„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №48 |
|
2026 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები 1. მოსამსახურედ არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; ზ) შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი; თ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, შვილს, გერს, დას, ძმას, მეუღლის დას, ძმას ან მშობელს; ი) სხვა ქვეყნის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), გარდა საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა; ლ) 60 წელს მიღწეული პირი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); მ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის თანხმობით, შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის გარეშე პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიღება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|