საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.009.983
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №33
2007 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-15 და მე-18 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების” (სსმ III, 2002წ. N 96, მუხ. 833.) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრატორის თანამდებობაზე დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ბანკის დირექტორატის წევრს, ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა:ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართლისმცოდნეობა;
ბ) ბანკის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს, ფილიალის მთავარ ბუღალტერს და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა:ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი და საბუღალტრო საქმე;
გ) ბანკის დირექტორატის წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 4 წლის სტაჟი, მათგან ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის 2 წლის სტაჟი;
დ) ბანკის ფილიალის დირექტორსა და მის მოადგილეს, (ბანკის განყოფილების (სერვის-ცენტრის) ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მათ უნდა ჰქონდეთ საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 3 წლის სტაჟი, მათგან ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის – 1 წლის სტაჟი;
ე) ბანკის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 3 წლის სტაჟი;
ვ) ბანკის ფილიალის მთავარ ბუღალტერს და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის სტაჟი;
ზ) დასანიშნი პირი არ უნდა იყოს ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან სარევიზიო კომისიის წევრი და/ან სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის და/ან სხვა საწარმოს დირექტორატის წევრი ან სხვა ადმინისტრატორი;
თ) არ უნდა არსებობდეს ეროვნული ბანკის მოთხოვნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსადმი და/ან დირექტორთა საბჭოსადმი დასანიშნი პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ი) დირექტორატის წევრი არ უნდა იყოს ამავე ბანკის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი;
კ) ბანკის მთავარი ბუღალტერი და მისი მოადგილე, მისი ფილიალის მთავარი ბუღალტერი და მისი მოადგილე არ უნდა იყვნენ ამ ბანკის ან ამავე ფილიალის დირექტორის ან მისი მოადგილის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი.”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე