1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დეკომისია − ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული და რადიაციული ობიექტის მარეგულირებელი კონტროლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა;
ბ) საკონტროლო შეჩერების წერტილები − მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, დეკომისიის პროცესის მიმდინარეობისას, გარკვეულ ეტაპებზე სამუშაოების სავალდებულოდ შეჩერება, სანამ მარეგულირებელი ორგანო არ გასცემს პროცესის გაგრძელების უფლებას;
გ) უსაფრთხო იზოლაცია − გადავადებულ საბოლოო დაშლამდე და დეკომისიამდე, ბირთვული ობიექტის ინფრასტრუქტურის შენარჩუნება უსაფრთხო, ხანგრძლივი შენახვის პირობებში;
დ) საბოლოო მდგომარეობა − ბირთვული ობიექტის ფიზიკური, რადიოლოგიური და სამართლებრივი მდგომარეობა მისი დეკომისიის შემდეგ;
ე) უსაფრთხოების დასაბუთება − არგუმენტებისა და მტკიცებულებების, მათ შორის უსაფრთხოების შეფასების შედეგების, დოკუმენტირებული ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ბირთვული ან რადიაციული ობიექტის დეკომისიასთან დაკავშირებული საქმიანობის უსაფრთხოებას და უსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესრულებას;
ვ) მარეგულირებელი კონტროლიდან გათავისუფლება − მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბირთვული ან რადიაციული ობიექტის, მისი ნაწილის, ტერიტორიის ან საგნის მიმართ რადიაციული უსაფრთხოების მიზნით დადგენილი მარეგულირებელი კონტროლის სრულად ან ნაწილობრივ მოხსნა, დეკომისიის დამტკიცებული საბოლოო მდგომარეობისა და გათავისუფლების შესაბამისი კრიტერიუმების შესრულების დადასტურების შემდეგ;
ზ) დიფერენცირებული მიდგომა − მიდგომა, რომლის მიხედვითაც დეკომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნების, ღონისძიებების, უსაფრთხოების შეფასების, დოკუმენტაციისა და მარეგულირებელი კონტროლის მოცულობა და დეტალების დონე განისაზღვრება ობიექტის ტიპის, მასშტაბის, სირთულისა და მდგომარეობის, აგრეთვე დეკომისიისას არსებული საფრთხეებისა და შესაძლო რადიაციული რისკების გათვალისწინებით;
თ) ინკაფსულირებული სტრუქტურები − ბირთვული ან რადიაციული ობიექტის დაბინძურებული ან გააქტიურებული სტრუქტურები ან მათი ნაწილები, რომლებიც დეკომისიისას ადგილზე რჩება და რადიოაქტიური ნივთიერებების იზოლაციის, მათი გარემოში გავრცელების პრევენციისა და მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით მოქცეულია გამძლე საინჟინრო ბარიერში;
ი) სტრუქტურული დეგრადაცია − სტრუქტურის, სისტემის ან კომპონენტის ფიზიკური მდგომარეობისა და საექსპლუატაციო მახასიათებლების თანდათანობითი გაუარესება დაძველების, კოროზიის, დასხივების, მექანიკური, თერმული, ქიმიური, ბიოლოგიური ან გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რამაც შეიძლება, შეამციროს მისი მდგრადობა, მთლიანობა ან უსაფრთხოების ფუნქციის შესრულების უნარი;
კ) ოპტიმიზაციის პრინციპი (ALARA) − რადიაციული დაცვის პრინციპი, რომლის მიხედვითაც დეკომისიის შედეგად პროფესიული და მოსახლეობის დასხივების ინდივიდუალური დოზების სიდიდე, დასხივებულ პირთა რაოდენობა და პოტენციური დასხივების ალბათობა უნდა შენარჩუნდეს გონივრულად მიღწევად დაბალ დონეზე, ეკონომიკური, სოციალური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით;
ლ) მემკვიდრეობითი კვლევითი რეაქტორი − წარსულში ექსპლუატირებული კვლევითი ბირთვული რეაქტორის ობიექტი, რომლის ექსპლუატაცია საბოლოოდ შეწყვეტილია და რომლის ტერიტორიაზე დარჩენილი აქტივირებული ან რადიოაქტიურად დაბინძურებული კონსტრუქციები, სისტემები, კომპონენტები ან რადიოაქტიური ნარჩენები საჭიროებს გრძელვადიან მარეგულირებელ კონტროლს;
მ) ადმინისტრაციული დახურვა − D კატეგორიის ობიექტის დეკომისიის დასრულების დადასტურება მარეგულირებელი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული დახურვის ანგარიშის საფუძველზე. ანგარიშით დასტურდება ობიექტიდან რადიოაქტიური წყაროების ამოღება და მათი ავტორიზებული პირისთვის გადაცემა, აგრეთვე ობიექტზე რადიოაქტიური დაბინძურების არარსებობა. საჭიროების შემთხვევაში, დაბინძურების არარსებობა დასტურდება რადიოლოგიური გაზომვებით.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.