1. ინსტიტუტის მიზანია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;
ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილურობის წახალისება;
ზ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა.
2. ინსტიტუტის ძირითად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას წარმოადგენს:
3. ქართველური და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა გრამატიკული სტრუქტურის, ფონეტიკისა და ლექსიკის სისტემატური და გეგმაზომიერი შესწავლა. ამ მიმართულებით ინსტიტუტი იკვლევს შემდეგ ენებს:
ა) ქართულ (ახალი ქართული, ძველი ქართული) სალიტერატურო ენასა და მის დიალექტებს, ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიას, ქართული ენის ისტორიულ-გენეზისურ ურთიერთმიმართებას ქართველურ ენა-კილოებთან, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სხვა ჯგუფებთან, ასევე ხმელთაშუა ზღვის აუზის ენობრივ სამყაროსთან; საფუძვლიანად იკვლევს სვანურსა და ზანურს (მეგრულ-ლაზურს) ყველა დიალექტის მონაცემების მიხედვით.
ბ) აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ენებს (აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული, უბიხური);
გ) ნახური ჯგუფის ენებს (ჩაჩნური, ინგუშური, ბაცბური);
დ) დაღესტნური ჯგუფის ენებს (ხუნძური, ანდიური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ჭამალალური, ტინდიური, ბაგვალური, კარატაული, ახვახური, დიდოური, ხვარშიული, ჰინუხური, კაპუჭური (ბეჟიტური), ჰუნზიბური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური, თაბასარანული, რუთულური, აღულური, წახური, უდიური, ბუდუხური, ხინალუღური, კრიწული, არჩიბული).
4. ქართველური ენებისა და მათი დიალექტების შესახებ დღემდე წარმოებული კვლევა-ძიების შედეგების შეჯამება და მრავალტომიანი აკადემიური კურსების შექმნა:
ა) ქართული ენა;
ბ) საერთო ქართველური ენა;
გ) ქართული ენის ისტორიული გრამატიკა;
დ) მთის კავკასიური ენების (და მათი დიალექტების) მონოგრაფიული შესწავლის საფუძველზე იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ცალკეულ ჯგუფებს შორის ისტორიულ-გენეზისური ურთიერთმიმართების პრობლემური საკითხის გადაწყვეტა (იგულისხმება ბასკურ-ქართველური ურთიერთობისა და წინა აზიის უძველესი ცივილიზაციის ენებთან მიმართების კვლევა).
5. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ლექსიკოლოგიურ-ლექსიკოგრაფიული მუშაობა. ამ მიზნით ინსტიტუტი უზრუნველყოფს:
ა) ინსტიტუტში დაცული სალექსიკონო ფონდის შევსებასა და დამუშავებას;
ბ) ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის მომზადებას;
გ) ისტორიული ლექსიკოლოგიის საკითხების დამუშავებას;
დ) შეისწავლის ქართველურ ენათა ლექსიკას თანამედროვე სემანტიკური თეორიების საფუძველზე;
ე) გამოსაცემად მოამზადებს სხვადასხვა სახის თარგმნით და ტერმინოლოგიურ ლექსიკონებს, აგრეთვე საკუთარ სახელთა კრებსით ორთოგრაფიულ ლექსიკონს.
6. ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემატიკის თვალსაზრისით ინსტიტუტის მიზნებია:
ა) კომპარატივისტული კვლევა – სტრუქტურულ-სემანტიკური რეკონსტრუქციების არსებული მეთოდების ათვისება და მათი დაზუსტება იბერიულ-კავკასიური ენობრივი მასალის გათვალისწინებით, შესაბამისად, რეკონსტრუირებული არქეტიპების ეთნოკულტურული და ანთროპოლოგიური ანალიზი;
ბ) კომუნიკაციური ლინგვისტიკის მეთოდების ვერიფიცირების ხარისხის გაზრდა ლინგვისტური ანთროპოლოგიის მეთოდებთან კომბინირებით;
გ) სოციოლინგვისტურ კვლევაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა და მათი გამოყენება კავკასიაში ენობრივ ქცევათა დესკრიფტის თვალსაზრისით;
დ) თეორიული ენათმეცნიერების დეფინიციების მუდმივი გადასინჯვა.
7. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების ახალ ეტაპზე მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროებში წარმოქმნილ საჭიროებათა უზრუნველსაყოფად ინსტიტუტი განახორციელებს:
ა) სახელმწიფო ენის ფუნქციონირების აქტუალური საკითხების შესწავლას, სადავო საკითხების შემდგომი მოწესრიგების მიზნით თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა პროექტებისა და მეტყველების კულტურის საფუძვლების მეცნიერულად დამუშავებას;
ბ) საქართველოს სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის დეპარტამენტთა მონაწილეობით მეცნიერების ყველა დარგის ტერმინოლოგიის დამუშავება-უნიფიკაციას. ერთიანი ტერმინოლოგიური პოლიტიკის გატარებაში ხელშეწყობას.
8. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი სფეროა კომპიუტერული ლინგვისტიკა.
9. დასახული მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:
ა) უზრუნველყოფს თეორიულ და ექსპერიმენტულ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, ასევე ექსპედიციების მოწყობას. მიღებული შედეგების ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში დასანერგად სამინისტროებთან, სახელმწიფო უწყებებსა და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს;
ბ) წარმართავს თავის საქმიანობას მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევათა საფუძველზე;
გ) ამყარებს ინტენსიურ ურთიერთობას ამავე დარგში მოღვაწე უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებსა და მეცნიერებთან;
დ) აწყობს დისკუსიებს, კონფერენციებსა და თათბირებს მნიშვნელოვან სამეცნიერო საკითხებზე;
ე) ახალ გამოკვლევათა შედეგების შესახებ გამოსაქვეყნებლად ამზადებს მასალებს;
ვ) ეწევა მეცნიერული ცოდნის პროპაგანდას; ორგანიზებას უწევს ელექტრონული პროდუქციის ავტორიზებისა და პოტენციური მომხმარებლისათვის მის მიწოდებას. შეიმუშავებს პროდუქციის კომერციალიზაციის სტრატეგიას;
ზ) უზრუნველყოფს ქართველური ენების დიალექტური და ლიტერატურული ტექსტების მონაცემთა ბაზის რეაბილიტაციასა და შევსებას, ზეპირი ტექსტური (ხმოვანი) ელექტრონული ბანკის შექმნას, პარალელური რედაქტორული ტექსტების მომზადებას, მათ არქივირებას, სეგმენტირებას, ინტერდისციპლინარული და ლინგვისტური კვლევისათვის მომზადებას;
თ) სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და კვლევის შედეგების პრაქტიკულად დანერგვის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან.
10. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.
თავი II
ინსტიტუტის მართვ