„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მოგების განაწილება 1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. 2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 9 თვის განმავლობაში.“. 2. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი: ,,21. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში წილის მფლობელს აქვს თავისი წილის საზოგადოების განახლებული კაპიტალის პროპორციულად გაზრდის უფლება კაპიტალში შესაბამისი შენატანის განხორციელების გზით.”. 3. 47-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,6. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, მისი თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება ამ კანონის 55-ე მუხლის 31 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“. 4. 52-ე მუხლის: ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას. პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით. დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით. წესდებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული წესი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების უფლებათა სხვაგვარად განსაზღვრას. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფენ მათ მფლობელებს. დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება ბათილია.”; ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. „გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული აქციათა კლასებისა, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, საზოგადოებამ შესაძლოა გაითვალისწინოს სხვა კლასის აქციების არსებობაც. ნებისმიერი კლასის აქციების რაოდენობა, მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და მათი შეცვლის პირობები უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში (ხოლო საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – ემისიის პროსპექტშიც), ამ კლასის აქციების განთავსებამდე. აქციების განთავსების შემდეგ განთავსებულ აქციებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შეცვლა, ასევე წესდებით გათვალისწინებული ამ კლასის აქციების ცვლილებების წესის შეცვლა დაუშვებელია.“; გ) 11 პუნქტის შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. აქციათა კლასით განსაზღვრული ხმის უფლების შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ კლასის აქციების მფლობელთა 75%-ზე მეტის თანხმობის შემთხვევაში, რომელთა უფლებრივ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას ამგვარი გადაწყვეტილება.“. 5. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. ახალი აქციების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად, გააჩნია მათი უპირატესი შესყიდვის უფლება, ამ უფლების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ აქციონერთა კრების მიერ ამ კანონის 54-ე მუხლის თანახმად.“. 6. 534 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 535 მუხლი: ,,მუხლი 535. შვილობილი საწარმოს მიერ საზოგადოების აქციათა შეძენა 1. იმ შემთხვევაში თუ ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ფლობს სხვა საწარმოს აქციების 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ასეთ შვილობილ საწარმოს არ აქვს ზემოთხსენებული ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების 5%-ზე მეტის შეძენის უფლება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგლამენტირდება საქართველოს კანონით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ.“. 7. 55-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: ,,21. თუ სააქციო საზოგადოება არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრი მაინც უნდა იყოს პირი, რომელსაც არ გააჩნია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (არ არის ამავე საწარმოს დირექტორი) და არის დამოუკიდებელი. 22. ამ მუხლის 21 პუნქტის მიზნებისთვის, დამოუკიდებელი არის პირი, რომელიც არ ფლობს საზოგადოების აქციებს და არ იღებს ამ საზოგადოებიდან ანაზღაურებას, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 31 პუნქტი: ,,31. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს ამავე საზოგადოების დირექტორი.“. 8. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: ,,9. იმ საწარმოს მიმართ, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ამავე საწარმოს დირექტორი, ამ კანონის 47-ე მუხლის მე6 პუნქტი და 55 მუხლის 21 და 31 პუნქტები გავრცელდეს 2016 წლის 15 მაისიდან.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 15 მაისიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტის მიღების მიზეზია სამეწარმეო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება მცირე აქციონერთა (აქციათა 5%-მდე მფლობელი აქციონერის ან აქციონერთა ჯგუფის) უფლებების უფრო მეტად დაცვითა და მათთვის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების მინიჭებით. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით საწარმოს მმართველობის, კონტროლის გაუმჯობესება და გამჭვირვალობის ზრდა. კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილებების რეალობაში იმპლემენტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყნის სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, ასევე ხელი შეეწყობა საწარმოებში დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ერთი მხრივ სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ხოლო მეორე მხრივ, მცირე აქციონერთა ინტერესების დაცვა, რაც გამოიხატება მათთვის საკანონმდებელო გარანტიებისა და უფლებების მინიჭებაში. აღნიშნულო თავის მხრივ უზრუნველყოფს სამეწარმეო ურთიერთობებში მმართველობის გაუმჯობესებასა და მეტი გამჭვირვალეობის მიღწევას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით: • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ასეთი ტიპის საწარმოებში დივიდენდი უნდა გაიცეს მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 9 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის დადგენა არის სიახლე. საწარმოებში პარტნიორთა/საერთო კრების ჩატარება დაკავშირებულია ძირითადად წლიური ბალანსის შედგენასთან. წლიური ბალანსი დგება კალენდარული წლის ბოლოს. ამასთან, მოგების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოებს უნდა წარედგინოს მომდევნო წლის 1 აპრილამდე. იმისათვის რომ არ მოხდეს დივიდენდის გაცემის გადავადება სხვა საანგარიშო პერიოდიოსათვის შემოთავაზებული მაქსიმალური 9 თვიანი ვადა განპირობებულია აღნიშნული მიზეზით. • ნათლად განიმარტა და საკანონმდებლო სახე მიეცა პრაქტიკაში დამკვიდრებულ წესს, რომლის მხიედვითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში წილის მფლობელს აქვს თავისი წილის საზოგადოების განახლებული კაპიტალის პროპორციულად გაზრდის უფლება კაპიტალში შესაბამისი შენატანის განხორციელების გზით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის, ისევე როგორც სხვა მსგავსი მნიშვნელობის მქონე შემთხვევებში, საჭიროა საერთო კრების გადაწყვეტილება. • განისაზღვრა, რომ აქციათა კლასით განსაზღვრული ხმის უფლების შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ კლასის აქციების მფლობელთა 75%-ზე მეტის თანხმობის შემთხვევაში, რომელთა უფლებრივ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას ამგვარი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ასეთი გადაწტყეტილების მიღების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს საერთო კრების მიერ. • საწარმოში აქციონერთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის მიზნით და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით განისაზღვრა, რომ საწარმოს მიერ ახალი აქციების გამოშვების შემთხვევაში აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად, გააჩნია მათი უპირატესი შესყიდვის უფლება, რომელიც შესაძლებელია გაუქმდეს აქციონერთა კრების მიერ. • ცვლილებით დგინდება, რომ ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე და რომელიც ფლობს სხვა საწარმოს აქციების 50%-ს ან მეტს, ასეთ საწარმოს არ აქვს ზემოთხსენებული ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების 5%-ზე მეტის შეძენის უფლება. • ცვლილებით განიზაზღვრა, რომ თუ სააქციო საზოგადოება არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრი მაინც უნდა იყოს პირი, რომელსაც არ გააჩნია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (არ არის ამავე საწარმოს დირექტორი) და არის დამოუკიდებელი. ამ მიზნისთვის, დამოუკიდებელი არის პირი, რომელიც არ ფლობს საზოგადოების აქციებს და არ იღებს ამ საზოგადოებიდან ანაზღაურებას, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა. ასევე განისაზღვრა, რომ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს ამავე საზოგადოების დირექტორი. • ცვლილებით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო მისი თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს ამავე საზოგადოების დირექტორი. • ცვლილებით ასევე განისაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა ადაფტაცია მოახდინონ კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღების აუცილებლობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება და ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გამართული 2015 წლის 20 აპრილის #829 განკარგულების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ინვესტორთა საბჭოს და მსოფლიო ბანკისა და საქართველოს საფონდო ბირჟის წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; არ არის ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპრექტით შედის ცვლილება მუხლი 8. მოგების განაწილება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. მუხლი 46. პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი 1. პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). 2. წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული. 3. შპს-ის პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული. 4. დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. 5. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პი31რის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სასამართლოს მიერ პარტნიორის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს პარტნიორს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზოგადოებისათვის საზიანო აღმოჩნდა. თუ პარტნიორი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პარტნიორს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, რომლებიც წარმოიშვა პარტნიორის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პარტნიორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს მას სასამართლო ხარჯების ანაზღაურება. მუხლი 47. საწარმოს მართვა 1. საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. 3. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. 4. მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით. 5. (ამოღებულია). მუხლი 52. აქციათა სახეები (კლასები). აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები 1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას. პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით. დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით. წესდებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული წესი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების უფლებათა სხვაგვარად განსაზღვრას. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფენ მათ მფლობელებს. დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება ბათილია. 11. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული აქციათა კლასებისა, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, საზოგადოებამ შესაძლოა გაითვალისწინოს სხვა კლასის აქციების არსებობაც. ნებისმიერი კლასის აქციების რაოდენობა, მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და მათი შეცვლის პირობები უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში (ხოლო საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – ემისიის პროსპექტშიც), ამ კლასის აქციების განთავსებამდე. აქციების განთავსების შემდეგ განთავსებულ აქციებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შეცვლა, ასევე წესდებით გათვალისწინებული ამ კლასის აქციების ცვლილებების წესის შეცვლა დაუშვებელია. 2. რომელიმე კლასის აქციის (გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდისა) გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს საზოგადოების თანხმობაზე. აქციათა გადაცემაზე საზოგადოების თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება საზოგადოების წესდებით, აქციების განთავსებამდე. 3. სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები. მუხლი 53. აქციონერთა უფლება-მოვალეობები 1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოვალეობის დაკისრება. 2. აქციონერების წილი მოგებაში განისაზღვრება აქციათა რაოდენობისა და კლასის შესაბამისად. შესატანები, რომლებიც სრულად არ არის შეტანილი, მონაწილეობენ მოგების განაწილებაში შენატანის სიდიდის პროპორციულად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 31. აქციონერს უფლება აქვს, საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნება წარდგენილი საერთო კრებამდე 10 დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განხილულ იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. 32. აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. 33. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი და შეიცავდეს დღის წესრიგის საკითხებს, რომელთა შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათთან. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები ვალდებული არიან, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა ჩაატარონ საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად) უფლებამოსილი არიან შეიტანონ დამატებები აქციონერთა მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგში. ნებისმიერი კლასის აქციების 5%ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის დაყენების უფლება აქვთ ბოლო კრების ჩატარებიდან არა უადრეს 1 თვისა. 34. თუ ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი (კრების ინიციატორები) მიმართავენ საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნით და ამ კრების ერთადერთი საკითხი არის დირექტორის (დირექტორების), მათ შორის, იმ დირექტორის, რომელიც არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გადაყენების მოთხოვნა, მაშინ კრება ტარდება ამ პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნიდან 20 დღის ვადაში არ იქნა მოწვეული რიგგარეშე კრება, მაშინ ამ კრების ჩატარების უფლება აქვთ კრების ინიციატორებს, რომლებმაც ამ მოთხოვნით მიმართეს საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს). ამ შემთხვევაში კრების ინიციატორები საზოგადოების ყველა აქციონერს დაზღვეული წერილით უგზავნიან რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ მოსაწვევს ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, დღის წესრიგის ერთადერთი საკითხის მითითებით. დაუშვებელია დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. ამ შემთხვევაში რიგგარეშე კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს შეუძლიათ ხელახლა მოიწვიონ კრება არა უადრეს პირველი კრების მოწვევიდან 20 დღისა. კრების ინიციატორები ხელახალ რიგგარეშე კრებას მოიწვევენ ამ პუნქტით დადგენილი წესით. ეს კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით, რომელიც საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) ავალებს რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვეში ჩატარებას. 35. ხმების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ასლები ან/და ინფორმაცია დასადები გარიგებების შესახებ. 4. აქციონერებს შეუძლიათ თავიანთი ხმის უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი გადაწყვეტილება ეხება მათთან გარიგების დადებას ან მათი ანგარიშის დამტკიცებას. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ აქციონერებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ სააქციო საზოგადოების საერთო კრების კენჭისყრის შედეგზე. 5. თუ სააქციო საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, აქციონერს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება აქციონერის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სასამართლოს მიერ აქციონერის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს აქციონერს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზიანო აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. თუ აქციონერი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აქციონერს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც წარმოიშვა აქციონერის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აქციონერის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს აქციონერს სასამართლო ხარჯების გადახდა. მუხლი 55. სამეთვალყურეო საბჭო 1. თუ სააქციო საზოგადოება არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ან სააქციო საზოგადოება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ არის ლიცენზირებული, ან სააქციო საზოგადოების აქციონერთა რაოდენობა 100-ს აღემატება, სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისაგან. ყველა სხვა შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულო არ არის. 11. სამეთვალყურეო საბჭოს არარსებობის შემთხვევაში კანონით დადგენილი მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები წესდებით გადანაწილდება საწარმოს მართვის სხვა ორგანოებზე. 12. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს საერთო კრება ირჩევს 1 წლის ვადით, თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით ან წესდებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უგრძელდება ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს. ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან 6 თვის განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი. წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები) იყოს ამ სააქციო საზოგადოების დირექტორი (დირექტორები). კომერციულ ბანკებში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის წესები განისაზღვრება „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სამეთვალყურეო საბჭოში დირექტორები არ შეიძლება წარმოადგენდნენ უმრავლესობას. 3. სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. თუ კანდიდატები ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებენ, მათ შორის უხუცესი დაინიშნება თავმჯდომარედ. 4. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მისი მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. 5. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა 8 დღით ადრე, სავარაუდო დღის წესრიგით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი – ერთი სხვა წევრით. 6. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას – მის მოადგილეს) შეუძლია არა უგვიანეს 8 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 25%-ისა. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება და თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მისი მოადგილე) იწვევს საერთო კრებას. 7. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია: ა) სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს თითოეული დირექტორის საქმიანობას; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში; მოითხოვოს გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს საზოგადოების ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო და ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა; მას შეუძლია ეს დაავალოს ცალკეულ წევრებს ან განსაზღვრულ ექსპერტებს; დ) სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საერთო კრებას, თუ ამას საზოგადოების აუცილებლობა მოითხოვს; ე) სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებას და ამის თაობაზე მოახსენებს საერთო კრებას; ცნობაში სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიუთითოს, თუ როგორ და რა მოცულობით შეამოწმა მან საზოგადოების ხელმძღვანელობა გასული სამეურნეო წლის განმავლობაში, წლიური ანგარიშისა და საქმიანობის ანგარიშის რომელი ნაწილი შეამოწმა და გამოიწვია თუ არა ამ შემოწმებებმა საბოლოო შედეგების არსებითი ცვლილებები; ვ) ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს, ასევე მათთან დებს და წყვეტს ხელშეკრულებებს; ვ1) იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეუთანხმოს საზოგადოების ხმების 50%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს. სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. 71. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არ შეუძლია შეიტანოს სარჩელი ამ საზოგადოების დირექტორების წინააღმდეგ, თუ იგი თავად არის დირექტორი. ასეთი სარჩელის შეტანა შეუძლია სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრს, რომელიც არ არის ამ საზოგადოების დირექტორი. 72. დირექტორების ფუნქციები შეიძლება გადაეცეს სამეთვალყურეო საბჭოს, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 8. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი საქმიანობა: ა) საწარმოს 50%-ზე მეტი წილის შეძენა და გასხვისება; ბ) ფილიალების დაარსება და ლიკვიდაცია; გ) წლიური ბიუჯეტისა და გრძელვადიანი ვალდებულებების მიღება; დ) ვალდებულებათა აღება და უზრუნველყოფა, რომლებიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას; დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების ვალდებულებათა უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია საერთო კრების მიერ; ე) დირექტორთა უფლებამოსილების ფარგლების დადგენა; ვ) ახალი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის საქმიანობის შეწყვეტა; ზ) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა; თ) სავაჭრო წარმომადგენლების (პროკურისტების) დანიშვნა და გამოწვევა; ი) საზოგადოების აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; კ) ხელმძღვანელი პირებისათვის მოგებასა და მსგავს ურთიერთობებში მონაწილეობის განსაზღვრა, მათი საპენსიო უზრუნველყოფის პრინციპების დადგენა და საერთო კრებისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ლ) საზოგადოების ქონების შეძენის ან გასხვისების (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა ღირებულება აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას; მ) იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კანონით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და დირექტორის კომპეტენციას. 9. სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობისათვის გამოიყენება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი და 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს მიერ თანხმობის გაუცემლობის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების წლიურ ანგარიშში, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 69. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 1. 2008 წლის 15 აპრილამდე მოქმედი საწარმოები აგრძელებენ საქმიანობას და მათი ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით არ მოითხოვება. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ფორმები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ელექტრონული ფორმით. 3. იმ საწარმოებზე, რომელთა მიმართაც 2008 წლის 15 აპრილისათვის დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, არ ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესები. 4. საწარმოთა იმ წილების მიმართ, რომლებზედაც 2008 წლის 10 მაისამდე არსებული წესით იქნა დარეგისტრირებული გირავნობა სამეწარმეო რეესტრში, გირავნობა გავრცელდება 2008 წლის 10 მაისამდე არსებული წესით მანამ, სანამ არ მოხდება გირავნობის გაუქმება ან მოგირავნესთან შეთანხმებული წესით გირავნობის ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად. 5. საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს რედომიცილებისათვის საჭირო წესები და პროცედურები. 6. საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ შეიძლება გამოყენებული იყოს საზოგადოების დაფუძნებისას მისი კაპიტალის (შენატანების ჯამი), საზოგადოების საკუთარი კაპიტალის, საზოგადოების აქციების ნომინალური ღირებულების აქციების რაოდენობაზე ნამრავლის, საწარმოს პარტნიორთა ხმების სრული რაოდენობის მნიშვნელობით. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელთა საფუძველზედაც ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ ჩანაცვლდება სათანადო ტერმინით. 7. ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღრიცხული არიან, როგორც გადასახადის გადამხდელები, და რომელთა მიერ საგადასახადო აღრიცხვის დროისათვის შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი იყო მეწარმე იურიდიული პირის, ასევე უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაცია, ჩაითვალონ ასეთად რეგისტრირებულად საგადასახადო აღრიცხვის მომენტიდან. 8. იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან / და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია ამ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში.