„საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 28 იანვრის №54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №59/ნ |
|
2026 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სანებართვო დოკუმენტი – საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ან/და პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი მატერიალური ან ელექტრონული სახის სანებართვო დოკუმენტის ბლანკი, რომელსაც სააგენტო გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად განკუთვნილ სანებართვო დოკუმენტის ბლანკს ან/და ავტორიზაციის ბლანკს სააგენტო შევსებული სახით აწვდის პარტნიორ ქვეყანას;“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დანართ №1-ით და ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტების მისაღებად გადამზიდველმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ბოლოს გაცემული და გამოყენებული ანალოგიური, იმავე წლის სანებართვო დოკუმენტის დედანი. ამასთან, აღნიშნული სანებართვო დოკუმენტის დედნის წარმოდგენა სავალდებულო არ არის კალენდარული წლის განმავლობაში სანებართვო დოკუმენტის პირველად მიღებისას ან/და მისი ელექტრონული ფორმით გაცემისას ან მისი დაკარგვის თაობაზე განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნულ განცხადებას სააგენტო განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში.“.
3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურის დაწყების შესახებ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების თარიღიდან გადამზიდველს ეძლევა 5 სამუშაო დღის ვადა მოთხოვნის დასაფიქსირებლად, რისთვისაც უნდა მიმართოს სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონულ განყოფილებას ან საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სამმართველოს (შემდგომში – რეგიონული განყოფილება), სადაც ამავე დროს უნდა მიუთითოს სააგენტოს ის რეგიონული განყოფილება, რომელსაც ანიჭებს უპირატესობას სანებართვო დოკუმენტის მისაღებად;“.
4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გარდამავალი დებულება
1. ამ წესის მიღებამდე გაცემული სანებართვო დოკუმენტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადით, ხოლო მათი შეცვლა და გაუქმება რეგულირდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. სატესტო რეჟიმში ელექტრონული სახის სანებართვო დოკუმენტების განსაზღვრული რაოდენობა გაიცემა სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ამ წესისგან განსხვავებული წესით, პროცესების მართვის ელექტრონული პროგრამის (ELTA) საშუალებით მათი ელექტრონული სახით გაცემის და საბაჟო გამშვებ პუნქტებში სატესტო რეჟიმში გამოყენების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება ელექტრონული სახის სანებართვო დოკუმენტების რაოდენობა, სახეობა, სატესტო რეჟიმის ხანგრძლივობა.“.
|