ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეოთხე სექცის
განჩინება
საჩივარი №5855/23
გიორგი მამალაძე
საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), კომიტეტის სახით, 2015 წლის 11 მარტისა და 17 ივნისის სხდომებზე, შემდეგი შემადგენლობით:
ჟულიენ შუკკინგ, თავმჯდომარე,ლატო ჭანტურია,ფარის ვეჰაბოვიჩ,ტიმ ეიკ,ლორენ შემბრი ორლანდ,ანა მარია გიერა მარტინს,სებასტიან რადულენტუ, მოსამართლეები,და სიმეონ პეტროვსკი, განმწესრიგებლის მოადგილე,მხედველობაში მიიღო 2021 წლის 19 დეკემბერს წარდგენილი ზემოაღნიშნული საჩივარი,მხედველობაში მიიღო მოპასუხე მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიცია და მომჩივნის საპასუხო პოზიცია,ითათბირა რა, გადაწყვიტა შემდეგი:
შესავალი
1. საქმე ეხება მომჩივნის პრეტენზიას, რომ დაირღვა მისი უფლება ინდივიდუალურ საჩივარზე იმ დროს, როდესაც წარმოება მიმდინარეობდა სასამართლოში კონვენციის საფუძველზე მის ძირითად საჩივართან დაკავშირებით. მომჩივანი კონვენციის მე-34 მუხლს დაერყრდნო.
ფაქტობრივი გარემოებები
2. მომჩივანი, ბ-ნი გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და მცხოვრები ქობულეთში. მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი დ. ჯანდიერი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს თბილისში.
3. საქართველოს მთავრობას (შემდგომ „მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
საქმის გარემოებები
4. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
5. 2019 წლის 31 იანვარს მომჩივანმა წარადგინა საჩივარი სასამართლოში (მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ, N9487/19, 2022 წლის 3 ნოემბერი – “თავდაპირველი საჩივარი”). მას ბ-ნი დ. ჯანდიერი წარმოადგენდა.
6. 2019 წლის 4 აპრილს ბ-ნმა ჯანდიერმა სასამართლოს აცნობა, რომ მის წინაშე სამართალწარმოებაში ის აღარ წარმოადგენდა მომჩივანს.
7. 2021 წლის 27 მაისს მთავრობას ეცნობა მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესის სავარაუდო უსამართლობასთან, დახურულ სხდომაზე სისხლის სამართლის პროცესის გამართვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა, სასამართლო რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
8. 2021 წლის 1 აგვისტოს გადაცემაში, აშკარად პრო-ოპოზიციურმა ტელევიზიამ „მთავარმა არხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომ „სუსი“) დაადანაშაულა სასულიერო პირებისა და სხვა საჯაროდ აქტიური პირების პერსონალურ, პროფესიულ ან/და ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებით უკანონო თვალთვალსა და მონაცემების შეგროვებაში. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნ.გ.-მ აღნიშნა, რომ ანონიმურმა წყარომ გაიტანა ტრანსკრიპტებისა და ანგარიშების ერთობლიობა, რაც ადასტურებდა აღნიშნულ განცხადებას, და ამოიკითხა სხვადასხვა ამონაწერი. სუსმა უარყო აღნიშნული ბრალდებები.
9. ბ-ნმა ჯანდიერმა მომჩივნის წარმომადგენლობა სასამართლოში განაახლა 2021 წლის 6 აგვისტოს.
10. 2021 წლის 12 სექტემბერს გვიან ღამით, ანონიმურმა წყარომ, ვინც აცხადებდა, რომ მუშაობდა სუს-ში, როგორც ჩანს ელფოსტისა და ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა სხვადასხვა პირსა და ტელეკომპანიის მისამართით შეტყობინება. შეტყობინება შეიცავდა ბმულს, რომელიც სავარაუდოდ დიდ მონაცემებს, დაახლოებით 56000 ელექტრონულ ფაილს შეიცავდა. ამ ფაილების ორიგინალი ბმული სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა და არც ინტერნეტში იყო ჯერ კიდევ მოძიებადი. გავრცელებული ფაილები სავარაუდოდ შეიცავდა მრავალ პირთან დაკავშირებით პერსონალურ ინფორმაციას, და როგორც მედია აღწერდა, ძირითადად სასულიერო პირების, მაგრამ ასევე, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების საჯარო და პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს, ტრანსკრიპტებს, სატელეფონო საუბრებსა და მიმოწერების სავარაუდო მონიტორინგს. სხვადასხვა პირმა ვინც ფაილებში ფიგურირებდა, საჯაროდ დაადასტურა, რომ ტრანსკრიპტები რეალურ საუბრებს ასახავდა. მმართველი პოლიტიკური პარტიიდან რიგმა პოლიტიკოსებმა ოპოზიციური პარტია, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა (რომელიც ქვეყანას 2003 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მართავდა) „სახელმწიფო დაწესებულებების წინააღმდეგ ... პროვოკაციაში“ დაადანაშაულეს და დავობდნენ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, შემდგომი დაძაბულობის გამოწვევის მიზნით, ჰქონდა გეგმა, რომ გაევრცელებინა ფარული ან ყალბი ჩანაწერები.
11. ფაილები გავრცელდა სათაურით „სუს-ის კომპრომატები საპატრიარქოს [საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის] წინააღმდეგ“ და თან ახლდა შემდეგი შენიშვნა:
„არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს - სათაური კეთილშობილია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური... სინამდვილეში კი, არაფერი უქმნის საფრთხეს ჩვენს სახელმწიფოს, არაფერი ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ! ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ...“
12. 2021 წლის 14 სექტემბერს თბილისის პროკურატურამ, თავისი ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება (იხ. 23-ე პარაგრაფი ქვემოთ) დანაშაულზე უნებართვო ჩაწერა, ფარული მიყურადება, გამოყენება და კერძო კომუნიკაციის გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სუს-მა უარყო სადავო ფაილებთან დაკავშირებით რაიმე სახის ჩართულობა და განაცხადა, რომ ითანამშრომლებდნენ საგამოძიებო ორგანოებთან.
13. 2021 წლის 17 სექტემბერს მედია საშუალებებმა გაავრცელეს, რომ ფაილები მომჩივანთან დაკავშირებით ინფორმაციას შეიცავდა. იმავე დღეს, ბ-ნმა ჯანდიერმა მთავარ არხს (იხ. მე-5, მე-6და მე-9პარაგრაფები ზემოთ) ჰკითხა (იხ. მე-8პარაგრაფი ზემოთ) შეიცავდა თუ არა ფაილები მასთან ან/და მომჩივანთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
14. 2021 წლის 27 სექტემბერს მთავრობამ წარადგინა პოზიცია თავდაპირველი საჩივრის დასაშვებობასა და არსებით მხარეზე.
15. 2021 წლის 1 დეკემბერს, ნ.გ.-მ მთავარი არხის გენერალურის დირექტორის რანგში, მომჩივანსა და ბ-ნ ჯანდიერს გადასცა დოკუმენტები, 16 გვერდზე მეტი მოცულობით, რომლებიც შეიცავდა მათ შესახებ ინფორმაციის დეტალებს, რაც სავარაუდოდ გაჟონილ ფაილებში იყო. ბ-ნ ჯანდიერისადმი გაგზავნილ ძირითად წერილში, აღნიშნული იყო:
„თქვენი 2021 წლის 17 სექტემბრის წერილის პასუხად,... გაცნობებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენის მიზნით, გეგზავნებათ ჩვენს ხელთ არსებული მასალები, სადაც საუბარია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ და პირადად თქვენზე, როგორც ამ საქმის ადვოკატზე. გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ ზოგიერთი მასალა არის ამონაკრები მედიებისთვის მიწოდებული ე.წ. „სუსის ფაილებიდან“.
თანდართულია: 16 გვერდი.
...“
16. სასამართლოსადმი წარდგენილი 16 გვერდად ეს დოკუმენტები, შეიცავდა სხვადასხვა ტიპის ჩანაწერს. პირველი არის დაუთარიღებელი, ორგვერდიანი ჩანაწერი სახელწოდებით „მასალები ციანიდის საქმეში არ არსებობს“, რომელიც შეიცავს მომჩივნის დაკავების, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაციასა (იხ. მე-7პარაგრაფი ზემოთ), და აღნიშნულთან დაკავშირებით სასულიერო პირებს შორის საუბრებს. ამას მოჰყვება 5 ჩანაწერი, თითოეული სათაურით
„საინფორმაციო ჩანაწერი“, 6 გვერდზე მეტი მოცულობით. ეს ჩანაწერები აღწერენ მომჩივნის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის სხვადასხვა შესაძლო საუბრებს სხვადასხვა სასულიერო პირს შორის და მათ მოსაზრებებს [სტრასბურგის] სასამართლოში საქმის შემდგომ პერსპექტივაზე, 2018 წლის აგვისტოში ბ-ნი ჯანდიერის საუბრებს ჟურნალისტებთან, 2018 წლის ნოემბერში მეგობართან (ამ უკანასკნელის პერსონალური მონაცემების მითითებით) და 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს 5 ჩანაწერი იწყება ფრაზით „მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით...“ , თუმცა ყოველგვარი მითითების გარეშე თუ ვინ „მოიპოვა“ ეს. შემდგომი 8 გვერდი შეიცავს მოკლე ჩანაწერებს. პერიოდი, რომელსაც ეს ჩანაწერები ფარავს იწყება 2019 წლის 27 მარტს და სრულდება 2020 წლის 2 ოქტომბერს. თითოეული ჩანაწერი გაკეთებული იყო კონკრეტული პირის მიერ (ძირითადად ვინმე ა.ნ.-ს, მაგრამ ასევე, ვინმე თ.ა.-ს მიერ) და შეიცავდა, როგორც ჩანს, მისი დამზადების თარიღსა და დროს. 2019 წლის 4 აპრილის ჩანაწერში აღნიშნული იყო, რომ იმავე დღეს მომჩივანმა მის ძმას ციხის საავადმყოფოს ტელეფონის საშუალებით შეატყობინა (სადაც ის, როგორც ჩანს, 2019 წლის თებერვლის ბოლოს მოთავსებული იყო), რომ მისმა წარმომადგენელმა ბ-ნ ჯანდიერმა ის მოინახულა, რათა ეთქვა, რომ მის წარმომადგენლობის შეწყვეტას აპირებდა. მომჩივანმა წუხილი გამოთქვა, რომ შესაძლოა ბ-ნ ჯანდიერზე ვინმეს მხრიდან გარკვეული ზეწოლა განხორციელდა. ამ ჩანაწერის ბოლოს შემდგომი აღნიშვნაა გაკეთებული: „ამ ეტაპზე, დ. ჯანდიერის მიმართ განხორციელებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებებით არ ვლინდება მისი გადაწყვეტილების მიზეზი.“ 2019 წლის 6 აპრილით დათარიღებული ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მომჩივანმა მის ძმას ციხის ტელეფონით სთხოვა, ბ-ნ ჯანდიერისთვის ეთხოვა მასთან სტუმრობა. გარკვეულ შემთხვევებში, როგორც ჩანს, ჩანაწერები შეიცავდა მოკლე მიმოწერას ა.ნ.-სა და თ.ა.-ს შორის ჩანაწერების შინაარსის განხილვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ასეთ მიმოწერაში, ა.ნ.-ს მიერ 2019 წლის 2 მაისს გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ, რომელიც მომჩივანსა და მის ძმას შორის ციხის ტელეფონით განხორციელებულ საუბარს ეხებოდა, ტ.ა.-ს გზავნილი აძლევდა ინსტრუქციას ა.ნ-ს, რომ განეხორციელებინა „დილიდანვე განსაკუთრებული კონტროლი მამალაძის ძმებზე, “ და „პირადად მიეყვანა ის ვინც მათ [ადრე] უსმენდა“. ა.ნ.-ს პასუხი იყო „ვაკონტროლებთ“. ზოგიერთ ჩანაწერში აღნიშნული იყო, რომ ბ-ნ ჯანდიერი გამოჩნდა ან აპირებდა ტელევიზიით გამოჩენას სხვადასხვა მოვლენაზე სასაუბროდ. რამდენიმე ჩანაწერი აღწერს მომჩივანსა და მის ძმას შორის ციხის ტელეფონით განხორციელებული სავარაუდო საუბრების შინაარსს, ამ უკანასკნელის მიერ რელიგიურ ფიგურებთან და სხვა პირებთან საუბრებს მომჩივნის შეწყალების შესაძლებლობაზე, მის ჯანმრთელობაზე, ბ-ნ ჯანდიერის მიერ მის წარმომადგენლობაზე, ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ურთიერთობაზე, და სხვა საკითხების შესახებ. 2020 წლის 7 იანვრის ჩანაწერში აღნიშნულია მომჩივნის განზრახვა, მის ძმასთან სავარაუდოდ გამოთქმული სატელეფონო ზარის დროს საუბრისას, მიემართა [სტრასბურგის] სასამართლოსთვის მის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. 2020 წლის 22 მაისის ჩანაწერში აღნიშნულია, მომჩივნის ძმასა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის საუბარი, რაც ეხებოდა მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბ-ნ ჯანდიერის სასამართლოსთვის მიმართვის განზრახვას. 2020 წლის 28 სექტემბერის ჩანაწერი ეხება მომჩივნის ძმასა და ჟურნალისტს შორის სავარაუდო საუბარს, სადაც მომჩივნის ძმამ ახსენა, რომ მომჩივნის საქმე სტრასბურგის სასამართლოში იყო მიმდინარე და მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა.
17. 2021 წლის 19 დეკემბერს ბ-ნმა ჯანდიერმა, [სტრასბურგის] სასამართლოში მიმდინარე თავდაპირველი საჩივრის ფარგლებში, წარადგინა მომჩივნის პოზიცია მთავრობის პოზიციის საპასუხოდ (იხ. მე-14პარაგრაფი ზემოთ). სხვა საკითხებს შორის, გაჟონილ დოკუმენტებებზე მან მიუთითა, რომ გამოქვეყნდა მედიაში (იხ. მე-16პარაგრაფი ზემოთ) და ჩიოდა, რომ მომჩივნისა და მისი ადვოკატის კომუნიკაციის უკანონო მიყურადებით მთავრობამ დაარღვია კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეს საჩივარი შემდგომ დარეგისტრირდა ცალკე საჩივრის სახით და მიენიჭა ამჟამინდელი ნომერი (5855/23).
18. 2022 წლის 9 აგვისტოს მომჩივანი მოწმის სახით დაიკითხა მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, სავარაუდო დანაშაულზე რაც ეხებოდა კერძო კომუნიკაციების უნებართვო ჩაწერას, მიყურადებას, გამოყენებასა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (იხ. მე-12პარაგრაფი ზემოთ). მან დაადასტურა, რომ გაჟონილი მასალების შინაარსი რეალურ საუბრებს ასახავდა.
19. 2022 წლის აგვისტოში ბ-ნ ჯანდიერს და დეკემბერში მომჩივანს ზემოაღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით მსხვერპლის პროცედურული სტატუსი მიენიჭათ.
20. დაუზუსტებელ თარიღებში, საგამოძიებო ორგანოებმა სხვა ქვეყნებს სამართლებრივი დახმარების მოთხოვნები გაუგზავნეს; ჩაატარეს სახელმწიფო უწყებების აუდიტები იმის დასადგენად, თუ რამდენად იქნა გამოყენებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები გავრცელებულ ფაილებში იდენტიფიცირებულ პირებთან დაკავშირებით; დაუკავშირდნენ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს; შეამოწმეს ვებგვერდები და მედია წყაროები შესაბამისი ფაილები ამოსაღებად; ინფორმაცია მოითხოვეს ტელეკომუნიკაციის ოპერატორებისგან; და დაადგინეს და დაკითხეს სხვადასხვა პირი. სასამართლოს ხელთ არსებულ მასალებში არ არის ეროვნული სისხლის სამართლის საქმის მასალის ასლი. მომჩივანს წვდომა ამ საქმის მასალებზე ჰქონდა. როგორც ჩანს, სულ მცირე ამ ფაილების ნაწილი განსაიდუმლოებული.
21. 2022 წლის 3 ნოემბერს, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საჩივარზე, რომელიც საბოლოო გახდა 2023 წლის 6 მარტს (იხ. საქმე მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ N9487/19, 2022 წლის 3 ნოემბერი).
22. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაციით (2024 წლის 2 მაისი), სისხლის სამართლის გამოძიება ამ საკითხებზე მიმდინარე იყო.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა
23. სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 158 - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა🔗
„1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
(ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
...“
საერთაშორისო მასალა
24. „ჰუმან რაითს ვოთჩმა“ (Human Rights Watch) თავის 2022 წლის (2021 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ) ანგარიშში, აღნიშნა, რამდენადაც შესაბამისი ნაწილი იკითხება შემდეგნაირად:
„სექტემბერში, ანონიმური წყარომ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მუშაობდა სახელმწიფოს სადაზვერვო სააგენტოში, მედიას მიაწოდა ათასობით დოკუმენტი, რაც შეიცავდა მაკომპრომატირებელ ინფორმაციას სასულიერო პირებზე, მათ შორის, მათი ინტიმური ურთიერთობების, სექსუალური ორიენტაციის, ან უკანონო ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ინფორმაციას. დოკუმენტები სავარაუდოდ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად იყო შეგროვებული. ფაილები, ასევე, შეიცავდა ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეებისა, და უცხოელი დიპლომატების საუბრებს. პროკურატურამ დაიწყო გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება.“
25. „ამნესთი ინთერნეშენალი“ (Amnesty International) მის „2021/22 ანგარიშში: მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რაც გამოიცა 2022 წლის მარტში, აღნიშნავდა, რამდენადაც რელევანტურია:
ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და დიპლომატების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალებით ათასობით ფაილმა მედიაში და ინტერნეტში გაჟონა 12 სექტემბერს, რამაც გამოავლინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხდებოდა მასობრივი თვალთვალი და ფარული მიყურადება. შესაძლო უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით გამოძიებას შედეგი წლის ბოლოს არ აქვს .“
საჩივარი
26. მომჩივანი კონვენციის 34-ე მუხლის ფარგლებში ჩიოდა, რომ მას ჩამოუყალიბდა გულწრფელი რწმენა შესაძლო მიყურადების შედეგად 2021 წლის სექტემბერში მასალების გავრცელების გამო (იხ. მე-10პარაგრაფი ზემოთ), რომ მის წარმომადგენელთან მის საუბრებს უსმენდნენ კონვენციის ფარგლებში თავდაპირველი საჩივრის (იხ. მამალაძის საქმე, ზემოთ ციტირებული) მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების დროს.
კანონმდებლობა
საქმის არსი
27. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის პოზიციის საპასუხოდ წარდგენილ მის პოზიციაში, მომჩივანმა მოკლედ წამოწია პრეტენზია შეხვედრების ოთახში არსებულ პირობებთან დაკავშირებით, სადაც ის და მისი ადვოკატი ერთმანეთს შეხვდნენ COVID-19 პანდემიის გავრცელებისა და სანიტარული დაცვის ღონისძიებების მიღების შემდეგ. თუმცა, ეს არ წარმოადგენს მისი თავდაპირველი საჩივრის განვრცობას, სადაც ის მხოლოდ სავარაუდოდ მიყურადების მასალების 2021 წლის სექტემბერში გავრცელებას ეხებოდა. შესაბამისად, ახალი სადაო პრეტენზია ამ საჩივრის ფარგლებს გარეთ ხვდება (იხ. საქმე Radomilja and Others v. Croatia [GC], NN 37685/10 და 22768/12, §§ 121‑25, 2018 წლის 20 მარტი).
28. მსგავსად, სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის მიერ 2024 წელს მოპოვებულ დამატებით მასალებს მისი ახალი არგუმენტის დასასაბუთებლად, რაც მან განავრცო მთავრობის პოზიციის საპასუხოდ, რომ იმ შესაბამის დროს, შესაძლოა მისი ადვოკატის ელფოსტის უკანონო მონიტორინგი ხდებოდა. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საქმე შემოფარგლულია საკითხის განსაზღვრით, რამდენად მომჩივანსა და მის ადვოკატს ჰქონდათ საკმარის საფუძველზე დაყრდნობით გულწრფელი რწმენა, რომ მათი საუბრები კონვენციასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში არ იყო კონფიდენციალური იმ დროს როდესაც ეს სამართალწარმოება მიმდინარეობდა. კონვენციასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ახალი ინფორმაციის გაჩენა, რაც მიანიშნებდა, რომ იმ დროს ადვოკატის ელფოსტის კომუნიკაციაზე შესაძლოა ხდებოდა მონიტორინგი, რაიმე მითითების გარეშე, რომ მსგავსი კომუნიკაცია ხდებოდა მომჩივანთან, მიუხედავად იმისა, რომ არის სერიოზული საკითხი რაც ეროვნულ დონეზე გადამოწმებას საჭიროებს, ხვდება ამ საქმის განხილვის ფარგლებს მიღმა.
კონვენციის მე-8 მუხლის შესაძლო დარღვევა
29. მომჩივანი დაობდა კონვენციის 34-ე მუხლის შესაძლო დარღვევაზე (იხ. 26-ე პარაგრაფი ზემოთ), რომელიც იკითხება შემდეგნაირად:
„საჩივრით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ან ცალკე პირთა ჯგუფმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მსხვერპლია რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევისა. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით დააბრკოლონ ამ უფლების სრულად განხორციელება.“
მხარეთა არგუმენტები
მთავრობა
30. მთავრობამ მოითხოვა საჩივრის ამორიცხვა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან იმ საფუძვლებით, რომ აღნიშნულს იგივე ფაქტობრივი საფუძველი ჰქონდა რაც თავდაპირველ საჩივარს. ალტერნატიულად, მთავრობა დაობდა, რომ მომჩივანმა ვერ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება მის საჩივართან მიმართებით, კერძოდ, მის ადვოკატთან საუბრების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოუყენებლობის გამო. მთავრობა, ასევე, დაობდა, რომ მტკიცებულება არ არსებობდა, მის ადვოკატთან მომჩივნის კომუნიკაციის ფარული მიყურადების შესახებ, მან ვერ დაამტკიცა სასამართლოში მისი საჩივრის უფლების ხელისუფლების მხრიდან ხელშემშლელი განზრახი ან გათვლილი მცდელობების არსებობ. შესაბამისად, საჩივარი არ ხვდებოდა კონვენციის 34-ე მუხლის განხილვის სფეროში ან მომჩივნის მსხვერპლის სტატუსი არ დგინდებოდა. ბოლოს, მთავრობამ განაცხადა, რომ კონვენციის 34-ე მუხლზე დაყრდნობა არ იყო შესაძლებელი კონვენციის ან ასევე დამატებითი ოქმების არსებითი დებულებებთან დაკავშირებით პრეტენზიების არარსებობის პირობებში.
31. ასევე, მთავრობამ, სხვა არგუმენტებს შორის, წარადგინა, რომ სადაო საკითხი ეხებოდა კომუნიკაციების სავარაუდო მიყურადების ფართომასშტაბიან სიტუაციას, ასობით პოტენციური მსხვერპლის ჩართულობით, და რომ მიმდინარე გამოძიებას ყველა შესაბამისი გარემოებები ჯერ უნდა დაედგინა. ერთადერთი მტკიცებულება რაც მომჩივნის პრეტენზიას თან ერთვოდა, იყო მედია წყაროდან მიღებული დაუდგენელი მასალა. ამგვარად, მის „სიზუსტეზე ან გაყალბებაზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს განხილვა, და არა მომჩივნის „სპეკულაციური მტკიცებების“ მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნის ადვოკატმა ეროვნული გამოძიების მასალების გაცნობის უფლებით ისარგებლა; შედეგად, ის საქმის მასალებიდან კონკრეტულ მტკიცებულებებს უნდა დაყრდნობოდა მისი პრეტენზიების დასაბუთების მიზნით, და არა „სპეკულაციურ“ დოკუმენტებს ან „ფართომასშტაბიან მიყურადებასთან“ დაკავშირებით განზოგადებულ ბრალდებებს. მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების ავთენტურობასთან და წარმომავლობასთან დაკავშირებით გადაუჭრელ კითხვებზე დამატებით, სადავო დოკუმენტებზე დაყრდნობა არ უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ნ.გ., პირი ვინც მომჩივანს გადასცა ისინი (იხ. მე-15პარაგრაფი ზემოთ), იყო მისი ადვოკატი შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას, რაც [სტრასბურგის] სასამართლოში თავდაპირველ საჩივარს უდევს საფუძვლად.
32. ალტერნატიულად, მთავრობა დაობდა, სადავო მასალების შინაარსთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა დროებითი ან არსებითი კავშირი მომჩივნის თავდაპირველი საჩივრიდან გამომდინარე კონვენციასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებასთან. მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ წარდგენილ მასალებში არაფერი (ა) უკავშირდებოდა [სტრასბურგის] სასამართლოში მომჩივნის თავდაპირველ საჩივარს (იხ. მე-5და მე-7პარაგრაფები ზემოთ); ან (ბ) ასახავდა მომჩივნისა და მისი წარმომადგენელს შორის რეალურად გამართულ რაიმე საუბარს. მთავრობამ, დასძინა, მომჩივანმა ვერ წარადგინა მტკიცებულება რითაც დადასტურდებოდა, რომ ის ადვოკატთან კომუნიკაციისას რაიმე სახის ხელშეშლას ადგილი ჰქონდა და აღნიშნა, რომ მან შეძლო სასამართლოსთვის მოცულობითი (140 დოკუმენტზე მეტი დანართის ჩათვლით) პოზიციის სასამართლოში წარდგენა კონვენციასთან დაკავშირებული თავდაპირველ საჩივარზე სამართალწარმოების ფარგლებში.
33. დასკვნის სახით, მთავრობამ მისი პოზიცია გაიმეორა, რომ კონვენციის 34-ე მუხლი ამ საქმეში არ დარღვეულა და აღნიშნა, რომ მომჩივანს კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით ცალკე საჩივრის შეტანა შეეძლო თუ მას ჰქონდა სხვა პრეტენზიები მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით.
მომჩივანი
34. მომჩივანი დაობდა, სხვა საკითხებს შორის, რომ მას არ მოეთხოვებოდა შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა, კონვენციის 34-ე მუხლის პროცედურული ბუნების გამო. ასევე, მან წარადგინა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ბუნება, სადაც მიზანშეწონილად ჩაითვალა მისთვის დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭება (იხ. მე-19პარაგრაფი ზემოთ), ზუსტად ამის გამო, მიუთითებდა, prima facie (ერთი შეხედვით) მტკიცებულებების არსებობაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ჩადენილი მის წინააღმდეგ. იმავე დროს, მომჩივნის პოზიციაში აღნიშნული იყო, რომ სასამართლო არ უნდა დალოდებოდა გამოძიების შედეგს, ვინაიდან მის წინაშე უკვე იყო საკმარისი მტკიცებულება, რათა საქმე გადაეწყვიტა. ის ასევე აღნიშნავდა, რომ მას მხოლოდ ეროვნული სისხლის სამართლის საქმის მასალების იმ მონაკვეთებზე ჰქონდა წვდომა, რაც მას კონკრეტულად ეხებოდა, და რომ მას არ ჰქონდა რაიმეს ასლის გადაღების შესაძლებლობა. მომჩივანი აღნიშნულთან დაკავშირებით დაობდა, რომ მთავრობა ვალდებული იყო წარედგინა ოფიციალური მტკიცებულებები იმის დასაბუთებლად, რომ მომჩივნის საუბრების ჩაწერა არ მომხდარა.
35. მომჩივანი აღნიშნავდა, რომ ანონიმური წყაროს მიერ, დიდი ოდენობით მასალების, რაც შეიცავდა ასობით პირის, მათ შორის მისი და მისი ადვოკატის პირადი საუბრების შესახებ ჩანაწერებს, გავრცელება, რაც თარიღდებოდა მისი [სტრასბურგის] სასამართლოში თავდაპირველი საჩივრის წარდგენის წინა და შემდგომი პერიოდით, ინდივიდუალური საჩივრის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა. კერძოდ, ამ ფაილებისა და მისი შინაარსის გაჟონვის შედეგად, გონივრულ საფუძველზე დაყრდნობით მას ჩამოუყალიბდა გულწრფელი რწმენა, რომ ადვოკატ-კლიენტის პრივილეგია დაირღვა, მაშინ როდესაც სასამართლოს წინაშე მის საქმეზე სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარე იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანი იმეორებდა, რომ ასეთი რწმენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ კონვენციის 34-ე მუხლის გამოყენებისა და საბოლოოდ ამ დებულების დარღვევის დასადგენად, და რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, აუცილებელი არ იყო მასსა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადება მოხდა თუ არა. ის ეყრდნობოდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქმეებზე Cebotari v. Moldova (N35615/06, 2007 წლის 13 ნოემბერი) და Oferta Plus S.R.L. v. Moldova (N14385/04, 2006 წლის 19 დეკემბერი). ასევე, მომჩივნის მოსაზრებით, არარელევანტური იყო, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლოსთვის წარედგინა მისი პოზიცია და თანდართული მასალები.
36. ბ-ნ ჯანდიერთან მისი კომუნიკაციის ფორმასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, მომჩივანმა აღნიშნა, რომ გაჟონილი მასალების გავრცელებამდეც კი, მათ შორის სატელეფონო ზარები ძალიან ხანმოკლე იყო და არ განუხილავთ მნიშვნელოვანი საკითხები. რაც შეეხება პირად შეხვედრებს, მომჩივანმა აღნიშნა, რომ ორი კაცი „ყურში ფარულად ჩურჩულით [ერთმანეთს] ესაუბრებოდა “ როდესაც მის საქმეს განიხილავდნენ რათა სხვას არ გაეგო. მომჩივანი ითხოვდა, რომ სადავო ფაილების შემდგომმა გავრცელებამ შესაძლო მოსმენასთან დაკავშირებით მისი ადრინდელი შიშებში დაადასტურა. მომჩივანმა დაამატა, რომ COVID-19-ის პანდემიის აფეთქების შემდეგ, მის ადვოკატს ის შეხვდა ორ სხვადასხვა ოთახში, რაც „სავარაუდოდ თავისუფალი იყო“, ამ განაცხადის მნიშვნელობის დაზუსტების გარეშე.
37. რაც შეეხება 2021 წლის 1 დეკემბერს ნ.გ.-ს მიერ მისთვის წერილით მიწოდებული მასალების ავთენტურობას (იხ. მე-15-16პარაგრაფები ზემოთ), მომჩივანი დაობდა, რომ ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მასთან დაკავშირებით გავრცელებული ფაილები სწორად ასახავდა მის საქმეზე ბ-ნ ჯანდიერის წარმომადგენლობის ვადებს (შედარებისთვის მე-6, მე-9და მე-16პარაგრაფები ზემოთ). 2021 წლის 1 დეკემბრის წერილზე დამატებით, ამ საქმეზე მთავრობის პოზიციის საპასუხოდ მომჩივანმა წარადგინა მასალები, რაზეც ის ითხოვდა, რომ აღნიშნული ნ.გ.-ს წერილის ავთენტურობას ადასტურებდა. კერძოდ, მან მთავარი არხის ახალი გენერალური დირექტორის ხელმოწერით წარადგინა 2024 წლის 6 მარტის წერილი (იხ. მე-8პარაგრაფი ზემოთ), რომელიც შეიცავდა იმავე ფაილებს რაც თან ერთვოდა 2021 წლის 1 დეკემბერის წერილს. ასევე, მან სხვა მედია კომპანიისგან (ტვ ფორმულა) 2024 წლის 15 მარტით დათარიღებული წერილი წარადგინა. მომჩივანი, ასევე, მიუთითებდა შესაბამისი მოვლენების მედიით გაშუქებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საკითხზე რეაგირებასთან დაკავშირებით (იხ. 24-ე და 25-ე პარაგრაფები ზემოთ).
38. ასევე, მომჩივანი აღნიშნავდა, რომ პირადი კომუნიკაციების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ქვეყანაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ზოგადი პრობლემა იყო, და რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვა შესაბამისი კანონმდებლობის ადეკვატურობის შეფასება.
სასამართლოს შეფასება
39. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 34-ე მუხლი ხელშემკვრელი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას არ შეიშალონ ხელი პირის უფლებას ეფექტურად წარადგინოს და მიჰყვეს საჩივარს [სტრასბურგის] სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციაში გათვალისწინებული არსებითი უფლებებისგან განსხვავებით, ეს დაკისრებული ვალდებულება პროცედურული ხასიათისაა, ამ პროცედურული უფლების ძირითადი არსიდან გამომდინარეობს, რომ კონვენციასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში მომჩივნებს შესაძლებლობა ეძლევათ იდავონ მის სავარაუდო ხელყოფაზე (იხ. საქმე Manoussos v. the Czech Republic and Germany (განჩინება), N46468/99, 2002 წლის 9 ივლისი).
40. კონვენციის 34-ე მუხლით დაწყებული ინდივიდუალური საჩივრის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომჩივნებს ან პოტენციურ მომჩივნებს ჰქონდეთ თავისუფალი კომუნიკაცია სასამართლოსთან, ხელისუფლების მხრიდან რაიმე ფორმის ზეწოლის გარეშე გამოიტანონ ან შეცვალონ მათი საჩივრები (იხ. საქმე Sisojeva and Others v. Latvia (striking out) [დიდი პალატა], N60654/00, § 115, ECHR 2007‑I; საქმე Salman v. Turkey [დიდი პალატა], no. 21986/93, § 130, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000‑VII; და საქმე Akdivar and Others v. Turkey, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1996‑IV, § 105, 1996 წლის 16 სექტემბერი). აღნიშნულ კონტექსტში, “ზეწოლა“ მოიცავს არა მხოლოდ პირდაპირი იძულებისა და დაშინების უხეშ ქმედებებს, არამედ სხვა არაპირდაპირ, შეუსაბამო ქმედებებს ან ურთიერთობებს, რომელთა მიზანია გადაარწმუნოს მომჩივნები ან ხელი შეუშალოს მათ კონვენციით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენებაში (იხ. საქმე Konstantin Markin v. Russia [დიდი პალატა], N30078/06, § 158, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2012 (ამონარიდები)).
41. იმ საქმეების კონტექსტში, რომლებიც შეეხება ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიას, სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ადვოკატის მიერ კლიენტის ინტერესების ეფექტურად წარმომადგენლობისთვის არის პრინციპი, რომ მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლის კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული (იხ. საქმე Oferta Plus S.R.L., ზემოთ ციტირებული, § 145). სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ადვოკატ‑კლიენტის პრივილეგიაში ჩარევამ შესაძლოა კონვენციის 34-ე მუხლით გარანტირებული ინდივიდუალური საჩივრის უფლება დაარღვიოს (იხ. საქმე Cebotari, ზემოთ ციტირებული, §§ 58-60). ასეთი ჩარევა სულაც არ მოითხოვს, რომ ფაქტობრივად მომხდარ ფარული მიყურადებას ან ფარული მოსმენას ჰქონდეს ადგილი. გონივრულ საფუძვლებზე დაფუძნებული გულწრფელი რწმენა, რომ მათ დისკუსიას უსმენენ, შესაძლოა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ შეზღუდოს იმ დახმარების ეფექტურობა, რომლის გაწევაც ადვოკატს შეეძლო. ასეთმა რწმენამ შესაძლოა გარდაუვლად დათრგუნოს ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი დისკუსია და შეაფერხოს კლიენტის უფლება ეფექტურად იყოს დაცული ან წარმოდგენილი (იქვე, § 60).
42. უბრუნდება რა ამ საქმეს, სასამართლო მხედველობაში იღებს მთავრობის შედავებას, რომ ცალკე 34-ე მუხლზე არ შეიძლება დაყრდნობა (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, მოცემული საჩივარი წარმოდგენილ იქნა მაშინ როდესაც მომჩივნის კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით თავდაპირველ საჩივარზე საქმისწარმოება სასამართლოს წინაშე მიმდინარე იყო. მომჩივანი კონკრეტულად მიუთითებდა მისი ინდივიდუალური საჩივრის უფლების განხორციელებაზე ამ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით (იხ. მე-17და 26-ე პარაგრაფები ზემოთ). ამ გარემოებებში, ფაქტი, რომ ეს საქმის წარმოება დასრულდა (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლოს არ უშლის ხელს, რომ განიხილოს დაკავშირებული საჩივარი, რაც წარდგენილია კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე, გათვალისწინებით იმისა, რომ ის მკაფიოდ არის დაკავშირებული მომჩივნის მიერ სასამართლოში თავდაპირველად შეტანილ საჩივართან და მომჩივნმა ის წარმოჭრა მაშინ როდესაც ის საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარე იყო (იხ. მაგალითად, საქმე mutatis mutandis, Mehmet Ali Ayhan and Others v. Turkey, NN 4536/06 და 53282/07, § 38, 2019 წლის 4 ივნისი).
43. რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიის არსს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოიცავს ბრალდებას, რომ მოხდა ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიასთან დაკავშირებით შესაძლო დათმობაზე წასვლა, ეს განსხვავდება სასამართლოს აქამდე გადაწყვეტილი საქმეებისგან. კერძოდ, საქმეებში Oferta Plus S.R.L. და Cebotari (ორივე ციტირებულია ზემოთ, §§ 149-54 და §§ 62-66 შესაბამისად), რასაც მომჩივანი ეყრდნობოდა (იხ. 35-ე პარაგრაფი ზემოთ), დადგენილი იყო, რომ შესაბამის მომჩივნებს ჰქონდათ გონივრულ საფუძვლებზე დაყრდნობით გულწრფელი რწმენა, რომ ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიის დათმობა შესაძლოა მომხდარიყო დროებითი განთავსების ცენტრის შეხვედრების ოთახში, ამ ოთახის ფიზიკური მოწყობის გამო. ასევე, მათ შეექმნათ ფიზიკური დაბრკოლებები ამ სადავო მოწყობით (იქვე).
44. აღნიშნულისგან განსხვავებით, მოცემულ საქმეში, ინდივიდუალური საჩივრის უფლების ხელშეშლა სადაოდაა გამხდარი, ანონიმური წყაროს მიერ მასიური მოცულობის მასალების გავრცელებაზე დაყრდნობით, რაც სავარაუდოდ შეიცავდა ასობით პირის პირადი საუბრების ტრანსკრიპტებს, მათ შორის, მომჩივანთან დაკავშირებით. თუმცა, ეს მასალები მომჩივანსა და მის ადვოკატს შორის ნებისმიერი სახის კომუნიკაციას არ შეიცავდა.
45. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულ დონეზე მრავალი ფაქტობრივი ელემენტის, მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების მასშტაბურად ხელმყოფებების, და მათი სახელმწიფოსთან კავშირის ხარისხისა და მასშტაბის გარკვევა ხდება (ოხ. მე-12და 18-22პარაგრაფები ზემოთ).
46. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო იმეორებს (იხ. 44-ე პარაგრაფი ზემოთ), რომ ავთენტურობისა და წარმოშობის მიუხედავად, გავრცელებული მასალა არ აღწერდა - და ეს არ არის მომჩივნის მიერ სადაოდ გახდილი - მასსა და მის ადვოკატს შორის პირდაპირ ურთიერთობას, არც სასამართლოს წინაშე მიმდინარე საქმის წარმოების კონტექსტში ან არც რამე სხვა საკითხთან დაკავშირებით. ის ასახავდა, საკმაოდ, ინფორმაციას რაც შესაძლოა იყო, ერთი მხრივ, მომჩივანსა და მის ძმას შორის სატელეფონო საუბრები, ხოლო მეორე მხრივ, მომჩივნის ადვოკატის ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან ურთიერთობა (იხ. მე-16პარაგრაფი ზემოთ). ამ ინფორმაციის არსებობა გავრცელებულ მასალებში თავისთავად საკმარისად ვერ ჩაითვლება, იმისთვის რომ მომჩივანს ჩამოუყალიბდეს გონივრულ საფუძვლებზე დაყრდნობით გულწრფელი რწმენა, რომ მისი საუბრები მის ადვოკატთან ისმინებოდა.
47. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს თვითონ მომჩივნის დაშვებას, რაც სასამართლოში წარდგენილ პოზიციაშია, რომ ის და მისი ადვოკატი არასოდეს საუბრობდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე ტელეფონით, და მასალების გავრცელებამდეც კი, როდესაც მომჩივნის პატიმრობის დროს ციხეში იყენებდნენ შეხვედრების ოთახს, ერთმანეთს ყურში უჩურჩულებდნენ, რათა აერიდებინათ სხვის მიერ მოსმენა (იხ. 36-ე პარაგრაფი ზემოთ). მომჩივნის სიფრთხილე მის ადვოკატთან ურთიერთობისას უჩვეულოდ არ ჩანს, იმ მოცემულობაში, როდესაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მოიცავდა ფარული საგამოძიებო მიყურადების ღონისძიებებს (იხ. საქმე მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ, N9487/19, 2022 წლის 3 ნოემბერი, §§ 8-9). ნებისმიერ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან ასეთი სიფრთხილის გამოჩენა წინ უძღვოდა გაჟონილი მასალების გავრცელებას და არ იყო მისით გამოწვეული, ის არ შეიძლება დაუკავშირდეს ამ უკანასკნელ მოვლენას. პირიქით, სადავო მასალების გავრცელების შემდეგ, მომჩივანს არ ექნებოდა შიშის საფუძველი, რომ მისი კომუნიკაცია მის ადვოკატთან შესაძლოა ვინმეს მოესმინა, კერძოდ, მათი კომუნიკაციის ფორმის გამო.
48. მხედველობაში მიიღო რა მომჩივნის შესაძლებლობა მიჰყოლოდა სასამართლოში მის მიერ შეტანილ საჩივარს (იქვე. §§ 102 და 115) და დაბრკოლების გარეშე დიდი რაოდენობით მასალები წარედგინა მასთან დაკავშირებით (იხ. 32-ე პარაგრაფი ზემოთ), გავრცელებული მასალის ბუნება (იხ. 44-46-ე პარაგრაფები ზემოთ), და ფორმა როგორც მომჩივანმა და მისმა ადვოკატმა ააწყვეს ურთიერთობა ეროვნულ დონეზე (იხ. 47-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ საჩივრის ფარგლებში სადაოდ გახდილი მოვლენები ვერ მოახდენდა გავლენას მომჩივნის ინდივიდუალური საჩივარის უფლების გამოყენებაზე მისი თავდაპირველი საჩივრის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. ამ დასკვნამ ზიანი არ უნდა მიაყენოს შესაბამისი მასალების გავრცელების შემდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის გამოძიების საბოლოო შედეგს (იხ. მე-20-22პარაგრაფები ზემოთ) ან/და რაიმე საჩივრის მისაღებობასა და არსებით მხარეს რაც მომჩივანს შესაძლოა ჰქონდეს კონვენციის ძირითადი დებულებების ფარგლებში.
49. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დაუდგენელი წყაროს მიერ მასალების, რაც შეიცავდა ასობით პირის მგრძნობიარე პერსონალური მონაცემებს, გავრცელება და მინიშნება, რომ მასალები შესაძლოა მუშავდებოდა ოფიციალურად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, და რა თქმა უნდა ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაა აუცილებელი. თუმცა, სასამართლო აფრთხილებს, რომ მოპასუხე სახელმწიფოში არ მოხდეს მასობრივი თვალთვალის შესახებ ბრალდების, რამდენადაც სერიოზული არ უნდა იყოს ისინი, და კონკრეტულ საქმეში კონვენციის სამართალწარმოებასთან დაკავშირებით ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალურობის დარღვევის ბრალდებას შორის აღრევა.
50. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის საჩივარი კონვენციის 34‑ე მუხლის ფარგლებში აშკარად უსაფუძვლოა და კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მიუღებლად უნდა გამოცხადდეს.
ამ მოტივით, სასამართლო, ერთხმად,აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2025 წლის 10 ივლისს.
სიმონ პეტროვსკი ჟოლიენ შუკინგი
განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე