1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მას ეზღუდება მოსწავლეების/სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების/აპლიკანტების მიღების უფლება;

გ) მოსწავლეს/სტუდენტს უფლება აქვს, ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) სტუდენტს ამ კანონის მე-11 მუხლის 22  პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ე) პროფესიულ სტუდენტს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ვ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ზ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

თ) აპლიკანტი, რომელმაც შესაბამის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

2. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

3. თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, სათანადო ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

4. სტატუსის მაძიებლის ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6284 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1162 - ვებგვერდი, 12.12.2025