა და ეკონომიკური გავლენის შეფასება, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი ცვლილებების ინიციირება, პროგრამების სრულყოფის, მდგრადობის, რისკების მართვის, მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომების და ინოვაციების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად;
ვ) პროგრამების მიმდინაროების ფარგლებში, საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება და კოორდინაცია, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ბენეფიციართა ინფორმირებულობის, პროცესების გამჭვირვალობისა და სერვისებზე ბენეფიციართა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
ზ) დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან, დონორებთან, არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან კომუნიკაციის მართვა, თანამშრომლობა და ერთობლივი პროგრამების კოორდინაცია;
თ) პროგრამების მიმდინარეობის პროცესებისა და შედეგების მონიტორინგის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა, პროგრამების შესრულების დინამიკის, ხარისხის და მიზნობრივი გამოყენების შესწავლა;
ი) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 16🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;
ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 17🔗. დასკვნითი დებულება
სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.