1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს ამ დებულებას, წესრიგს, ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურის, სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისდამი დაუმორჩილებლობა ან მისთვის წინააღმდეგობის სხვაგვარად გაწევა;

დ) სხვა პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მისი ღირსების სხვაგვარად შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება ან განადგურება (მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის შეცვლით);

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების დარღვევა/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) სარგებლის მისაღებად დაწესებულების ტერიტორიაზე საქმიანობის დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე განხორციელება;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობის/სისტემის ფუნქციონირებაში დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობის დიზაინისა და ფუნქციების თვითნებურად შეცვლა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე იმ ნივთის დამზადება, ფლობა ან გამოყენება, რომლის ქონაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ლ) ნებისმიერი ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

მ) ამ დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმს (დანართი №7), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული (მათი არსებობის შემთხვევაში) და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.

3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე დისციპლინური სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალა/ტექნიკა.

4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულება ის ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება დისციპლინური სამართალწარმოების დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, ხოლო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით.

5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, რომლის შენახვა და გამოყენება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ან არ წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში გადაეცემა მის ახლო ნათესავს, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში.

6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენა