,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 19.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/17
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.011.522
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 25/02/2008
matsne.gov.ge 1,208 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030 .000.22.028.011.522 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/17 2008 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის №617 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. ვაჩეიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ცენტრი წარმოადგენს „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის უფლებამონაცვლეს. 3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ანგარიში ხაზინაში და სხვა ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 4. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76ბ. 6. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია: ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის“ მოთხოვნათა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა მდგომარეობის ყოველწლიური მონიტორინგი და მოხსენების სახით შედეგების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა; ბავშვებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა; გ) ბავშვებში და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო მიზნობრივი და საპრეზიდენტო პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; დ) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობა; ე) საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეებისა და თამაშობების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა; მოზარდთა ინტერესების შესაბამისად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა; ვ) ბავშვებისა და ახალგარდებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის, დანერგვისა და დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა; ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი და ჰარმონიულად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდისათვის ხელშეწყობა და ბავშვთა აღზრდის პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა; ზ) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიაერთობის ხელშეწყობა და ამ მიზნით ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონცერტების, ფესტივალების, გამოფენების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობა; თ) ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება (მათ შორის, ბანაკების მოწყობა), ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა; ი) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა. მუხლი 3🔗. ცენტრის უფლებები 1. თავისი მიზნების განხორციელებისათვის ცენტრს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განახორციელოს თავისი პროფილის შესაბამისი საქმიანობა, დამოუკიდებლად შეიმუშაოს, დაამტკიცოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო პროექტები და პროგრამები, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო-საბავშვო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებაში და ამ მიზნით გასწიოს საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები მოზარდების დამეგობრებას უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ამ მიზნით აქტიურად განახორციელოს გაცვლითი პროგრამები; გ) განათავსოს სპეციალური ვებგვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში, გამოსცეს მეცნიერულ-ტექნიკური, პოპულარული, სასწავლო, ლიტერატურული და სხვა სახის პერიოდული გამოცემები, შეიმუშაოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ქვეყნის ბუნების, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთიერთობები საქართველოსა და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან ხელშეკრულებები და გარიგებები; ე) მოაწყოს ტრენინგ-სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, ოლიმპიადები, კონცერტები, ფესტივალები, გამოფენები, საქველმოქმედო აქციები, გამაჯანსაღებელ და შემეცნებით-შემოქმედებითი სახის ღონისძიებები სოციალურად დაუცველი, აგრეთვე სწავლაში, ხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; ვ) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; თ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა, დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები; ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. 2. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თავის ქონებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს(ებს); გ) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; დ) ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს; ე) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; ვ) დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს ცენტრის თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების, ცენტრის თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხებს; ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, მუშაობის რეგლამენტს, ფედერაციის სრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის ნორმებისა და წესების განმსაზღვრელ მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს; თ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ყველა ინსტანციაში; ი) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; მ) ამზადებს პროექტს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; ნ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ; ო) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები. მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი უსასყიდლო სარგებლობის ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება. მუხლი 6🔗. ცენტრის ფინანსური სახსრები 1. ცენტრის დაფინანსების სახსრებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 7🔗. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს იგი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 10🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.