1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.

2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.

3. მსჯავრდებულს განემარტება უფლება (დანართი №8) − მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება.

4. მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ოქმს.

5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები ისინი დაერთვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებას.

6. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

7. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის გარემოებები და მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება ამ დარღვევასთან დაკავშირებით. დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ეხება ამ დებულების 91-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებას. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში მსჯავრდებულის ადვოკატი არ გამოცხადდება ზეპირ მოსმენაზე, მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული ზეპირ მოსმენაზე დასწრებაზე უარს აცხადებს, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.

9. ზეპირი მოსმენა/სხდომა, რომელიც ეხება დისციპლინური სახდელის გამოყენებას, შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ მსჯავრდებული არ ცხადდება სხდომაზე ან თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

10. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას იწარმოება დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (დანართი №9