არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №22/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018801 59
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/02/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანება №22/ნ
2026 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
„არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №459 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
2020 წლის 1 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კონსულტანტის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და იურიდიული პირის მიერ, არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვებისა და არაფორმალური განათლების აღიარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების“ და „არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესით“ გათვალისწინებული ინფორმაცია/მონაცემები (მათ შორის, დოკუმენტაცია/არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/გადაწყვეტილებები), ასახული არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონულ სისტემაში, ჩაითვალოს ამ სისტემის ნაწილად.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე
დანართი
არაფორმალური განათლების აღიარების მართვის
ელექტრონული
სისტემის
შექმნის, მართვისა
და
ადმინისტრირების
წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონულ სისტემაში (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) მიმდინარე პროცესებსა და მისი ადმინისტრირების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ელექტრონული სისტემის აღწერა
ელექტრონული სისტემა წარმოადგენს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ბაზას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების“ და „არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის“ შესაბამისად, იურიდიული პირის მიერ არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება, არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი და შესაბამისი ეტაპები ხორციელდება ელექტრონულად.
მუხლი 3🔗. ელექტრონული სისტემის სუბიექტები
1. ელექტრონული სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ სისტემის სუბიექტებს.
2. სისტემის სუბიექტების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სუბიექტის უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს ინფორმაციაზე წვდომის შესაბამისი მასშტაბის მომხმარებლის შექმნას.
3. ელექტრონული სისტემა მოიცავს ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის შემდეგი სახის უფლებებს:
ა) ინფორმაციის/მონაცემების ხედვა;
ბ) ინფორმაციის/მონაცემების ასახვა/შენახვა/რედაქტირება/მიღება/გაცემა;
გ) ტექნიკური ადმინისტრირება.
4. ელექტრონული სისტემის სუბიექტები არიან:
ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) სრული ინფორმაციის/მონაცემების ხედვის უფლებით;
ბ) მართვის სისტემა ტექნიკური ადმინისტრირების უფლებითა და სრული ინფორმაციის/მონაცემების ხედვის უფლებით;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) სრული ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით;
დ) იურიდიული პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს ან მოპოვებული აქვს არაფორმალური განათლების აღიარების უფლება – მხოლოდ თავისი ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით;
ე) კონსულტანტი – მასზე დაქვემდებარებული მაძიებლის შესახებ ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით;
ვ) მაძიებელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი – განაცხადის წარდგენის ეტაპზე ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/გაცემის უფლებით.
5. სისტემის სუბიექტებს, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, ელექტრონულ სისტემაში გააჩნიათ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წვდომის შესაბამისი მასშტაბი და ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის/მონაცემების დამუშავებას ახორციელებენ ავტორიზებული მომხმარებლების მეშვეობით.
მუხლი 4🔗. ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე პროცესები
1. ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:
ა) ცენტრის მიერ კონსულტანტების ერთიანი ბაზის ფორმირება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო მონაცემები);
ბ) იურიდიული პირის მიერ, არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადის წარდგენა;
გ) ცენტრის მიერ ელექტრონული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვა და განაცხადის წარმოებაში მიღება;
დ) ცენტრის მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში იურიდიული პირის მიერ აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება;
ე) არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის/გაუქმების შესახებ ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
ვ) იურიდიული პირის მიერ ელექტრონულ სისტემაში არაფორმალური განათლების აღიარების მსურველ პირთა (შემდგომ − მაძიებელი) რეგისტრაციის, კონსულტირებისა და მტკიცებულებების წარდგენის ვადების განსაზღვრა;
ზ) მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/განცხადების წარდგენა, რომელიც მოიცავს მაძიებლის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას და დოკუმენტებს;
თ) კონსულტირების/დოკუმენტირების ეტაპზე, კონსულტირების ფორმის შევსებისას, კონსულტანტის მიერ, განხილული თემებისა და შესაბამისი აქტივობების შესახებ მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მაძიებლის გამოცდილების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც დგინდება არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული, თუ რომელი სწავლის შედეგ(ებ)ია იდენტიფიცირებული;
ი) კონსულტანტის მიერ ელექტრონულ სისტემაში კონსულტირების შედეგად მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ასახვა.
2. მართვის სისტემა უფლებამოსილია, ელექტრონულ სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულ მაძიებელთა ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის დადგენის/გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) სქესი;
ე) მოქალაქეობა;
ვ) რეგისტრაციის მისამართი.
3. ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებულ პროცესებს გააჩნიათ იგივე იურიდიული ძალა, რაც დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელებულ წარმოებას.
4. კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვის უზრუნველსაყოფად, ელექტრონულ სისტემაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ელექტრონული სისტემის გაუმართაობის/ტექნიკური მიზეზების გამო გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრი/იურიდიული პირი/კონსულტანტი უფლებამოსილია უზრუნველყოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, ხოლო განხორციელებული პროცესი და მასთან დაკავშირებული შედეგი შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში ასახოს ელექტრონულ სისტემაში, ამ წესის გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗. ელექტრონული სისტემის ტექნიკური ადმინისტრირება, სისტემის უსაფრთხოება და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე პროცესების მართვას, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების“ და „არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის“ შესაბამისად, ახორციელებს ცენტრი.
2. ელექტრონული სისტემის ტექნიკურ ადმინისტრირებას, საქართველოს კანონმდებლობის, საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკების, საერთაშორისო სტანდარტებისა და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მართვის სისტემა.
3. ელექტრონული სისტემის უსაფრთხოებას, სისტემური განახლებების მართვას, წვდომების მართვას, ინციდენტების მართვას, ცვლილებების მართვას, ბიზნესუწყვეტობას, ლოგების ცენტრალიზებულ მართვას, სარეზერვო ასლებისა და ჩანაწერების მართვას, ასევე ტექნოლოგიური კონტროლის მექანიზმების დანერგვას, საქართველოს კანონმდებლობის, საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკების, საერთაშორისო სტანდარტებისა და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მართვის სისტემა.
4. მართვის სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღებას, რომელიც ეფუძნება კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს.
5. ელექტრონული სისტემის უსაფრთხოებასა და მასში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ XIV თავით განსაზღვრული წესები.