1. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან თავისუფლდება პენიტენციური კოდექსის XV თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მსჯავრდებული გათავისუფლებისას პენიტენციური კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს. თუ მისი გათავისუფლების დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას ეძლევა სათანადო ცნობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება პენიტენციური კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

4. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც დაწესებულებაში ინახებოდა.

5. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს ან ის არ შეეფერება შესაბამის სეზონს, დაწესებულება ვალდებულია მას უსასყიდლოდ გადასცეს ამ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.

6. მსჯავრდებულს მის პირად საბანკო ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრულად განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

7. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ დაწესებულების დირექტორის მიერ ეცნობება გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე.

8. თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

9. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

10. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

11. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს დაწესებულების დატოვებისას განუმარტოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა (უფლების ჩამორთმევა).

12. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

13. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის შესახებ.

თავი XII

სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზე