ტრანსპლანტაციის საბჭოს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დებულება არეგულირებს ტრანსპლანტაციის საბჭოს (შემდგომ
– საბჭო) საქმიანობის წესსა და პირობებს.
საბჭო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი)
ბრძანებით შექმნილი ექსპერტული, სათათბირო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს
გადანერგვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების, ორგანოების
განაწილების წესების, პროფესიული სტანდარტების, ოპერაციული პროტოკოლების,
საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, ხარისხის სისტემისა და
შესაბამისი რეესტრების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობას.
საბჭოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0119, აკაკი წერეთლის გამზირი
№144.
მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი
საფუძვლები
საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ადამიანის
ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ
დებულებით.
მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს პირველადი შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს შემადგენლობაში
ცვლილების საკითხს წყვეტს საბჭო, სრული შემადგენლობის უმრავლესობით და
ფორმდება საბჭოს გადაწყვეტილებით.
2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტისა
და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, სახელმწიფო დაწესებულებების,
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის დაცვის
სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ
დარგობრივ ექსპერტებს.
3. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაზე
პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 4. საბჭოს ფუნქციები
საბჭოს ფუნქციებია:
ა) ადამიანის ორგანოთა განაწილების წესების თაობაზე რეკომენდაციების
შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
ბ) ორგანოთა გადანერგვის სფეროში სტანდარტული ოპერაციული პროცედურების
(ოპერაციული პროტოკოლი), კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა
(გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების
(პროტოკოლების) მომზადების ხელშეწყობა;
გ) გადანერგვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების
შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
დ) ორგანოთა გადანერგვის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით
წინადადებების მომზადება;
ე) ორგანოთა გადანერგვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების
შესრულების მიმართულებით სამინისტროს/კომპეტენტური უწყების მხარდაჭერა;
ვ) ორგანოთა გადანერგვის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების
განხილვა, შედეგების არადამაკმაყოფილებლად მიჩნევა (შეფასება) და,
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებისათვის სათანადო
რეკომენდაციების მიწოდება;
ზ) ორგანოთა გადანერგვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნების კლინიკებთან
თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის, სამეცნიერო-პრაქტიკული
მიმართულებით;
თ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა, ადგილობრივ და საერთაშორისო
ექსპერტთა/ორგანიზაციათა მიერ ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით
წარდგენილი წინადადებების, რეკომენდაციებისა და ნაშრომების განხილვა და,
საჭიროების შემთხვევაში, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ი) ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
მზადებასთან (მათ შორის, უწყვეტ სამედიცინო განათლებასთან) დაკავშირებული
საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შემუშავების ხელშეწყობა, მათ
განხილვაში ჩართულობა და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო
რეკომენდაციების მომზადება;
კ) საექიმო სუბსპეციალობაში – „ტრანსპლანტოლოგია“ დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის უფლების განმსაზღვრელი დოკუმენტის (მოწმობის) მინიჭებასთან
დაკავშირებით სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსათვის
რეკომენდაციების მიწოდება;
ლ) ორგანოთა გადანერგვის ახალი მეთოდების თაობაზე ინფორმაციის განხილვა
და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
მ) ორგანოთა გადანერგვის სფეროში ჩართულ სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელთა საქმიანობის კოორდინირების ხელშეწყობა;
ნ) საქართველოში გვამურ ორგანოთა გადანერგვის სტიმულირების გზების
განხილვა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი
უწყებებისათვის მიწოდება;
ო) ორგანოთა გადანერგვის სფეროში ხარისხის სისტემისა და შესაბამისი
რეესტრების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების
განხორციელება.
მუხლი 5. საბჭოს უფლებამოსილებანი
საბჭო თავისი საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს რეკომენდაციები და წინადადებები დასახული ამოცანების
მისაღწევად;
ბ) შეისწავლოს დასახული ამოცანების შესრულების ხარისხი და შეიმუშაოს
რეკომენდაციები მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის
საჯარო ინფორმაცია სამთავრობო, არასამთავრობო და დონორი
ორგანიზაციებისაგან, ასევე, სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებლებისაგან;
დ) სიტუაციური ანალიზისა და არსებული კვლევების მონაცემთა საფუძველზე,
შეიმუშაოს დარგის განვითარებისათვის საჭირო სტრატეგიები და მიაწოდოს
რეკომენდაციები მინისტრს და სხვა შესაბამის ორგანოებს, მარეგულირებელი
გარემოს სრულყოფისათვის;
ე) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის
შესახებ;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებანი.
მუხლი 6. საბჭოს წევრის უფლებამოსილებანი
1. საბჭოს წევრი უფლებამოსილია:
ა) წინასწარ გაეცნოს განსახილველ საკითხებს, მოითხოვოს დამატებითი
ინფორმაცია, გამოთქვას აზრი და მიაწოდოს საბჭოს საკუთარი წინადადებები;
ბ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა
უფლებამოსილებანი.
2. საბჭოს წევრს განსახილველი საკითხის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის
წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება.
მუხლი 7. საბჭოს საქმიანობის ზოგადი წესი
1. საბჭოს სხდომები იმართება თავმჯდომარის მოწვევით ან საბჭოს სიითი
შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ
შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით.
2. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი.
4. გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით. კონკრეტულ საკითხებთან
მიმართებით საბჭომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება მიიღოს
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გამართვის შესახებ. გადაწყვეტილება
მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის
შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელის მოწერით
ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
6. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან მასთან შეთანხმებით, საბჭოს
მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იყვნენ გარეშე პირები
(დარგის სპეციალისტები), სათათბირო ხმის უფლებით ან მის გარეშე.
7. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს
მდივანი (სამდივნო).
8. მდივანი (სამდივნო) ვალდებულია სხდომაზე განსახილველი საკითხები
სათანადო მასალებთან ერთად არანაკლებ სამი დღით ადრე მიაწოდოს საბჭოს ყველა
წევრს, მოწვეულ სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
9. კონკრეტული საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარკვეული
ღონისძიებების განხორციელების, მათზე მონიტორინგისა და რეკომენდაციების
შემუშავების მიზნით საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები როგორც
საბჭოს წევრებისგან, ასევე მოწვეული ექსპერტების შემადგენლობით, რომლებიც
ანგარიშვალდებულნი იქნებიან საბჭოს წინაშე.
მუხლი 8. ელექტრონული საბჭოს სხდომების გამართვის
წესი
1. გარკვეული საკითხების განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს
ელექტრონულ ფორმატში, საბჭოს სამდივნოს მიერ საბჭოს თავმჯდომარისა და
წევრებისადმი შესაბამისი მასალის/დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით
გადაგზავნის საშუალებით.
2. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში მისცენ ხმა განსახილველ
საკითხს („მომხრე“, „წინააღმდეგი“, „თავი შეიკავა“).
3. საბჭოს წევრის მიერ განსახილველი საკითხისადმი პოზიციის –
„წინააღმდეგი“ დაფიქსირების შემთხვევაში ის ვალდებულია, დაასაბუთოს უარის
თქმის მიზეზი.
4. საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ განსახილველი
საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხი ითვლება შეთანხმებულად. ხმების
თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ დგება
ელექტრონული საბჭოს სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება ელექტრონული საბჭოს
მიერ საკითხის შეთანხმების შედეგი და მიღებული გადაწყვეტილება.