1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის (1481), საქართველოს პროკურატურის ცხელი ხაზის (0(32)2405222) და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის (0(32)2405599) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან.

3. მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით წინასწარ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე.

4. მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას განემარტება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი, რასაც მსჯავრდებული წერილობით ადასტურებს და უთითებს 5 სატელეფონო ნომერს ადრესატების მითითებით, რომლებშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მითითებული სატელეფონო ნომრის შეცვლის მიზნით, მსჯავრდებულმა განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.

5. ბრალდებული/მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს დაწესებულების დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 დღით ადრე.

6. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს – დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული 15 წუთით, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − 15 წუთით.

8. ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – 15 წუთით.

9. განსაკუთრებული გარემოების (ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც შეზღუდული არ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით.

10. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბრის უფლება.

11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. ცხელი ხაზის მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.

12. როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის შესახებ წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.

13. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზ