მმართველობითი საბჭოს ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) თითოეული კალენდარული წლის დასასრულს, მომდევნო კალენდარული წლის საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საპენსიო ფონდის საშტატო ნუსხის დამტკიცება;

ბ) საპენსიო ფონდის კომიტეტების წესდებების დამტკიცება და საპენსიო ფონდის თითოეული სტრუქტურული ერთეულის დებულებებისა და მათი სტრუქტურების შეთანხმება;

გ) საპენსიო ფონდისა და მისი აღმასრულებელი დირექტორების საქმიანობის ზედამხედველობა და მათთვის შესაბამისი მითითებების მიცემა;

დ) გენერალური დირექტორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსის კონკურსის წესით არჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) გენერალური დირექტორის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების შეთანხმება;

ვ) საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა;

ზ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, რისკის მართვის ჩარჩოს და ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და დამტკიცება;

თ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება;

ი) საჭიროებისამებრ და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობით, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიის გადასინჯვა და შესაბამისი განახლება;

კ) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება არანაკლებ კვარტალში ერთხელ;

ლ) საინვესტიციო კომიტეტის წარდგინებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის განსაზღვრა და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევა;

მ) საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;

ნ) საპენსიო ფონდის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან;

ო) საპენსიო ფონდის საქმიანობის აუთსორსინგის პოლიტიკის შემუშავება და დამტკიცება;

პ) კომიტეტების, აღმასრულებელი დირექტორების, დავების განხილვის სამსახურისა ან/და საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომლისაგან ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ საკითხზე;

ჟ) აღმასრულებელი დირექტორების, მათი მოადგილეების, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, კოლეგიის წევრის და საპენსიო ფონდის ყველა სხვა თანამშრომლის, მათ შორის, დავების განხილვის თანამშრომლების პრემიის გაცემის ერთიანი პაკეტის დამტკიცება;

რ) მმართველობითი საბჭოს უფლებამოსილებების შესრულების მიზნით მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ საჭირო გარე კორესპონდენციის გაგზავნა;

ს) დავების განხილვის სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და კოლეგიის წევრის კონკურსის წესით შერჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება დავების განხილვის სამსახურის დებულებით დადგენილი წესით;

ტ) დავების განხილვის სამსახურის დებულების, სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ერთეულების რაოდენობის და ანაზღაურების შესახებ საშტატო ნუსხის დამტკიცება, სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და კოლეგიის წევრის ანაზღაურების განსაზღვრა;

უ) დავების განხილვის სამსახურის კოლეგიურად საქმის განმხილველი ყველა წევრის (სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის) აცილების შემთხვევაში აცილების საკითხის გადაწყვეტა სამსახურის დებულებით დადგენილი წესით, ასევე დავების განხილვის სამსახურის უფროსის ან მოადგილის, ან კოლეგიის წევრის, ან ყველა მათგანის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში კონკრეტული საქმის განხილვისათვის კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრების მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა სამსახურის დებულებით დადგენილი წესით;

ფ) კანონის 379 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების დადება, დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული წესით;

ქ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.