ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.01.2026
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016787 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/01/2026
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2026 წლის 16 იანვარი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითაზო ფაცაცია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდეგში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდეგში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს და სერვისების მიწოდებას.
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 06 02 02);
ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03) – მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, პირველი-მეორე შვილის შეძენისას სოციალურად დაუცველი ოჯახების, ტყუპის შეძენისას, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარება და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ფინანსური მხარდაჭერა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდეგში – შშმ) პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 04) – შშმ (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებული პირების კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში, ასევე შშმ და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება და ზრუნვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა;
დ) მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 05);
ე) ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 06) – 100 წელს გადაცილებულთა ფინანსური მხარდაჭერა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა;
ვ) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 08) – ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების თანადაფინანსება, ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით. სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ საქართველოს (გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა) აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება. სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა – დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება;
ზ) სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 09) – მიმდინარე წლის ხანძრით, მეწყრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა;
თ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 10);
ი) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 11);
კ) სოციალური პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 12);
ლ) სოციალური საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობა, მიმდინარე რემონტის, ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა (პროგრამის კოდი 06 02 13).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება. ასევე, მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფების ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების დახმარება, ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად ბენეფიციარის მიერ განცხადების შემოტანიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.
მუხლი 2🔗.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 06 02 01);
ბ) მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი (პროგრამის კოდი 06 02 06)
გ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 07);
დ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ორგანიზება და ქალთა ოთახის ფუნქციონირების ხელშეწყობა (პროგრამის კოდი 06 02 03)
ე) უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 06 02 14);
ვ) განსაკუთრებულად შეჭირვებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 65 001-მდე) გაზიფიკაცია;
ზ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, შუამდგომლობის გაწევა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან;
თ) პირველი ხარისხის სამერქნე ხე-ტყის მოჭრის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის გაწევა აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან;
ი) თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი – საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა;
კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის ქვეპროგრამა, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის, პერსონალური ასისტირება.
თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 3🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 01)
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს:
ა) ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა, შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობელთა, ხანდაზმულთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების (პირების) ყოველდღიურად სადილით უზრუნველყოფას დღეში ერთხელ; კვების უზრუნველყოფის პროგრამაში (უფასო სასადილოს მომსახურება) ჩასართავად/გასაგრძელებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა და სხვა);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი (გარდა გაგრძელების შემთხვევისა);
ე) სხვა არსებული დოკუმენტები.
2. სოფელში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირთა (შშმ პირები, მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულები და ა.შ.) საკვები პროდუქტებით წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარებას; დახმარების მისაღებად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი მერიაში წარმოადგენს შუამდგომლობას ბენეფიციართა თანდართული სიით.
მუხლი 4🔗.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 02)
1. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფას თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში;
დ) 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) დევნილის მოწმობის ასლი(არსებობის შემთხვევაში);
ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ომის ვეტერანთან გათანაბრებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი;
დ) დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 5🔗.
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03)
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე – 200 (ორასი) ლარი, 5 შვილზე – 300 (სამასი) ლარი, 6 შვილზე – 400 (ოთხასი) ლარი და ა.შ. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) არასრულწლოვნის პირადობის მოწმობის ასლები ან რეგისტრაციის ბარათი;
ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლები;
გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვ(ები)ის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) არასრულწლოვნ(ები)ის პირადობის მოწმობის ასლი(ები) ან რეგისტრაციის ბარათი;
ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. მიმდინარე წელს ტყუპის შეძენისას ერთჯერადი დახმარების თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) არასრულწლოვნების პირადობის მოწმობის ასლები ან რეგისტრაციის ბარათები;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. მიმდინარე წელს პირველი – მეორე შვილის შეძენისას (სოციალურად დაუცველი ოჯახები სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) – ერთჯერადი ვაუჩერული დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ბავშვის მოვლისა და კვების საჭიროებისათვის. ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ა.დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.ე) არასრულწლოვნის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი;
ბ) ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მერიის მხრიდან გაიცემა საგარანტიო წერილი. ანაზღაურება მოხდება მიზნობრივად გახარჯული თანხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის შემდეგ.
5. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100-დან 800 ლარამდე ოდენობით (შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილებით) სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერი/სასამართლოს გადაწყვეტილება);
დ) არსებობის შემთხვევაში, დამატებითი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა და სხვა);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახი“ ითვალისწინებს ქალთა და გოგონათა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას.
მუხლი 6🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 04)
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, გარდა მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიური დაფინანსების მქონე ბავშვებისა; დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
ე) მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა);
ვ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – არსებობის შემთხვევაში;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. შშმ მკვეთრად გამოხატულ, სმენა და მხედველობადაქვეითებულ პირთათვის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში თვეში 25-25 ლარის ოდენობით (განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ თვეებში).
ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის ასლი;
გ) შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობა დაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. ზრუნვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები (სარეიტინგო ქულა 35 001-მდე), რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე პირი და ოჯახში ცხოვრობს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 (სრულწლოვანი) წევრი, რომელიც უშუალოდ არის დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდება. დახმარების თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად, განცხადების წარდგენიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე პირად ანგარიშზე.
დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც ფიქსირდება ავადმყოფზე მუდმივი ზრუნვის საჭიროება;
გ) მომვლელის და/ან მოვლის საჭიროების მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მომვლელის და/ან მოვლის საჭიროების მქონე პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან (35 001-ზე ნაკლები) – არსებობის შემთხვევაში;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი ითვალისწინებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალურ მობილობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/ მცხოვრები გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობის წესის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 05)
1. 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვზე ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
ე) ბავშვის დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი(არსებობის შემთხვევაში);
ზ) საბანკო ანგარიშის ამონაწერი;
თ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მარტოხელა მშობლის დახმარება, რომელსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი – ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი;
ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 8🔗.
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 06)
1. 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის პროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლა ითვალისწინებს მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულების შინ მოვლის სერვისს, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური შესაძლებლობა მოიწესრიგონ თავიანთი საყოფაცხოვრებო გარემო პირობები.
ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ან მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი პირის სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ოჯახმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 9🔗.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 07)
შობა-ახალი წლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის: დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი ოჯახების, 100 წელს გადაცილებული პირების, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის, ასევე, განსაკუთრებით შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა (პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა); შშმ პირთა (14 ივნისი) და უფლებების დაცვის დღეებისა და სხვა აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა.
მუხლი 10🔗.
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 08)
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, თითოეულს თვეში 100 -150 (ასი -ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით; სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით; სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა – დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება.
სამედიცინო დაწესებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მომართვის (ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის) შესაბამისად, დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს.
ა) განცხადება;
ბ) ჰემოდიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის (სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ საქართველოს (გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა) აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ. დახმარების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ცნობა მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ მდებარე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა – დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსების მისაღებად სერვისის მიმწოდებელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვნის რეგისტრაცის ბარათი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ბავშვის და მშობლის დევნილის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ბენეფიციარის ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა – დღის ცენტრების ქვეპროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა.
4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებისთვის სერვისის მიმწოდებელმა დღის ცენტრში განხორციელებული ვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტი მერიაში უნდა წარმოადგინოს.
მუხლი 11🔗.
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09)
1. მიმდინარე წელს სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, ქარბუქი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 3000 (სამი ათასი) ლარამდე. დახმარების ოდენობა განისაზღვრება საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფართობის მიხედვით, მერიაში არსებული სტიქიური მოვლენების საკითხებზე მომუშავე კომისიის დასკვნის საფუძველზე. მეწყერისა და ჯდენადი გრუნტის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, როცა სახეზეა I კატეგორიის დაზიანების ხარისხი, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე.
2. ხანძრის შედეგად, საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში, დაფინანსების თანხას განსაზღვრავს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფართობის მიხედვით.
ხანძრის შედეგად, საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სამზარეულო სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ხანძრის შედეგად სამზარეულო სახლის ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში, დაფინანსების თანხას განსაზღვრავს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფართობის მიხედვით.
3. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში);
დ) გეოლოგიური დასკვნა (მეწყერისა და ჯდენადი გრუნტის შემთხვევაში);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (რეგისტრაცია უნდა ფიქსირდებოდეს არანაკლებ 1 წლისა) უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა, სახლდამწვართა, მეწყრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა, ზრუნვის სისტემიდან გასული, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების არარსებობის შესახებ (ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში, შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ან/და მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
თ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარისთვის, სისტემაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის, შესაბამისი დოკუმენტი;
კ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ლ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან;
მ) მეწყერისა და ჯდენადი გრუნტის შემთხვევაში გეოლოგიური დასკვნა.
მუხლი 12🔗.
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 10)
განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა მშობელი, მარტოხელა ხანდაზმული, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 30 001-დან 65 001-მდე), ონკოლოგიური/მძიმე დაავადების მქონე პირები და ა.შ.) დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მოქალაქე ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით, თუ ისარგებლა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა და სხვა);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) სხვა არსებული დოკუმენტები;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მუხლი 13🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალბებით მხარდაჭერისა და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 11)
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების გაზიფიკაცია. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების საკუთრების შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა 35 001-ზე ნაკლებია, კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება ოთხი თვის განმავლობაში თვეში 25-25 ლარის ოდენობით, მიმდინარე წლის იმ თვეებში, რომლებსაც ბენეფიციარი მიუთითებს განცხადებაში. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებული საჭიროებისას, წელიწადში ერთხელ 100-500 (ასი-ხუთასი) ლარის ფარგლებში.
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ა.გ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ბ) მოქალაქე ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით, თუ:
ბ.ა) არის ჩართული მუნიციპალური სოციალური და ჯადაცვის სამსახურის 2-ზე მეტ პროგრამაში ან/და იღებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამიდან;
ბ.ბ) მოქალაქეებს, რომლებსაც მიღებული აქვთ დახმარება დევნილთა მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამით;
ბ.გ) ასევე მოქალაქეებს, რომელთა დახმარება გათვალისწინებულია ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებით;
გ) დაფინანსების საკითხი და ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 14🔗.
სოციალური პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 12)
პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლები, ზრუნვის სისტემიდან გასული, კანონთან კონფლიქტში მყოფი, მარჩენალდაკარგული პირები და ა. შ.) ჩართულობას პროექტებში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისიისა და დებულების მიხედვით.
მუხლი 15🔗.
პროგრამა „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ (პროგრამის კოდი 06 02 13)
1. პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობას, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას (შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის განახლება-შეძენას) და საცხოვრისში ჩასახლებული ოჯახების კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას 25-25 ლარის ოდენობით ოთხი თვის განვალობაში. აგრეთვე ბენეფიციართა როტაციის საკითხებს.
2. სოციალური საცხოვრისის ბაზაზე ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფუნქციონირების ფინანსური ხელშეწყობა (ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე).
მუხლი 16🔗.
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 14)
1. პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ერთი თბილი ოთახის მოწყობას (თითოეულ ოჯახზე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, მერის მიერ დამტკიცებული პროექტის, დებულების და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით).
2. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით, მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე და სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის პაკეტის (მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები (ქალაქის ტერიტორიის გარდა), შეთანხმება/ნებართვა, ტოპოგრაფია, პროექტი, გეოლოგია, გეოლოგიის ექსპერტიზა, კონსტრუქცია, კონსტრუქციის ექსპერტიზა, ხარჯთაღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა) შესყიდვას განახორცილებს მერიის შესაბამისი სამსახური.
3. „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით, მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე;
ე) ცნობა საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
თავი III
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 17🔗.
განცხადებების განხილვის წესი
წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების მოთხოვნით შემოსული განცხადებები განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელ კომისიას. ასევე, ამ კომისიით შეიძლება განხილულ იქნეს ის განცხადებები, რომლებიც არ ითვალისწინებს კომისიურ განხილვას და ვერ აკმაყოფილებს (არასრულყოფილი დოკუმენტაცია და სხვა) გაცემის წესით გათვალიწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ წარმოადგენს გამონაკლისს, განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე.
მუხლი 18🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომისიები.
თავი IV
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 19🔗.
გარდამავალი დებულებანი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ადგილობრივ და დევნილ ბენეფიციარებზე. დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი სხვა უწყებიდან.