„უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
190020060.10.003.025818
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2026 წლის 18 ივნისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 ივლისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2025, 190020060.10.003.025142) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი და პირობები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი და პირობები
მუხლი 1. უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების რეგულირების სფერო

„უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) აწესრიგებს, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტისა და 52 მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის 51 და 52 მუხლებით გათვალისწინებული გრანტის გაცემის  საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკურ, ინფორმაციულ და მასალების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

მუხლი 2. გრანტის შინაარსი

1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები, ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

2. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპეტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ან ფულადი ან ნატურალური ფორმით, გადაცემული/გაცემული ან/და მიღებული ის სახსრები, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ  გადაცემულია/ გაცემულია ან/და მიღებულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-5 ან/და 52 მუხლებით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით.

3. გრანტად  მიიჩნევა აგრეთვე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის,  ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება, მოხმარდეს:

ა) საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული;

ბ) ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

შენიშვნა: ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, საკონსულო დაწესებულებასა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე.

4. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისათვის ან საქართველოს იურიდიული პირისათვის:

ა) ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელთა სანაცვლოდ ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემს უწევს ტექნიკურ დახმარებას ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრების სანაცვლოდ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მთავრობაში ან მის წარმომადგენლობაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლის მიერ ამ დამსაქმებლისათვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე);

ბ) გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით;

გ) უსასყიდლოდ გაწეული, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური დახმარება.

5. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული მისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემულ სახსრებზე).

 

მუხლი 3. უცხოური გრანტის გამცემი (დონორი)

ამ წესის მიზნებისთვის უცხოური გრანტის გამცემად (დონორად) მიიჩნევა საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14-15 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტის მიზნებისთვის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

მუხლი 4. გრანტის მიმღები

ამ წესის მიზნებისთვის გრანტის მიმღებია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტ(ებ)ი, გარდა იმავე მუხლის „ვ2“, „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი და საქართველოს იურიდიული პირი, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14-15 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტის მიზნებისთვის.

 

მუხლი 5. გრანტები, რომელთა გაცემა არ საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას

1. საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის უფლებამოსილება არ ვრცელდება:

ა) საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე;

ბ)  საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე;

გ) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ („Erasmus+“), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ („Creative Europe“) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე;

დ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე;  

ე) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ გაცემულ გრანტებზე და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის და ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.

2. „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით თანხმობა გაიცემა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის №320 დადგენილების შესაბამისად.

 

მუხლი 6. საბიუჯეტო ორგანიზაციებზე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემა

საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან/და „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებით განსაზღვრული წესები. მოცემულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის თანხმობის მისაღებად, გრანტის ხელშეკრულების პროექტის წარმდგენია საბიუჯეტო ორგანიზაცია ან „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია.   

 

მუხლი 7. გრანტის ხელშეკრულების პროექტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა

1. საქართველოს მთავრობის თანხმობის გაცემის სამართლებრივი საფუძველია გრანტის ხელშეკრულების წერილობითი პროექტი (განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა) გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) წერილობითი გადაწყვეტილება.

2. გრანტის ხელშეკრულების წერილობითი  პროექტი, ორიგინალ ენაზე, ქართულ თარგმანთან ერთად, გრანტის ხელშეკრულების პროექტის ხელმოწერამდე, გრანტის გამცემის (დონორის) მიერ უნდა წარმოედგინოს საქართველოს მთავრობას, №1 დანართში მოცემულ შევსებულ ფორმასთან ერთად, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

3. გრანტის ხელშეკრულების პროექტის მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, მას თან უნდა ახლდეს მასალების ელექტრონული ვერსიაც, MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით. გრანტის ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, მასალები იგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე − grants@gov.ge.

 

მუხლი 8. გრანტის ხელშეკრულების პროექტის შინაარსი

1. გრანტის ხელშეკრულების პროექტი უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებსა და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.

2. გრანტის რამდენიმე გამცემის (დონორის) მიერ გაცემისას (თანადაფინანსებული გრანტი) გრანტის ხელშეკრულების პროექტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გრანტის ყველა გამცემის (დონორის) და საერთო ბიუჯეტში მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ. ამგვარ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის გრანტის ხელშეკრულების პროექტის წარმომდგენია ის გრანტის გამცემი (დონორი), რომლის წილიც ყველაზე მეტია საერთო ბიუჯეტში, ხოლო თანაბარი წილების შემთხვევაში, საკითხი წყდება ურთიერთშეთანხმებით.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი გრანტის ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე მიმღები, გრანტის ხელშეკრულების პროექტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ მათგანზე და ბიუჯეტიდან მათ მიერ მისაღებ წილზე.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც გრანტის მიმღებთან გრანტის ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი, რომელიც დონორ(ებ)ისგან იღებს დაფინანსებას, აუცილებელია, გრანტის ხელშეკრულების პროექტი ასახავდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევებში, დონორის სახელით, გრანტის ხელშეკრულების პროექტი შესაძლოა, წარმოადგინოს განმახორციელებელმა პარტნიორმა.

 

მუხლი 9. ცვლილება გრანტის ხელშეკრულებაში

იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება გაფორმებული გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის გამოყენების  მიზანი, მოცულობა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულება, გრანტის გამცემი (დონორი) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ხელშეკრულების პროექტს, ამ წესის შესაბამისად.

 

მუხლი 10. გრანტის ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების პროცედურა და ვადები

1. საქართველოს მთავრობის წინაშე გრანტის ხელშეკრულების პროექტის წარმოდგენის დღიდან საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადას.

2. გრანტის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული მასალები/დოკუმენტები იტვირთება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ და ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს, მასალების შინაარსობრივი მხარის შესწავლის მიზნით.

3. შინაარსობრივი შესწავლა გულისხმობს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარ შეფასებას  და შესაბამისობის დადგენას სამთავრობო პროგრამასთან, საქართველოს მთავრობის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებსა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან.

4. გრანტის ხელშეკრულების პროექტის შესწავლის პროცესში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტისა და 5​2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს, გრანტის გამცემს (დონორს) მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ. დადგენილ ვადაში გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საკითხი რჩება განუხილველი.

 

მუხლი 11. გრანტის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. მასალების/დოკუმენტების შინაარსობრივი მხარის შესწავლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი ამზადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების (განკარგულების) პროექტს, რომლის ინიციირება ხდება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტით“ (შემდგომში − „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“) გათვალისწინებული წესით.

2. საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება „საქართველოს მთავრობის რეგლამენტით“ დადგენილი წესით.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების (განკარგულების) პროექტის თაობაზე სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატის მიერ, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტით“ გათვალისწინებული წესით, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არ დაფიქსირდა საკმარისი რაოდენობის დადებითი პოზიცია, აღნიშნული ნიშნავს საქართველოს მთავრობის უარს გრანტის გაცემაზე.

4. თუ გრანტის ხელშეკრულების პროექტზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ამ დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნული ნიშნავს საქართველოს მთავრობის უარს გრანტის გაცემაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გრანტის გამცემს (დონორს) გადაწყვეტილება ეცნობება წერილობით.

6. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებასა და გრანტის გამცემის (დონორის) ინფორმირებაზე ვრცელდება „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის“ VI თავით გათვალისწინებული წესი.

 

მუხლი 12. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს მთავრობის მიერ გრანტის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი 1

პროგრამის/პროექტის დასახელება

გრანტის გამცემი (დონორი)

 

განმახორციელებელი პარტნიორი

 

გრანტის მიმღები

 

გრანტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა (დდ/თთ/წწ.) – (დდ/თთ/წწ.)

 

გრანტის მოცულობა ორიგინალ ვალუტაში (რამდენიმე გრანტის გამცემის (დონორის) შემთხვევაში უნდა მიეთითოს თითოეულის წილი)

 

პროექტის მოკლე აღწერა და მიზნობრიობა (მინ. 200 სიმბოლო)

 

თავსებადობა სახელმწიფო პრიორიტეტების განმსაზღვრელ

დოკუმენტ(ებ)თან (უნდა მიეთითოს დოკუმენტის დასახელება

და მიმართულება)

 

გრანტის ხელშეკრულების მხარეთა რეკვიზიტები (საკონტაქტო ინფორმაცია)

 

შენიშვნა/კომენტარი“.