1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო შედგება 8 დონისაგან. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თითოეული დონე არის კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელი ელემენტი, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“, „უნარით“ და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს.

2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:

ა) კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება;

ბ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;

ე) კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა;

ვ) მობილობის ხელშეწყობა;

ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

ი) არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018