აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ბრძანება მოქმედი ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 29.12.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016148 394
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ბრძანება №1
2025 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრიალიონა ჩხოტუა
დანართი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, მიზნებს, ამოცანებს, ფუნქციებს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შიდა აუდიტის განმახორციელებელ პირველად სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. დეპარტამენტი მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. საქმიანობისას იცავს შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტებს, კერძოდ, გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებსა და თემატურ მოთხოვნებს.
5. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სამართლებრივი ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა
1. დეპარტამენტი სამინისტროს სხვა სუბიექტებისგან დამოუკიდებელია და თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
2. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების პროცესში.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის შიდა აუდიტის დამოუკიდებლობასა და ეფექტურად ჩატარებას, ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი დაბრკოლება. ასეთი გარემოების არსებობისას აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის უფროსი აცნობებს მინისტრს, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი დაბრკოლებების განმეორების თავიდან აცილებას.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა საჯარო უწყებებთან
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად.
3. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა საჯარო დაწესებულებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II
დეპარტამენტის მიზნები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.
2. დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ფუნქციები
1. დეპარტამენტი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს სამინისტროს მიზნების მიღწევას შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მინისტრისთვის წარდგენა;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;
ზ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი;
თ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ი) აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
კ) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
ლ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დეპარტამენტის მიერ.
3. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას და სხვ.
4. დეპარტამენტს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე, განახორციელოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის შიდა აუდიტორული შემოწმება, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. გარდა ამისა, შიდა აუდიტორული შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს მინისტრის ინიციატივითა და მისთვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა გლობალური სტანდარტების შესაბამისად;
გ) დეპარტამენტმა საქმიანობის განხორციელების მიზნით შეუზღუდავად, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი ფორმით, მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე კანონით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვ.), ასევე, მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისაგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
დ) მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ე) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის მოსამსახურეს ჰქონდეს შეუზღუდავი დაშვება სამინისტროს სისტემის ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა, აგრეთვე, ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
2. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის მოსამსახურესთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოვალეობანი
დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტები, მათ შორის, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითადი პრინციპები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე, შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) მინისტრის წერილობითი თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა სპეციალისტები
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს/წყვეტს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე და დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
დ) უზრუნველყოფს, რომ დეპარტამენტის მოსამსახურე შესაბამისობაში იყოს შიდა აუდიტის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან, გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებთან და თემატურ მოთხოვნებთან, მათ შორის ეთიკისა და პროფესიონალიზმის პრინციპებთან: პატიოსნება, ობიექტურობა, კომპეტენტურობა, სათანადო პროფესიონალური დამოკიდებულება და კონფიდენციალურობა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირეს და მასში მონაწილე პირებს;
ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
თ) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურის საქმიანობას და უნაწილებს ფუნქციებს, ცოდნისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
ლ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
მ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ო) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
პ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ჟ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
რ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს;
ს) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარატმენტის მოსამსახურის წახალისების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ტ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
უ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ფ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ქ) უზრუნველყოფს კონტროლს დეპარტამენტის ამოცანებისა და კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულებაზე;
ღ) ახორციელებს ამ დებულებით, სამინისტროს დებულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის მოსამსახურე.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის მოსამსახურე და მისი უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის დავალებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურე მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულა დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტის მოსამსახურე საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. დეპარტამენტში დასაქმებული მოსამსახურე:
ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში) და სამუშაოს აღწერილობით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;
ბ) ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით ან შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗. შიდა აუდიტორული შემოწმება
1. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.
2. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:
ა) სისტემური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
3. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 11🔗. შიდა აუდიტის დაგეგმვა
1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;
გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზედაც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს დაწესებულების გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
4. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი, დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.
7. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე.
8. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება დეპარტამენტის უფროსის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.
მუხლი 12🔗. შიდა აუდიტორული ანგარიში
1. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.
3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.
4. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად, რაც აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
5. დეპარტამენტი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას, შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, უგზავნის მინისტრს.
6. თუ შიდა აუდიტის დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს.
მუხლი 13🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობენ შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) დეპარტამენტის მოსამსახურის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) შიდა აუდიტორულ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, შემოწმების შედეგებით დეპარტამენტის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ;
დ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის უფროსი ან/და მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
3. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეს უფლება არ აქვს, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
5. ყოველი ინდივიდუალური შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტორები ვალდებული არიან მოაწერონ ხელი შიდა აუდიტის ობიექტთან ინტერესთა შეუთავსებლობის არარსებობის შესახებ ხელწერილს.
თავი IV
დეპარტამენტის საქმიანობის სხვა საკითხები
მუხლი 14🔗. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა
1. დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გათხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
2. დეპარტამენტში არსებული საქმის მასალების პირველად არქივაციაზე, დამუშვებასა და აღრიცხვა-შენახვაზე პასუხისმგებლები არიან დეპარტამენტის მოსამსახურეები.