1. დაწესებულება არის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნია, არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება, მისთვის პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას, არის ადმინისტრაციული ორგანო.

2. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში სასჯელს იხდიან, როგორც წესი: პირი, რომელიც მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და რომლისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 10 წელს არ აღემატება; მსჯავრდებული, რომელიც პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

3. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში სასჯელს იხდიან, როგორც წესი: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და რომელსაც სასამართლომ დაუნიშნა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისთვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ დანიშნული; მსჯავრდებული, რომელიც პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

4. დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს აგრეთვე სხვა მსჯავრდებული რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

5. დაწესებულების ტერიტორია იყოფა ნახევრად ღია ტიპის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად. დაწესებულებაში შესაბამისი ნაწილების კონკრეტულ ტერიტორიებად დაყოფას დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

6. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

7. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

8. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

9. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

10. დაწესებულების მისამართია ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №9