„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2006 ძალადაკარგული 13.02.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№209
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 17/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №209

2006 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

«საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის თებერვალი, გვ. 32) და ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულება ჩამოყალიბდეს №1 დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) 2006 წლის ბოლომდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:

ა) „მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) „სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

გ) „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) „მიწის მინაკუთვნის დაწესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

მ. სააკაშვილი

 

დანართი №1

საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზნებს, ამოცანებსა და უფლებამოსილებას.

2. კომისია ამზადებს რეკომენდაციებს მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით და ამ დებულებით. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

კომისიის ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) მიწის რეფორმის, მიწის დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის რეკომენდაციების მომზადება;

ბ) სახელმწიფო ფონდიდან მიწის განკარგვის, მიწის გამოყოფის, მიწის გამოყენებისა და დაცვის თაობაზე წინადადებების მომზადება;

გ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ან პირიქით გამოყენება) შეცვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება;

დ) სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვის და სახელმწიფო ტყის ფონდში მიწების ჩარიცხვის თაობაზე რეკომენდაციების მომზადება;

ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის კატეგორიების შეცვლის თაობაზე რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის საკითხების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) მიწის ფონდების, მათ შორის, სხვადასხვა დანიშნულების მიწის ფონდების შექმნის, მათში ცვლილებების შეტანის, მიწათსარგებლობისა და მიწის რეფორმის განხორციელების საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღება;

თ) საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მიწასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად საკითხების მომზადება, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

კომისია უფლებამოსილია:

ა) კომისიის სხდომებზე მოიწვიოს დაინტერესებული სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ბ) მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო დაწესებულებებიდან, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან საჭირო ინფორმაცია, წერილობითი ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და შეამოწმოს მათი სიზუსტე.

    მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

1. კომისიის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც – კომისიის თავმჯდომარის მიერ დადგენილ დროს.

2. ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახური.

3. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. როგორც წესი, კენჭისყრა ღიაა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ფარული წესით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სხდომა.

6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების ან უარის თქმის მიზეზი, აგრეთვე სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

    მუხლი 5. რეკომენდაციების წარდგენის წესი

1. კომისიის მიერ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციები დადგენილი წესის შესაბამისად წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად.

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემთხვევაში იგი წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად ან ეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს შესასრულებლად.

    მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.