1. თითოეულ მხარე სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ორი პირისა, რომლებსაც აქვთ წინამდებარე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ტრიბუნალის წევრები უნდა აირჩნენ ამგვარად წარდგენილი პირების სიიდან.

2. არჩევნების თარიღამდე სულ მცირე სამი თვით ადრე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პირველი არჩევნების შემთხვევაში, და ტრიბუნალის რეგისტრატორმა, შემდგომი არჩევნების შემთხვევაში, წერილობით უნდა მოიწვიონ მხარე სახელმწიფოები, რათა ორი თვის ვადაში წარადგინონ ტრიბუნალის წევრობის კანდიდატები. მან ანბანური თანმიმდევრობით უნდა მოამზადოს ყველა ამგვარად წარდგენილი პირის სია, იმ მხარე სახელმწიფოების მითითებით, რომლებმაც წარადგინეს ისინი, და წარუდგინოს ის მხარე სახელმწიფოებს არაუგვიანეს თითოეული არჩევნების თარიღის წინა თვის მეშვიდე დღისა.

3. პირველი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.

4. ტრიბუნალის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით. არჩევნები, პირველი არჩევნების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ მოწვეულ მხარე სახელმწიფოთა შეხვედრაზე, ხოლო შემდგომი არჩევნების შემთხვევაში – მხარე სახელმწიფოების მიერ შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად. ამ შეხვედრაზე კვორუმს წარმოადგენს მხარე სახელმწიფოების ორი მესამედი. ტრიბუნალში არჩეულ პირებად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობას, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს მხარე სახელმწიფოების უმრავლესობას.