ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ტექსტი
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება |
|
მეოთხე სექციის გადაწყვეტილება |
ნიკოლოზ გოგინაშვილი
საქართველოს წინააღმდეგ
ლორენ შემბრი ორლანდი, თავმჯდომარე,
ანია ზაიბერტი-ფორი,
ანდრას იაკაბი, მოსამართლეები,
და გიორგი ბადაშვილი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (№35359/23) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2023 წლის 15 სექტემბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქე ბ-ნმა ნიკოლოზ გოგინაშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1975 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდა ქ-ნი ნ. ფარჩუკაშვილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში;
გადაწყვეტილება, ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;
მხარეთა მოსაზრებები;
განხილვის შედეგად, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საქმის არსი
A. სამართალწარმოების პირველი ეტაპი
1. საჩივარი ეხება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად შეტანილ პრეტენზიას, რომელიც ეხება მოსამართლე ვ.კ.-ის სავარაუდო მიკერძოებულობას, რომელიც უზენაესი სასამართლოს სამმოსამართლიანი კოლეგიის წევრი იყო და რომელმაც მიუღებლად ცნო მომჩივნის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი.
2. კერძოდ, მომჩივანი მოცემულ დროს მამასთან ერთად ცხოვრობდა ბინაში, რომელიც ამ უკანასკნელის სახელზე იყო რეგისტრირებული. 2012 წლის 5 დეკემბერს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია „თელასთან“ (შემდგომში „ელექტროენერგიის კომპანია“) ხანგრძლივი დავის შემდეგ, რომელიც მამამისის მიერ მომსახურებისთვის გადაუხდელობას ეხებოდა, მომჩივანმა, რომელიც მოქმედებდა მამის სახელით, ხელი მოაწერა დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მამამ აიღო ვალდებულება, დაეფარა თავისი ვალი.
3. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მამამ არ შეასრულა ახლად შეთანხმებული გადახდის გრაფიკი და, შედეგად, 2014 წლის 20 იანვარს ელექტროენერგიის კომპანიამ მის წინააღმდეგ აღძრა საქმის წარმოება გადაუხდელი ვალის კომპენსაციის მოთხოვნით. სარჩელთან დაკავშირებით მამის მიერ საპასუხოდ საკუთარი პოზიციის წარდგენის შეუძლებლობის გათვალისწინებით, 2014 წლის 6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ელექტროენერგიის კომპანიის სასარგებლოდ. მომჩივნის მამას არ გაუსაჩივრებია დაუსწრებლად გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც, შესაბამისად, საბოლოო გახდა.
4. ამასობაში, 2013 წლის 30 აპრილს მომჩივანმა ელექტროენერგიის კომპანიასთან ხელი მოაწერა დავალიანების რესტრუქტურიზაციის კიდევ ერთ ხელშეკრულებას, რომელიც კვლავ მამამისის ბინას ეხებოდა. 2015 წლის 17 მარტს ელექტროენერგიის კომპანიამ მომჩივნის წინააღმდეგ ცალკე საქმის წარმოება დაიწყო ფინანსური ვალდებულებების სავარაუდო შეუსრულებლობის გამო. მომჩივანს არ წარუდგენია შესაგებელი სარჩელი და, შედეგად, 2015 წლის 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერთი მოსამართლის, ვ.კ.-ის შემადგენლობით, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. გადაწყვეტილებაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და არსებითი მსჯელობის გარეშე, სამოქალაქო კოდექსის შესაბამის დებულებებზე მითითებით, უბრალოდ აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სამოქალაქო სარჩელში მითითებული გარემოებები ამართლებს სარჩელის დაკმაყოფილებას. საქმის მასალების თანახმად, გადაწყვეტილების ასლი მომჩივანს 2015 წლის 27 აპრილს გადაეცა, თუმცა მას ის არ გაუსაჩივრებია.
5. 2017 წლის 21 აპრილს მომჩივანმა წარადგინა საჩივარი 2015 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მან განაცხადა, რომ მისთვის არ გადაუციათ არც ელექტროენერგიის კომპანიის სამოქალაქო სარჩელის და არც თავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და, რომ მან საქმის წარმოების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ქონება სასამართლო აღსრულების მიზნით ჩამოართვეს. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ უწყებაზე ხელი უნდა მოეწერა მამამისს, რომელმაც, როგორც მან დაამატა ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით, მხედველობა დაკარგა. 2017 წლის 28 აპრილს მოსამართლე ვ.კ.-მა არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მოსამართლე ვ.კ.-მა, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ მომჩივანს, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით, პირადად გადაეცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი 2015 წლის 27 აპრილს; აქედან გამომდინარე, შესაბამისი პროცედურის შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრებულიყო 10 დღის განმავლობაში; ვადა, რომელიც მომჩივანმა ხელიდან გაუშვა. საქმის მასალების თანახმად, გადაწყვეტილების ასლი სათანადოდ გადაეცა მომჩივანს, თუმცა მან ის არ გაასაჩივრა.
6. 2019 წლის 29 მაისს მომჩივანმა ელექტროენერგიის კომპანიასთან დავალიანება დაფარა.
B. სამართალწარმოების მეორე ეტაპი
7. 2020 წლის 4 აგვისტოს მომჩივანმა ელექტროენერგიის კომპანიის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა. მან მოითხოვა, პირველი, რომ 2013 წლის 30 აპრილის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მან მას ხელი მოაწერა მოტყუებით; მეორე, 2015 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ უწყებაზე მამამისის ხელმოწერა გაყალბებული იყო; და მესამე, რომ მისთვის იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მან განიცადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად. 2020 წლის 6 აგვისტოს მომჩივანმა შეიტანა შესწორებული სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც უკან გაიწვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა.
8. 2022 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივნის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება და უარყო მისი ყველა მოთხოვნა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა 2022 წლის 2 ნოემბერს.
9. 2023 წლის 23 იანვარს მომჩივანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი. 2023 წლის 20 მარტს უზენაესმა სასამართლომ ერთი მოსამართლის, ვ.კ.-ის შემადგენლობით, მიიღო საქმე მისაღებობის განსახილველად და არსებითი განხილვისთვის. 2023 წლის 23 მარტს მომჩივანმა უზენაეს სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მოსამართლე ვ.კ.-ის აცილება იმ მოტივით, რომ მან მანამდე მონაწილეობა მიიღო მომჩივნის სხვა საქმის განხილვაში და შედეგად მომჩივანს და მის ოჯახს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. თუმცა, აცილების შესახებ მოთხოვნას არ ახლდა დეტალები და მომჩივანს არ დაუკონკრეტებია როდის, რა რანგში და რომელი კონკრეტული სამართალწარმოების კონტექსტში იყო მოსამართლე ვ.კ. მანამდე ჩართული მომჩივნის სამართლებრივ დავაში.
10. 2023 წლის 27 მარტს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ორი მოსამართლის შემადგენლობით, მოსამართლე ვ.კ.-ის მონაწილეობის გარეშე, განიხილა და უარყო მომჩივნის მოთხოვნა მოსამართლე ვ.კ.-ის აცილებასთან დაკავშირებით, როგორც დაუსაბუთებელი. სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მიუკერძოებლობის სუბიექტური და ობიექტური ტესტების გათვალისწინებით, დაადგინა, რომ აცილების შესახებ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ იყო დადასტურებული რაიმე მტკიცებულებით. კერძოდ, მან აღნიშნა შემდეგი:
„წინამდებარე საქმეში [მომჩივანმა] ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები მის საჩივარში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. შესაბამისად, [აცილების] მოთხოვნაში მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს დადგენილად“.
11. 2023 წლის 18 მაისს უზენაესმა სასამართლომ, სამი მოსამართლის შემადგენლობით, მოსამართლე ვ.კ.-ის თავმჯდომარეობით, მიუღებლად ცნო მომჩივნის საკასაციო საჩივარი.
12. მომჩივანმა, კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, საჩივარი წარადგინა მოსამართლე ვ.კ.-ის სავარაუდო მიკერძოებულობის შესახებ, იმავე ელექტროენერგიის კომპანიასა და მომჩივანსა და მის ოჯახს შორის დავების საქმეში მისი წინა მონაწილეობის გამო.
სასამართლოს შეფასება
13. სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ მომჩივანმა არ დაიცვა ოთხთვიანი ვადა და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ უარყო მისი მოთხოვნა მოსამართლე ვ.კ.-ის აცილების შესახებ 2023 წლის 27 მარტს, წინამდებარე საჩივარი სათანადოდ იქნა შეტანილი სასამართლოში 2023 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისი სამოქალაქო სამართალწარმოების 2023 წლის 18 მაისს დასრულებიდან ოთხი თვის ვადაში (იხ. საქმე Tsulukidze and Rusulashvili v. Georgia, nos. 44681/21 და 17256/22, § 35, 2024 წლის 29 აგვისტო, შემდგომი მითითებებით). რაც შეეხება მთავრობის მეორე პრეტენზიას, რომ კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო, რადგან მომჩივანმა ვერ შეძლო მისი დასაბუთება, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მომჩივნის საჩივარი აცილების შესახებ იყო ზოგადი და აბსტრაქტული, საკმარისად კონკრეტულ არსებით ფაქტებზე მითითების გარეშე (იხ. პარაგრაფი 9ზემოთ).
14. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ განუცხადებია და ასევე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლე ვ.კ.-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე პირად მიკერძოებას (სუბიექტური ტესტი). რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა მომჩივნის ეჭვები მიკერძოებასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებულად ჩაითვალოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში არ არის მოსამართლის ორმაგი როლი ერთ სამართალწარმოებაში. წინამდებარე საქმეში საკითხი ეხება ორ ცალკეულ სამართალწარმოებას, თუმცა ერთსა და იმავე მხარეებს შორის და დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სამართალწარმოების პირველი ეტაპი, რომელშიც მოსამართლე ვ.კ. 2015 და 2017 წლებში პირველი ინსტანციის მოსამართლის რანგში მონაწილეობდა, ეხებოდა მომჩივნის ფინანსური ვალდებულებების განსაზღვრას ელექტროენერგიის კომპანიის მიმართ 2013 წლის 30 აპრილის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შეთანხმების საფუძველზე. თუმცა, მოსამართლე ვ.კ.-ს არ განუხილავს საქმის არსებითი მხარე, არამედ უბრალოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მომჩივნის წინააღმდეგ (იხ. პარაგრაფი 4 ზემოთ). რაც შეეხება შემდგომ სამართალწარმოებას, რომელშიც მოსამართლე ვ.კ. მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რანგში, საქმე ეხებოდა 2013 წლის 30 აპრილის იმავე დავალიანების რესტრუქტურიზაციის შეთანხმების შესაძლო გაუქმებას იმ მოტივით, რომ მომჩივანმა ხელი მოაწერა მას მოტყუებით (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ). მოსამართლე ვ.კ.-ს კვლავ არ განუხილავს საქმის არსებითი მხარე, რადგან საქმე მიუღებლად იქნა ცნობილი.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლე ვ.კ.-ის მიერ სამართალწარმოების ორივე ეტაპზე მიღებული ორივე გადაწყვეტილების ფარგლები და ხასიათი პროცედურული იყო; არცერთ საქმეში არ განუხილავს მომჩივნის მოთხოვნების არსებითი მხარე (შეუპირისპირეთ საქმე Stoimenovikj and Miloshevikj v. North Macedonia, no. 59842/14, § 38, 2021 წლის 25 მარტი; იხ. ასევე საქმე Pasquini v. San Marino, no. 50956/16, § 150, 2019 წლის 2 მაისი). გარდა ამისა, ელექტროენერგიის კომპანიის წინააღმდეგ მეორე სამართალწარმოებისას, მომჩივანს არ გაუსაჩივრებია მოსამართლე ვ.კ.-ის მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნამდვილობა, რადგან მოთხოვნა თავად მომჩივანმა გაიწვია უკან (იხ. პარაგრაფი 7in fine ზემოთ), არამედ ამტკიცებდა, რომ მან 2013 წლის 30 აპრილის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შეთანხმებას მოაწერა ხელი მოტყუებით. ასეთ ვითარებაში არ შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე ვ.კ.-ის მიერ განხილული არსებითი საკითხები, რომელიც პირველი ინსტანციის მოსამართლე იყო სამართალწარმოების პირველ ეტაპზე, ხოლო მეორე ეტაპზე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყო, რათა მისი მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დაეყენებინა (იხ. საქმე Warsicka v. Poland, no. 2065/03, § 40, 2007 წლის 1 იანვარი, და საქმე Pasquini, ციტირებული ზემოთ, §§ 150-51; შეუპირისპირეთ საქმე Indra v. Slovakia, no. 46845/99, §§ 51-55, 2005 წლის 1 თებერვალი). გარდა ამისა, მოსამართლე ვ.კ.-ისთვის არ მოუწოდებიათ, გადაეხედა საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის ან დაედგინა, იყო თუ არა კანონის მის მიერ გამოყენება შესაბამისი და საკმარისი (იხ., a contrario, საქმე Driza v. Albania, no. 33771/02, §§ 81-82, ECHR 2007-V (ამონარიდები), და საქმე Scerri v. Malta, no. 36318/18, § 78, 2020 წლის 7 ივლისი).
16. დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს აცილების პროცედურასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნის მოთხოვნა აცილების შესახებ განიხილა კოლეგიის სხვა ორმა მოსამართლემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად (შეუპირისპირეთ საქმე Tsulukidze and Rusulashvili, ციტირებული ზემოთ, § 56).
17. მოსამართლე ვ.კ.-ის ორივე სამართალწარმოებაში კუმულაციური როლის, მის მიერ განხილულ საქმეებს შორის რვაწლიანი ინტერვალისა და მისი ჩართულობის ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის ჭმუნვები უზენაესი სასამართლოს ობიექტურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მოსამართლე ვ.კ.-ის სამართალწარმოებაში მონაწილეობის გამო არ შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურად დასაბუთებულად.
18. აქედან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2025 წლის 27 ნოემბერს.
სექციის განმწესრიგებლის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბადაშვილი
თავმჯდომარე ლორენ შემბრი ორლანდი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ““?
- დიახ, სასამართლოს აქტები „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2025.
- როდის იქნა მიღებული „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ““?
- „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ““ მიღებულია 04.11.2025. მიმღები ორგანო — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №35359/23.
- სად არის „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ““, №35359/23, 04.11.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6872194/