1. მმართველობითი საბჭო შედგება 9 (ცხრა) წევრისგან, რომელთაგან სამი წევრი დანიშნულია კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხუთი წევრი – კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ერთი წევრი – თანამდებობრივად.

2. მმართველობითი საბჭო მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს ირჩევს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

3. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს:

ა) მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი;

ბ) მმართველობითი საბჭოს წევრი, თუ ის ამავდროულად საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

4. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ დანიშვნის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს მათი მმართველობითი საბჭოს წევრობის დარჩენილ ვადას.

5. მმართველობითი საბჭოს წევრი თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ ხელახლა შესაძლოა აირჩეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადა ჯამურად არ აღემატება 6 (ექვსი) წელს.

6. მმართველობითი საბჭო სხდომებს ატარებს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

7. გენერალური დირექტორი, რომელიც ამავდროულად არ წარმოადგენს მმართველობითი საბჭოს წევრს, ესწრება მმართველობითი საბჭოს ყველა სხდომას, გარდა რიგგარეშე სხდომისა. რიგგარეშე სხდომაზე გენერალური დირექტორის დასწრების საკითხს გადაწყვეტს მმართველობითი საბჭო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. გენერალური დირექტორი მონაწილეობს მმართველობითი საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გენერალური დირექტორი წარმოადგენს მმართველობითი საბჭოს წევრს, რა შემთხვევაშიც ის საკითხს ხმას აძლევს მხოლოდ როგორც მმართველობითი საბჭოს წევრი.

8. მმართველობითი საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოს კორპორაციული მდივანი. კორპორაციული მდივნის შერჩევას უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭო, რომელიც განსაზღვრავს შერჩევისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ასევე ანაზღაურების ოდენობას. კორპორაციული მდივანი ესწრება მმართველობითი საბჭოს  სხდომებს და ასრულებს მმართველობითი საბჭოს სხდომის მდივნის ფუნქციას, ასევე ახორციელებს სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებებს და ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს. გენერალური დირექტორი ან/და კორპორაციული მდივანი უზრუნველყოფენ მმართველობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. კორპორაციული მდივანი ადგენს სხდომის ოქმს, მის შესაბამისად განკარგულებებს, დადგენილებებს (არსებობის შემთხვევაში) და გადასცემს მას მმართველობითი საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად, რის შემდგომაც, აღნიშნულ ოქმს, დოკუმენტებს გადასცემს შესანახად საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. კორპორაციული მდივანი ვალდებულია ოქმის/დოკუმენტების ერთი ასლი შეინახოს მასთან და აღრიცხოს ისინი. იმ შემთხვევაში, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომა იმართება კორპორაციული მდივნის გარეშე, მმართველობითი საბჭო ნიშნავს სხდომის მდივანს მმართველობითი საბჭოს წევრთაგან ან იურიდიული დეპარტამენტის უფროსს.

9. საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე სხვა მოწვეული პირები შეიძლება დაესწრონ მმართველობითი საბჭოს სხდომას, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან მმართველობითი საბჭოს, სულ მცირე, ორი წევრის გონივრული ვადით ადრე მოთხოვნის საფუძველზე.