1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან მიმოწერის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს –დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
3. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიმოწერის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შესული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით.
6. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის, საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ)საქართველოს პარლამენტის წევრი;
ე) სასამართლო;
ვ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
თ) საქართველოს სამინისტრო;
ი) სამსახური;
კ) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;
ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი;
მ) საქართველოს პროკურატურა;
ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო;
ო) კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;
პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური.
7. დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით, ხოლო ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია − მიმოწერისთვის საჭირო შესაბამისი საშუალებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა გონივრული რაოდენობის საწერი საშუალება და ქაღალდი.
8. საქართველოს მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას – სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.
9. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისთვის აუცილებელი ვადით.
10. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისთვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს.
11. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
12. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას და სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შენახვასა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.
13. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის, მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადაცემას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მეშვეობით არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის ჩაბარება დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელმოწერით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრების ყუთით გასაგზავნისა, გადასცემს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეს, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.
14. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
15. ცნობებს ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე გადასცემს დაუყოვნებლივ.
16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათვისუფლების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები უბრუნდება გამომგზავნს.
17. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის/ფულადი გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ბრალდებულის ხელფასის ჩარიცხვის, ბრალდებულის შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, ადგილზე განიხილავს და გადაწყვეტს დაწესებულების დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატს.
18. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპოდენციის ვიზუალურ დათვალიერებას, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა. აღნიშნული შეზღუდვის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს და კორესპონდენცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ეგზავნება.
19. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართალწარმოების ინტერესებს;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
20. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით უნდა გაიხსნას. აღნიშნული კორესპონდენციის ვიზუალური დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე უნდა განხორციელდეს.
21. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
ე) სასამართლო;
ვ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
თ) საქართველოს სამინისტრო;
ი) სამსახური;
კ) საქართველოს სახალხო დამცველი;
ლ) ადვოკატი;
მ) საქართველოს პროკურატურა;
ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ მსჯავრდებულის სახელზე გაგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება ამავე მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილი წესი