1. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მოთხოვნისთანავე, წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიში) შესაბამისი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
2. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს საწარმოს საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონება, ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილები. ამასთან, აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
3. შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. თუ წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღებს ჩამოერთმევა აქციების ან წილების მართვის უფლება.
თავი VI
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრ