1. თითოეულმა სახელმწიფომ თავისი დროშით მცურავ გემებზე ეფექტურად უნდა განახორციელოს თავისი იურისდიქცია და კონტროლი ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სოციალურ საკითხებში.
2. განსაკუთრებით, თითოეულმა სახელმწიფომ:
(a) უნდა აწარმოოს გემების რეესტრი, რომელიც შეიცავს თავისი დროშით მცურავი გემების სახელწოდებებსა და მონაცემებს, გარდა იმ გემებისა, რომლებიც, მათი მცირე ზომების გამო, გამორიცხულია ზოგადად მიღებული საერთაშორისო წესებიდან; და
(b) თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა განახორციელოს იურისდიქცია თავისი დროშით მცურავ თითოეულ გემზე და მის კაპიტანზე, ოფიცრებსა და ეკიპაჟზე გემთან დაკავშირებული ადმინისტრაციული, ტექნიკური და სოციალური საკითხების მიმართ.
3. თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთ ზომები თავისი დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებიც აუცილებელია ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, inter alia:
(a) გემების კონსტრუქციის, აღჭურვილობის და ზღვაოსნობაუნარიანობის მიმართ;
(b) გემების ეკიპაჟით დაკომპლექტების, შრომის პირობებისა და ეკიპაჟების მომზადების მიმართ, მოქმედი საერთაშორისო ინსტრუმენტების გათვალისწინებით;
(c) სიგნალების გამოყენების, კომუნიკაციების შენარჩუნების და შეჯახებების თავიდან აცილების მიმართ.
4. ასეთი ზომები უნდა მოიცავდეს შემდეგ ზომებს, რაც საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ:
(a) თითოეული გემი, რეგისტრაციამდე და შემდგომში შესაბამისი ინტერვალებით, შემოწმდეს გემების კვალიფიციური სურვეირის მიერ და ბორტზე ჰქონდეს ისეთი რუკები, საზღვაო პუბლიკაციები და სანაოსნო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები, რომლებიც შესაფერისია გემის უსაფრთხო ნაოსნობისთვის;
(b) თითოეულ გემს მართავდეს კაპიტანი და ოფიცრები, რომლებიც ფლობენ შესაბამის კვალიფიკაციას, განსაკუთებით, საზღვაო საქმეებში, ნაოსნობაში, კომუნიკაციებსა და საზღვაო ინჟინერიაში, და რომ ეკიპაჟის წევრები კვალიფიკაციითა და რაოდენობით შეესაბამებოდეს გემის ტიპს, ზომას, მანქანებსა და აღჭურვილობას;
(c) კაპიტანი, ოფიცრები და, რამდენადაც საჭიროა, ეკიპაჟი სრულად იცნობდნენ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის, შეჯახებების თავიდან აცილების, ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის, და რადიოკავშირის შენარჩუნების შესახებ მოქმედ საერთაშორისო ნორმებს და მოეთხოვებათ, რომ დაიცვან ისინი.
5. მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების მიღებისას თითოეულ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ დაიცვას ზოგადად მიღებული საერთაშორისო ნორმები, პროცედურები და პრაქტიკა და გადადგას ნებისმიერი ის ნაბიჯი, რაც შეიძლება საჭირო იყოს მათი დაცვის უზრუნველსაყოფად.
6. სახელმწიფოს, რომელსაც აქვს მკაფიო საფუძველი ვარაუდისთვის, რომ გემთან დაკავშირებით სათანადო იურისდიქცია და კონტროლი არ განხორციელებულა, შეუძლია, რომ ფაქტების შესახებ აცნობოს დროშის სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე, დროშის სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს საკითხი და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ნებისმიერი საჭირო ზომა სიტუაციის გამოსასწორებლად.
7. თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამოძიების ჩატარება სათანადოდ კვალიფიციური პირის ან პირების მიერ ან მათ წინაშე ღია ზღვაში მომხდარი თითოეული საზღვაო ავარიის ან ნაოსნობის ინციდენტის შესახებ, რომელშიც ფიგურირებს თავისი დროშით მცურავი გემი და რომელიც იწვევს მეორე სახელმწიფოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას ან მათ სერიოზულ დაზიანებას ან სერიოზულ ზიანს აყენებს მეორე სახელმწიფოს გემებს ან დანადგარებს ან ზღვის გარემოს. დროშის სახელმწიფომ და მეორე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლონ ამ მეორე სახელმწიფოს მიერ ასეთი საზღვაო ავარიასთან ან ნაოსნობის ინციდენტთან დაკავშირებით ჩატარებულ ნებისმიერ გამოძიებაში.