აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/328
2026 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" 2026 წლის 9 ივლისის №924 განცხადება – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 2023-2024 წლებში რეკორდულ რაოდენობას მიაღწია და შემდგომი წლების განმავლობაში პროგნოზირებულია არსებული მონაცემების არსებითად გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში იყოს მგზავრთნაკადის ცვლილებასთან. აეროპორტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2022 წელს, თუმცა პერიოდულად შეინიშნება პრობლემები, მათ შორის, წყალარინების სისტემასთან დაკავშირებითაც, რაც ხელს უშლის ფრენების შესრულებას. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის და აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის 4 სექტემბერს გამოიცა საქართველოს მთავრობის №1595 განკარგულება. ამასთან, მნიშვნელოვანია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის მაქსიმალურად მალე დაწყებას.
სამუშაო პროცესში შეიცვალა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძი განისაზღვრა ძველი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძის პარალელურად სამხრეთის მიმართულებით. ამასთან, საჰაერო ხომალდების შეზღუდვის გარეშე ოპერირების თვალსაზისით შეირჩა 3500 მ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. აღნიშნულმა და დამატებითი ახალი სამიმოსვლო ბილიკების პროექტირებამ გამოიწვია გაცილებით დიდი ფართის ათვისება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობის ზრდას. გარდა აღნიშნულისა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ზრდა გამოიწვია სანავიგაციო საშუალებების მოწყობამ, კერძოდ, ინსტრუმენტალური დაფრენისთვის საჭირო აღჭურვილობებმა, რომლებიც ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან ვრცელდება 900 მ მანძილზე და სიგანეში მოიცავს 120 მეტრის არეალს.
პროექტის თანახმად, შეიცვალა ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ფიზიკური მახასიათებლები. კერძოდ, აეროდრომის 4D კოდით აღნიშვნის ნაცვლად, ახალი საექსპლუატაციო ნორმა ითვალისწინებს 4F კოდით აღნიშვნას. საჭირო გახდა შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავების მოედნების მშენებლობა. საპროექტო დოკუმენტაცია აგრეთვე მოიცავს საჰაერო ხომალდებისა და ვერტმფრენებისათვის განკუთვნილი ახალი სადგომების მოწყობას, რამაც გამოიწვია ასათვისებელი ტერიტორიის და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გაზრდა.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამუშაოები, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის №1331 განკარგულების თანახმად, უნდა განხორციელდეს 2024-2027 წლებში.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, იდენტიფიცირდა საპროექტო არეალში მოქცეული კერძო საკუთრებები, რომელთა გამოსყიდვის მიზნით დაიწყო შესაბამისი პროცედურები. ამასთან, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საპროექტო არეალში მოქცეული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე, ლევან ბზიკაძის (პ/ნ 62004024081) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ№29.11.40.007) ნაწილის – 8 067 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/563-25) მითითებულია, რომ ,,ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტიб ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისათვის ან/და მისი გაფართოებისათვის.
დადგენილია, რომ ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე 40569 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ლევან ბზიკაძე (პ/ნ 62004024081).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე, ლევან ბზიკაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №29.11.40.007) ნაწილი - 8 067 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ვინაიდან შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 10 აგვისტოს ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.
2. შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ (განმცხადებელი) განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.
3. შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე, ლევან ბზიკაძის (პ/ნ 62004024081) საკუთრებაში არსებული 40569 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №29.11.40.007) ნაწილზე – 8067 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 20.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/328.
- სად არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, №1-1/328, 20.08.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6983110/