კომისიის
წევრის
/
ხელმძღვანელი
პირის
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტა
1. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (გარდა უსკოში ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პარტიის მიერ დანიშნული წევრისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის შემთხვევაში არჩევის დღიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;
ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;
გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების ფაქტი;
დ) თუ გამოვლინდა, რომ საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არასწორია, – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;
ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის ან უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;
ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;
ი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას;
კ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში.
2. საარჩევნო კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.
4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის თანამდებობიდან გადადგომისას:
ა) უსკოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს
წევრის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უმაღლეს საბჭოს;
ბ) უსკოს თავმჯდომარის მოადგილის, უსკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უსკოს;
გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.
5. უსკოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარის, არჩეული უსკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე.
6. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე, უსკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
7. უსკოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. უსკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უსკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება უსკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.
8. აკრძალულია ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება.
9. პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და ამ კანონის 21-ე მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს უმაღლესი საბჭო 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, რომლითაც მოხდა აღნიშნული პირის არჩევა.
11. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
12. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღე