1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.
2. არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი. უსკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.
3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი უსკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უსკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უსკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
6. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
7. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით.
8. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების (კენჭისყრის) დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა.
9. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტმა ეს შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა აცნობოს.
10. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, და თუ პარტია ერთდროულად მონაწილეობს ზემოაღნიშნულ არჩევნებში, ასეთ შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი – მხოლოდ უსკოში. უსკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიებშ