1. უცხო გემის ცხელ კვალზე დევნა შეიძლება განხორციელდეს მაშინ, როდესაც სანაპირო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ საფუძვლიანი მიზეზი ვარაუდისთვის, რომ გემმა დაარღვია ამ სახელმწიფოს კანონები და წესები. ასეთი დევნა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც უცხოური გემი ან მისი ერთ-ერთი ნავი იმყოფება დევნის განმახორციელებელი სახელმწიფოს შიდა წყლებში, არქიპელაგურ წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში ან მიმდებარე ზონაში, და ტერიტორიული ზღვის ან მიმდებარე ზონის გარეთ შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დევნა არ შეწყვეტილა. არ არის აუცილებელი, რომ იმ დროს, როდესაც ტერიტორიულ ზღვაში ან მიმდებარე ზონაში მყოფი უცხო გემი მიიღებს გაჩერების ბრძანებას, ბრძანების გამცემი გემი ასევე იმყოფებოდეს ტერიტორიულ ზღვაში ან მიმდებარე ზონაში. თუ უცხო გემი იმყოფება 33-ე მუხლით განსაზღვრულ მიმდებარე ზონაში, დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა ის უფლებები, რომელთა დაცვისთვისაც შეიქმნა ეს ზონა.
2. ცხელ კვალზე დევნის უფლება mutatis mutandis გამოიყენება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე, მათ შორის, კონტინენტური შელფის დანადგარების გარშემო უსაფრთხოების ზონებში ჩადენილი სანაპირო სახელმწიფოს იმ კანონებისა და წესების დარღვევების მიმართ, რომლებიც წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მოქმედებს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე, მათ შორის, ასეთ უსაფრთხოების ზონებში.
3. ცხელ კვალზე დევნის უფლება წყდება მაშინვე, როგორც კი დევნის ქვეშ მყოფი გემი შევა თავისივე სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში.
4. ცხელ კვალზე დევნა არ ითვლება დაწყებულად, თუ დევნის განმახორციელებელი გემი ხელმისაწვდომი პრაქტიკული საშუალებებით არ დარწმუნდება, რომ დევნას დაქვემდებარებული გემი ან მისი ერთ-ერთი ნავი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად და დევნას დაქვემდებარებულ გემს იყენებენ მცურავ ბაზად, იმყოფება ტერიტორიული ზღვის ფარგლებში ან, შესაბამის შემთხვევაში, მიმდებარე ზონაში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტური შელფის ზემოთ. დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩერების შესახებ განხორციელდება ვიზუალური ან ხმოვანი სიგნალი ისეთ მანძილზე, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ უცხო გემმა დაინახოს ან გაიგოს იგი.
5. ცხელ კვალზე დევნის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სამხედრო გემების ან სამხედრო საფრენი აპარატების, ან სხვა გემების ან საფრენი აპარატების მიერ, რომლებიც მკაფიოდ აღნიშნულია და იდენტიფიცირებადია, როგორც სამთავრობო სამსახურში მყოფები და უფლებამოსილნი არიან ამ მიზნით.
6. საფრენი აპარატის მიერ ცხელ კვალზე დევნის განხორციელების შემთხვევაში:
(a) mutatis mutandis გამოიყენება პირველი – მე-4 პუნქტების დებულებები;
(b) გაჩერების ბრძანების გამცემმა საფრენმა აპარატმა თავად უნდა განახორციელოს გემის აქტიური დევნის პროცესი მანამ, სანამ დევნის გაგრძელების მიზნით არ მოვა ამ საფრენი აპარატის მიერ გამოძახებული სანაპირო სახელმწიფოს გემი ან სხვა საფრენი აპარატი, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საფრენ აპარატს თავად შეუძლია გემის დაპატიმრება. ტერიტორიული ზღვის გარეთ დაპატიმრების გამართლებისთვის საკმარისი არ არის, რომ საფრენმა აპარატმა უბრალოდ შენიშნა დარღვევის ჩამდენი ან დარღვევის სავარაუდოდ ჩამდენი გემი, თუ მის მიმართ არ გაიცა გაჩერების ბრძანება და არ დაედევნა თავად საფრენი აპარატი, ან სხვა საფრენი აპარატი, ან გემები, რომლებიც შეუფერხებლად აგრძელებენ დევნას.
7. სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში დაკავებული და კომპეტენტური ორგანოების წინაშე გამოძიების მიზნით ამ სახელმწიფოს ნავსადგურში ესკორტირებული გემის გათავისუფლება არ შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ გემი თავისი მოგზაურობის დროს ესკორტირებული იყო განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან ღია ზღვის ნაწილის გავლით, თუ გარემოებებმა ეს აუცილებელი გახადა.
8. თუ გემი გაჩერებულ ან დაპატიმრებულ იქნა ტერიტორიული ზღვის გარეთ ისეთ გარემოებებში, რომლებიც არ ამართლებს ცხელ კვალზე დევნის უფლების განხორციელებას, მას უნდა აუნაზღაურდეს ნებისმიერი დანაკარგი ან ზიანი, რომელიც შეიძლება ამით გამოწვეულიყო.