1. მმართველი საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომლებსაც ასამბლეა ირჩევს 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად. საბჭოს წევრების არჩევისას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპს. საბჭოში არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენისას, ორგანოს წევრებმა უნდა გაითვალისწინონ უმაღლესი სტანდარტის კომპეტენციის და შესაბამის სფეროებში კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების წარდგენის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საწარმოს სიცოცხლისუნარიანობა და წარმატება.
2. საბჭოს წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით და შესაძლებელია მათი ხელახლა არჩევა. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს წევრთა როტაციის პრინციპს.
3. საბჭოს წევრები აგრძელებენ თანამდებობაზე ყოფნას მათი შემცვლელების არჩევამდე. თუ საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური გახდება, ასამბლეამ, 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა აირჩიოს ახალი წევრი მისი წინამორბედის დარჩენილი ვადით.
4. საბჭოს წევრები მოქმედებენ პირადი უფლებამოსილებით. თავიანთი მოვალეობების შესრულებისას მათ არ უნდა მოითხოვონ ან მიიღონ ინსტრუქციები რომელიმე მთავრობისგან ან სხვა წყაროდან. ორგანოს თითოეულმა წევრმა პატივი უნდა სცეს საბჭოს წევრების დამოუკიდებელ ხასიათს და თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი მცდელობისგან, მათზე გავლენა მოახდინონ მათი მოვალეობების შესრულებისას.
5. საბჭოს თითოეული წევრი მიიღებს ანაზღაურებას, რომელიც გადაიხდება საწარმოს ფინანსური სახსრებიდან. ანაზღაურების რაოდენობას, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრავს ასამბლეა.
6. საბჭო, როგორც წესი, ფუნქციონირებს საწარმოს მთავარ ოფისში და უნდა შეიკრიბოს იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას მოითხოვს საწარმოს საქმიანობა.
7. საბჭოს წევრთა ორი მესამედი ქმნის კვორუმს.
8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. საბჭოს წინაშე არსებული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს მისი წევრების უმრავლესობით. თუ წევრს აქვს ინტერესთა კონფლიქტი საბჭოს წინაშე არსებულ საკითხთან დაკავშირებით, მან თავი უნდა შეიკავოს ამ საკითხზე ხმის მიცემისგან.
9. ორგანოს ნებისმიერ წევრს შეუძლია საბჭოს მოსთხოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ამ წევრზე. საბჭო უნდა ეცადოს ასეთი ინფორმაციის მიწოდებას.