1. ამ დებულების დაცვის, პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის თავიდან აცილების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით, დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე, მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება, რა დროსაც საკნიდან გამოდის ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირადი შემოწმების შემდეგ ბრუნდება საკანში და ესწრება მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებას/დათვალიერებას.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, აგრეთვე, იმ ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.

3. შენახვისა და გამოყენებისთვის აკრძალულ ნივთს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და კვების პროდუქტები, რომლებიც:

ა) წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის;

ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად, პატიმრობის ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ;

გ) გათვალისწინებულია ამ დებულების №1 დანართით განსაზღვრულ იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

დ) არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (დანართი №2 და №3 ) იმ პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;

ე) აჭარბებენ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა ნივთებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომლებიც დადგენილია ამ დებულების №1 დანართის მე-14 პუნქტითა და №2 დანართით.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.

5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების იმავე სქესის უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.

6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:

ა) ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;

ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ;

გ) სხვა საკანში გადაყვანისას;

დ) აბაზანაში გაყვანისას;

ე) დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებისას;

ვ) სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

7. პირადი არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე.

8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:

ა) დაწესებულებაში მიღებისას;

ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;

გ) სამარტოო საკანში მოთავსებისას;

დ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;

ე) მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას/დაბრუნებისას;

ვ) ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ;

ზ) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულისა, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);

თ) სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირადი სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ამ მუხლის მე-12−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით. შემოწმების საშუალებას ირჩევს ბრალდებული/მსჯავრდებული. შემოწმების ჩატარების წინ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესთავაზებს აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხორციელდება.

11. ბრალდებული/მსჯავრდებული ამ მუხლის მე-12−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იგი უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე;

ბ) სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ აკრძალული ნივთის ფლობა;

გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს ისეთი აკრძალული ნივთი, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;

დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;

ე) არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკანერით შემოწმებისთვის.

12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

13. პირადი სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმა თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუნდშტუკი და სხვა საგნები.

14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შინაგანი შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.

15. ამ მუხლის მე-12−მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პირადი სრული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად. დაუშვებელია პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

16. პირადი შემოწმების შედეგად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი ნებადართული პირველადი მოხმარების საგნები, კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში.

17. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთები მოწმდება:

ა) დაწესებულებაში მიღებისას;

ბ) დაწესებულებიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას;

გ) სხვა საკანში გადაყვანისას;

დ) სამედიცინო სტაციონარში გაყვანისას/გადაყვანისას;

ე) სამარტოო საკანში გადაყვანისას;

ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთები შეიძლება შემოწმდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე. სხვა შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.

19. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია, თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, მისი მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე, და დაწესებულების მოსამსახურეები, რომლებმაც ჩაატარეს შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.

21. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხელის მეტალმძებნი. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთების შემოწმებისა