1. ამ წესის თანახმად, როგორც ელექტრონული პროცედურის, ასევე პირდაპირი შესყიდვის შედეგად განხორციელებული შესყიდვები, დადებული ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია ან/და დოკუმენტები იტვირთება სისტემაში, მათი შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

2. პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში.

3. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

4. ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.

5. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.

6. თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით.

7. თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ან პირდაპირი შესყიდვისას დასადები ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, დაუშვებელია, პრეტენდენტს/მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველის მიერ დასაბუთებულია, თუ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა გარანტიის მოთხოვნა.

8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე, ხოლო პირდაპირი შესყიდვისას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შესაძლებელია შემსყიდველს წარედგინოს ხელშეკრულების დადების შემდეგ, არაუგვიანეს 10 დღისა. გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

9. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

10. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

11. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში, რა დროსაც ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი