1. დაწესებულება არის პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნია, არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება მისთვის პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, რომელთაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილი არიან პენიტენციური კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად.
3. დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფებს, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას.
4. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად, დაწესებულებაში შესაბამისი ნაწილების კონკრეტულ ტერიტორიებად დაყოფას დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.
5. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
6. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
7. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
8. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
9. დაწესებულების მისამართია: ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქ. №2