1. ამ დებულებითა და მისი დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა (გარდა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტითა და მე-11 მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულისა), ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მმართველობითი საბჭო დაამტკიცებს მის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორის ან გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილი წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის (მათ შორის, მათი ცვლილების) პროექტს და რეორგანიზაციის გეგმას, თუ რეორგანიზაციის გეგმით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
2. დავების განხილვის სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის, საჩივრების, განცხადებისა და პრეტენზიების ავტორთა უფლებებისა და განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული წესითა და პროცედურებით დაკომპლექტებამდე, დანიშნოს/განსაზღვროს სამსახურის უფროსის, მოადგილის და კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი და განსაზღვროს (მათ შორის, საშტატო ნუსხით) მათი შრომის ანაზღაურების ოდენობა. სამსახურის უფროსის, მოადგილის და კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება საფინანსო, ეკონომკიური ან/და იურიდიული მიმართულებით და არანაკლებ 3 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება. ამ წესით დანიშნული სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს კანონითა და დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება. მოვალეობის შემსრულებლები უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის დებულებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის დანიშვნამდე.
3. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნამდე მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის ცვლილებების დამტკიცებას.
4. 2026 წლის 24 ივნისიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე საპენსიო ფონდში წარდგენილი საჩივრები განსახილველად გადაეცეს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურს. დავების განხილვის სამსახური საჩივრებს განიხილავს კანონითა და სამსახურის დებულებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
5. ამ დებულებითა და მისი დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე, საპენსიო ფონდი აგრძელებს ფუნქციონირებას 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტითა და მე-11 მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების გათვალისწინებით.
6. დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებისათვის, წინამდებარე დებულების ძალაში შესვლისთანავე, დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად განისაზღვროს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად შექმნილი პრეტენზიების განხილვის სამსახურის უფროსი. მისი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს საშტატო ნუსხის შესაბამისად.
7. წინამდებარე დებულებაში, განუხორციელებელი საპენსიო შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) რეგულაციები ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით 2027 წლის 1 ივნისიდან.
8. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, ამ დებულებისაგან განსხვავებული წესით, შეარჩიოს და დანიშნოს გენერალური დირექტორის მოადგილე/მოადგილეები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მარეგულირებელი წესით გათვალისწინებულ შესაბამის შესაფერისობის კრიტერიუმებს. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია გენერალური დირექტორის დანიშვნამდე ამ დებულებისაგან განსხვავებული წესით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაათავისუფლოს გენერალური დირექტორის მოადგილე/მოადგილეები ასევე დირექტორის მოადგილეები.
9. ამ დებულებითა და მისი დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ძალაში შესვლამდე, მონიტორინგის დეპარტამენტი, საპენსიო შენატანების ვალდებულების შესრულების მონიტორინგის, საპენსიო შენატანის განხორციელების ზედმეტობის გამოვლენის, აღსრულების პროცედურებისა და ამისათვის საჭირო ელექტრონული სისტემის მენეჯმენტის გარდა უზრუნველყოფს: კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 10-დღიანი შეღავათით სარგებლობის მონიტორინგს. საპენსიო ფონდის აღსასრულებელ აქტებთან დაკავშირებით (მათ შორის, საპენსიო შენატანთან, მიუღებელ სარგებელთან, ჯარიმასთან, ასევე კანონითა და საპენსიო ფონდის სხვა აქტებით, მათ შორის, დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საპენსიო ფონდის სახელით სააღსრულებო ფურცელს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გამოსცემს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
10. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო სააგენტოს ფარგლებში შექმნილი ყველა კომიტეტი აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ამ დებულებით განსაზღვრული საკონსულტაციო საბჭო, გენერალური დირექტორის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე.
11. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან ან მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში, გენერალურმა დირექტორმა ან გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს საპენსიო ფონდის ახალი საშტატო ნუსხისა და ბიუჯეტის კორექტირება, ასევე, რეორგანიზაციის გეგმის მომზადება და მმართველობითი საბჭოსთვის წარდგენა, ხოლო ამავე ვადაში მმართველობითმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების დამტკიცება. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია აღნიშნული დოკუმენტების დამტკიცების მიზნით ეს ვადა ერთჯერადად გააგრძელოს 30 (ოცდაათი) დღით.
12. რეორგანიზაციის ფარგლებში გენერალური დირექტორი ან გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოსათვის რეორგანიზაციის გეგმის წარდგენას, რომლის მომზადების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში ჩართული უნდა იყვნენ სხვა აღმასრულებელი დირექტორებიც. აღნიშნულ გეგმას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. რეორგანიზაციის გეგმა უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშტატო ნუსხის საფუძველზე არსებული თანამშრომლების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს, რომლებიც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს სხვა პოზიციაზე გადაყვანას.
13. მმართველობითი საბჭოს მიერ ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებამდე და შესრულების ძირითადი ინდიკატორების პირველი პერიოდის გათვალისწინებით, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ამ დებულებისაგან განსხვავებული წესით დაადგინოს პრემიის გაცემა.
14. მმართველობითი საბჭოს სრული შემადგენლობისათვის განსახილველი საკითხ(ებ)ის წინასწარ ინფორმირებითა და კვორუმის დაცვით განხილული და შეთანხმებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს აღმასრულებელი დირექტორებისთვის გარკვეული მითითებების წერილობით მიცემას, აისახება მმართველობითი საბჭოს მომდევნო სხდომის ოქმში და ძალაშია ამავე პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან. ეს პუნქტი მოქმედებს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს დანიშვნის მომენტიდან და ძალაშია მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან 6 (ექვსი) თვის ვადის განმავლობაში.