1. მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

2. მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში.

3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, ან როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია, საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს პირი, რომელიც არ არის მსჯავრდებული.

4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ ის საქმიანობას განახორციელებს ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ მსჯავრდებულს. ეს ვალდებულება უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოარჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.

6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობები. მსჯავრდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

7. მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსთვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. მსჯავრდებულისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

8. მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. მას ხელფასის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.

9. შრომის პირობების გათვალისწინებით მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე განსაზღვრავს მინისტრი. ეს წესები არეგულირებს მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა საკითხებს.

10. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია, განისაზღვრება ამ დებულების №5 დანართის შესაბამისად.

11. მსჯავრდებული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება ჩაირიცხოს სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის“ შესაბამისა