ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6-14 |
|
2025 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
ზოგადი დებულებები
1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის და შემდგომში ამ ტერიტორიის განვითარება/გამოყენების პირობებსა და პროცედურას.
2. წესის მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში:
ა) ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვა და მათ ადგილას ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობების განთავსება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა;
გ) ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების ხელშეწყობა;
დ) დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა.
3. წესის განხორციელების საფუძველია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამა/ქვეპროგრამა.
ამ წესში გამოყენებული ტერმინები წესის მიზნებისთვის განიმარტება შემდეგნაირად:
ა) ავარიული საცხოვრებელი სახლი – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა), რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V ან IVკატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე განხორციელდა დემონტაჟი;
ბ) დაინტერესებული პირები – ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრი;
გ) ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული;
დ) შენობა-ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
ე) ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვა – ავარიული საცხოვრებელი სახლის ყიდვა და მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია, ისე რომ დაცულ იქნეს დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება და სხვა კანონიერი ინტერესები;
ვ) პროექტის განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,თბილისის განვითარების ფონდი“ (ს/ნ 404384974) (შემდგომში – ფონდი)
ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის განმახორციელებელი პირი და მასზე მიმართვის საფუძვლები
ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვას ახორციელებს პროექტის განმახორციელებელი.
ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის შედეგად წარმოშობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონება განიკარგება კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად პროექტის განმახორციელებლის მიერ.
1. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვა დაიშვება, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) შენობა-ნაგებობა ან/და მისი მზიდი კონსტრუქციული ელემენტები არის ავარიული და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V ან IV კატეგორიას;
ბ) შენობა-ნაგებობის დემონტაჟი არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობაზე, ან გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები;
გ) შენობა-ნაგებობის გამოსყიდვაზე არსებობს დაინტერესებული პირების თანხმობა და წარმოდგენილია განცხადება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად;
დ) დაინტერესებული პირის საკუთრების ობიექტი არის უფლებრივად უნაკლო ან არის შესაძლებლობა, რომ გამოსასყიდი თანხის სანაცვლოდ გახდება უფლებრივად უნაკლო.
2. იმ შემთხვევაში, როცა მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთზე მეტი შენობა-ნაგებობა, ამ მიწის ნაკვეთზე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის პროცესი ამ წესის შესაბამისად წარიმართება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავარიულობის ხარისხი წარმოდგენილი იქნება მიწაზე განთავსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე მაინც.
3. თუ ავარიული საცხოვრებელი სახლის მიწაზე განთავსებული რომელიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ახდენს გავლენას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობაზე, აუცილებელია განხორციელდეს ასევე მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული ყველა შენობა-ნაგებობის საკუთრების გამოსყიდვა (მიუხედავად მათი ავარიულობის ხარისხისა). ასეთ შემთხვევაში საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ყველა შენობა-ნაგებობის ყველა მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა საკუთრების გამოსყიდვასთან დაკავშირებით და ასევე ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული რომელიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი რომ არ ახდენს გავლენას სხვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობაზე, რაც დასტურდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტით(წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის პროცესი ვერც ამ კონკრეტულ ავარიულ საცხოვრებელ სახლთან მიმართებით ვერ განხორციელდება).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული რომელიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ახდენს გავლენას სხვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობაზე, გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
5. დაინტერესებული პირების თანხმობა არ იქნება მიჩნეული არასრულად, თუ მას არ ახლავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული იმ პირის წერილობითი ნება, რომელიც არაიდენტიფიცირებადი სუბიექტია.
1. ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის მიზნით დაინტერესებული პირები პროექტის განმახორციელებელს მიმართავენ განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) დაინტერესებული პირების წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის გამოსყიდვის თაობაზე, სადაც ასევე აღნიშნული იქნება, რომ მათ არ ექნებათ პრეტენზია და თანახმა არიან თავიანთი საკუთრება მუნიციპალიტეტის მიერ გამოსყიდული იქნას სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული ღირებულების შესაბამისად. ამასთან, თუ დაინტერესებულ პირთაგან რომელიმე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტია, მათი თანხმობა სავალდებულო არ არის;
ბ) დაინტერესებული პირების წერილობითი თანხმობა, რომ ის უძრავი ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გამოსყიდვას, გადაეცემა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
გ) ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობისა და მდებარეობის შესახებ;
დ) შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები;
ე) ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მათ შორის, იმავე პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
3. განცხადების მიღების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი დაინტერესებული პირების ჩართულობით აზუსტებს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაინტერესებული პირები წარმოადგენენ გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებს;
ბ) გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლი ან/და მისი მზიდი კონსტრუქციული ელემენტები ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება V ან IV კატეგორიას, რაც დასტურდება დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ან/და მისი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით) დამადასტურებელი დოკუმენტით, გაცემული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ;
გ) გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთზე განთავსებული რომელიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი არ ახდენს ზეგავლენას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობაზე, რაც დასტურდება დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტით;
დ) დაინტერესებული პირების საკუთრების ობიექტის მოცულობას გამოსასყიდ ავარიულ საცხოვრებელ სახლში.
4. პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება, ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
5. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის მიზნით წარდგენილი დოკუმენტების სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება განცხადების წარმდგენ პირ(ებ)ს.
6. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარმოდგენა.
ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის წესი
1. დაინტერესებული პირების მიერ ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას განიხილავს პროექტის განმახორციელებელი ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
2. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას, პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა).
3. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით ეს ტერიტორია განვითარდება/განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის შემდეგ, ტერიტორიის განკარგვამდე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სრულად არეგულირებს საკითხს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღებაზე ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღარ გამოიცემა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ჩაითვლება გაცემულად.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ვადები არ არის შეზღუდული.
1. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვისას, გამოსყიდვას ექვემდებარება ამ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებისა), რომელზე საკუთრების უფლებაც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − საჯარო რეესტრი) მიერ.
2. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვისას, დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება და გამოსყიდვას არ ექვემდებარება:
ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ იგი არის/გახდა ინდივიდუალური საკუთრება);
ბ) ავტოფარეხი/ავტოსადგომი;
გ) ამ წესის ამოქმედებამდე საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული სხვენი და ტერასა, თუ იგი არ არის კეთილმოწყობილი და არ გამოიყენება საცხოვრებლად;
დ) ამ წესის ამოქმედების შემდეგ საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირებული სხვენი და ტერასა.
3. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა ხდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული ღირებულების შესაბამისად. ამასთან:
ა) საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული ბინა ფასდება, როგორც საცხოვრებელი ფუნქციის ობიექტი;
ბ) საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული სარდაფი (მათ შორის, ნახევარსარდაფი), სხვენი, ტერასა ან სხვა ფართი, როგორც საცხოვრებელი ფუნქციის ობიექტი, შეფასდება იმ შემთხვევაში, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად, რაც დადასტურებული იქნება მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციითა და ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით;
გ) საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული სარდაფი (მათ შორის, ნახევარსარდაფი) ან სხვა ფართი (გარდა სხვენისა და ტერასისა), თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ფასდება არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საბაზრო ღირებულებით.
4. უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებულია დაინტერესებული პირის საკუთრებად და არ ექვემდებარება გამოსყიდვას ამ წესის შესაბამისად, უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის პროცესი ვერ დაიწყება.
5. დაინტერესებული პირის გამოსასყიდი უძრავი ქონების შეფასებას ახდენს პროექტის განმახორციელებელი.
6. იმ ავარიულ შენობა-ნაგებობაში, რომლის დემონტაჟიც უკვე განხორციელებულია ან/და დანგრეულ ავარიულ შენობა-ნაგებობაში, დაინტერესებული პირის საკუთრებად იანგარიშება ფართი, რომელიც ფიქსირდება ამონაწერში საჯარო რეესტრიდან, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული ფართი, რომლის საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება დადასტურებული იქნება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების გამოსყიდვაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი.